ძლიერი აფეთქება მოხდა დღეს დილით გლდანში, მეორე მიკრორაიონის 25-ე კორპუსში. აფეთქებამ, რომელიც კორპუსის მე-8 სართულზე მოხდა, რამდენიმე საცხოვრებელი ბინა სერიოზულად დააზიანა. აფეთქების შედეგად მამაკაცი დაშავდა, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა .
დაიღუპა მერვე სართულზე მცხოვრები 65 წლის ზოია კალანდარიშვილი, რომელიც აფეთქებით გამოწვეული ნგრევის შედეგად "სინკარებს" შორის მოყვა.
"აფეთქების შესახებ საგანგებოს სიტუაციების მართვის სააგენტოში შეტყობინება 7:30 საათზე შემოვიდა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო აღნიშული სამსახურის სახანძრო-სამაშველო დანაყოფები. ადგილზე მისვლის მომენტში დაფიქსირდა, რომ აფეთქდა შენობის მე-8 და მე-9 სართლები. მეცხრე სართულიდან დაშავებული პირი უვნებლად იქნა გამოყვანილი და მოხდა მისი სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა. ასევე მერვე სართულის აივნიდან გადმოვიყვანეთ კიდევ ორი ადამიანი. რაც შეეხება მეოთხე პირს, სამწუხაროდ აფეთქება დასრულდა მსხვერპლით და გარდაცვლილია მერვე სართულზე მცხოვრები 65 წლის ქალი. სამაშველო სამუშაოები 2 საათი მიმდინარეობდა და ამ ეტაპისთვის დასრულებულია" – განაცხადა საგანგებო სიტუაცისბის მათვის სააგენტოს თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე დავით გელაშვილმა.