სად და რა ვითარებაში იყვნენ ცნობილი ქართველები, როდესაც 9 აპრილს რუსთაველზე საშინელება ტრიალებდ
1989 წლის 9 აპრილიდან უკვე 26 წელი გავიდა. ამის მიუხედავად, ქართველები ყოველთვის დიდი გულისტკივილით ვიხსენებთ ამ საშინელ თარიღსა და დაღუპულ თანამემამულეებს. გთავაზობთ, 9 აპრილთან დაკავშირებულ ფეისბუქ-გამოხმაურებებს:
ნიკა რურუა – 9 აპრილი იყო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანელი დღე, რომელმაც საბჭოთა იმპერიის მორალურ გაკოტრებას ძლიერ დაეხმარა, დააჩქარა ბოროტების იმპერიის დაშლა და განაპირობა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა.
ბედნიერი ვარ, რომ იმ საბედისწერო ღამეს იქ ვიყავი ჩემს ხალხთან ერთად. ბევრი მათგანი დღეს აღარ გვყავს გვერდში, რომ თავისუფლებისთვის მაშინ, და კიდევ უფრო ადრე, დაწყებული ბრძოლა ბოლომდე ერთად მივიყვანოთ.
დღეისათვის საქართველო საკუთარი თავისუფლებისთვის ბრძოლის გადამწყვეტ ფაზაშია და ის ადამიანები, ვინც 9 აპრილს სამშობლოს თავი შესწირა, ჩვენ ამ ბრძოლაში დაღლის ან, მით უმეტეს, დანებების უფლებას არ გვაძლევენ – ამ ბრძოლის ბოლომდე მიყვანა ჩვენი ვალია, მათ შორის, მათთანაც.
თამარა ჩერგოლეიშვილი – 26 წლის წინ, ეს დრო გუშინდელივით მახსოვს. დედაჩემის ხმამ გამაღვიძა, რუსებმა ჯარი შემოიყვანეს და ხალხი დახოცესო, ტელეფონზე ლაპარაკობდა. 14 წლის ვხდებოდი. ეს იყო პირველი პოლიტიკური მიწისძვრა, რომელიც მე ვიგრძენი, ამის შემდეგ რყევები არ გაჩერებულა.
გიორგი მარგველაშვილი – 1989 წელს აქ დაღვრილი პატრიოტების უმანკო სისხლი, ორი წლის შემდეგ საქართველოს დამოუკიდებლობის აქტში გამოიხატა. ბუნებრივია, ჩვენ ყველა წელს პატივს მივაგებთ იმ ადამიანებს, ვინც აქ იცავდა ჩვენს მომავალ სახელმწიფოებრიობას. ბუნებრივია, მადლობას ვუხდით მათ იმ ღვაწლისთვის, რამაც საქართველოს დამოუკიდებლობა მოუტანა. საქართველოს პირველმა პრეზიდეტმა მაშინ ეს აქტი სწორედაც ამ ტრაგიკულ მოვლენებს დაუკავშირა, რითაც ხაზი გაუსვა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის ძალიან რთულ და მნიშვნელოვან გზას.
ია ფარულავა – მახსოვს 1989 წლის 9 აპრილის მოვლენებს დაემთხვა ჩემი მუშაობა "ლენფილმის" კინოსტუდიაში ფილმზე "ფილიპ ტრაუმ", რომელიც ცნობილმა რუსმა რეჟისორმა იგორ მასლენიკოვმა გადაიღო, ფილმში ერთ-ერთი მთავარ როლს ვასრულებდი მახსოვს, ახალი მომხდარი იყო ეს ამბები, საქართველოში
მინდოდა ჩამოსვლა. მე კი ჩეხეთში ვიყავი და ერთ-ერთი სცენის გადასაღებად მივდიოდი. სცენარის მიხედვით სასამართლოში უნდა მეჩხუბა. იმდენად გამწარებული ვიყავი, რომ როლი ძალიან კარგად ვითამაშე. 9 აპრილის ამბები რეჟისორმაც ძალიან განიცადა. ჩემთან მოვიდა და რუსი ხალხის სახელითაც ბოდიში მომიხადა. ჩვენ გვაპატიე, რაც მოხდა, არ უნდა მომხდარიყოო. ძალიან კარგი კაცია. მისი ნახვა 1997 წელსაც ვცადე, როცა მოსკოვის კინოფესტივალზე რობერტ დე ნიროსთან ერთად ვიყავი ჩასული, მაგრამ ვერ დავუკავშირდი.
რამაზ გიგაური – ღმერთმა, აცხონოს ყველა ის ადამიანი, ვინც 1989 წლის 9 აპრილის მოვლენებს შეეწირა. როგორც მახსოვს მსხვერპლი არა მხოლოდ 9 აპრილს, არამედ შემდგომ დღეებშიც იყო.
მიმაჩნია, რომ ბუნებაში უკვალოდ არაფერი ქრება, არაფერი იკარგება და ის მსხვერპლი და ის ადამიანებიც, რომლებიც შემდგომ საქართველოს თავისუფლების იდეას შეეწირნენ არის ერთგვარი საზღაური, რომლითაც საქართველო არა მხოლოდ თავისუფლების მოპოვებისთვის იხდიდა და იხდის, არამედ ეს არის ერის გაწმენდა-კათარიზისი, რომელიც ადამიანს თუ ერს ემზადებს ჭეშმარიტი თავისუფლებისთვის, იმ გაგებისთვის და ცნობიერებისთვის, რომელიც შეიძლება თავისუფალ, დამოუკიდებელ ადამიანს თუ ერს უნდა ჰქონდეს!
წყარო: ამბები.გე