უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში მყოფი 29 წლის ნათია სანთელაძის ოჯახი ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა მინისტრს დავით სერგეენკოს დახმარების თხოვნით მიმართავს. როგორც ნათია სანთელაძის დედამ პორტალ "კვირას პრესკლუბში განაცხადა, ნათია უკვე 5 თვეა სეფსისის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში უმძიმესი დიაგნოზით იმყოფება.
"ნათიას უკვე 15 წელია შაქრიანი დიაბეტი აქვს. მოგვიანებით მას კისრის არეში ფურუნკული გაუჩნდა, რაზეც ოპერაცია ჩაუტარდა. ამ დროს აღმოჩნდა, რომ ფურუნკულიდან ჩირქი ხერხემლის ჩაყოლებაზე ჩაიღვენთა. ეს ინფექცია მოგრძო ტვინამდე ავიდა, რის გამოც ოთხივე კიდური უმოძრაო აქვს. იმისათვის, რომ ისუნთქოს, მას სასუნთქი აპარატის დახმარება სჭირდება",- განაცხადა თამარ სანთელაძემ.
გოგონას სახელმწიფოს მხრიდან საყოველთაო დაზღვევის ფარგლებში 15 000 ლარი გადაერიცხა, თუმცა, ნათია სანთელაძის მძიმე და სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობიდან გამომდინარე, თანხა საკმარისი არ აღმოჩნდა, რის შემდეგაც ნათია სანთელაძის ოჯახმა სამინისტროს რეფერალური დახმარება სთხოვა. დახმარების თხოვნით ოჯახმა, ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად, პრეზიდენტის ადმინისტრაციასაც მიმართა, თუმცა ნათიამ მკურნალობის გასაგრძელებლად დახმარება ვერ მიიღო.
"დეკემბერში საყოველთაო დაზღვევის 15 000 ლარი ჩაირიცხა, ამ თანხის გახარჯვის შემდეგ კი მხოლოდ და მხოლოდ კეთილი ადამიანების შემწეობის იმედად ვართ. მაგრამ თანხა იმდენად დიდია, რომ დავალიანება უკვე 60 000-ს გასცდა. ჩვენ შევიტანეთ რეფერალურში განაცხადი, რეფერალური მომსახურების სახელმწიფო პროგრამაში ჩასართავად და დამატებითი თანხის მისაღებად, რომ მკურნალობა არ შეჩერდეს, თუმცა ყოველგვარი დასაბუთების გარეშე უარი გვეთქვა. დახმარება ვთხოვეთ პრეზიდენტის ადმინისტრაციას, რომელთაც ჩვენი განაცხადი ისევ ჯანდაცვის სამინისტროს გაუგზავნეს და ისევ უარი მოვიდა. მივმართავ ბატონ დავით სერგეენკოს, ძალიან გთხოვთ, დამეხმარეთ შვილის გადარჩენაში. ბატონო დავით, დამაკვალიანეთ რა გავაკეთო, რომ ჩემს შვილს მკურნალობა ჩაუტარდეს და მისი სიცოცხლე გადარჩეს. მივმართავ იმ რეფერალური კომისიის წევრებს, რომლებმაც ჩემი შვილის საქმე განიხილეს, მობრძანდით და ნახეთ, რა მდგომარეობაშია ჩემი შვილი. ნათია უკვე 5 თვეა წევს უმოძრაოდ, 29 წლის გოგოზეა საუბარი. ნუთუ სახელმწიფო ასე ბედის და ღმერთის ანაბარა ტოვებს ამ ქვეყანაში ახალგაზრდებს?",- განაცხადა თამარ სანთელაძემ.
წყარო: მედიანიუსი