ჩემი პირველი და ყველაზე დიდი მტერი იყო მამუკა ხაზარაძე, - აღნიშნულის შესახებ ორი პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებულმა შალვა აბულაძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა.
როგორც ბრალდებულმა თქვა, სწორედ მამუკა ხაზარაძის გამოა ამ მდგომარეობაში.
ამასთან, როგორც შალვა აბულაძე აცხადებს, ის ეთანხმება შუამდგომლობას მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების თაობაზე, ვინაიდან, გარეთ ყოფნის შემთხვევაში მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.
,,ჩემი მეგობრის 19 წლის ორსული საცოლე აწამეს, ჩემს სასტუმროში `ლიმონკები~ შეყარეს. ფაქტები პროკურატურაშია. ვისაც გამარჯობა ვუთხარი, ყველას რაღაც დაუშავეს და ვინმეს სჯერა, რომ თავისუფლების შემთხვევაში საფრთხე არ მემუქრება? ყველამ ყველაფერი იცის. პატარა ბავშვები ხომ არ ვართ" , - განაცხადა შალვა აბულაძემ.
მოსამართლემ მოუწოდა პროკურორს, რომ ბრალდებულის მიერ გაკეთებული განცხადებებით დაინტერესდეს.
ამასთან, შალვა აბულაძემ თქვა, რომ მისი უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით, განცხადებას მოგვიანებით გააკეთებს, რადგან ამ ეტაპზე თავს კარგად არ გრძნობს.
"ახლა რომ ვისაუბრო ჩემი საქმის ირგვლივ, შეიძლება შეცდომები დავუშვა," - განაცხადა ბრალდებულმა.
მოსამართლის კითხვაზე, იყენებს თუ არა დუმილის უფლებას, აბულაძემ უპასუხა, რომ იძულებულია, რადგან შეუძლოდ არის.