თბილისის ვიცე-მერი შოთა ხიზანიშვილი დაკავებულია და ე.წ მოდულის შენობაში, წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ხიზანიშვილის ადვოკატმა მამუკა ჭაბაშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, შოთა ხიზანიშვილს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით ედავებიან, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს. ხიზანიშვილს ბრალს დაკავებიდან 48 საათში წაუყენებენ.
მამუკა ჭაბაშვილი ასევე იცავს დაკითხვაზე მყოფ ზურაბ კოტარიას ინტერესებს, რომელიც სახელმწიფო დაცვის სამსახურის მაღალჩინოსანია. პროკურატურასთან შეკრებილთა შორის ვრცელდება ინფორმაცია დაკითხვაზე მყოფი 4 პირიდან კიდევ ერთის დაკავების შესახებ, თუმცა, მისი ვინაობა ამ დრომდე არ კონკრეტდება. მამუკა ჭაბაშვილი კი ისევ რჩება მთავარ პროკურატურაში, სადაც ზურაბ კოტარიას დაკითხვა გრძელდება.