ივერიონი / პანკისის ხეობიდან ბოლოს წასული 2 მოზარდი ოჯახებს დაუკავშირდა-ადგილობრივები ხელისუფლებას გააქტიურებას სთხოვენ

პანკისის ხეობიდან ბოლოს წასული 2 მოზარდი ოჯახებს დაუკავშირდა-ადგილობრივები ხელისუფლებას გააქტიურებას სთხოვენ

სურათზე, რომელიც კახეთის საინფორმაციო ცენტრმა გაავრცელა პანკისის ხეობის სოფელ დუმასტურის მკვიდრი ის ორი ახალგაზრდაა გადაღებული, რომლებიც სირიაში 2 აპრილს წავიდნენ.

 

ფოტოზე ჩანს, რომ 16 წლის მუსლიმ კუშტანაშვილს და 18 წლის რამზან ბაღაკაშვილს ე.წ. "ისლამური სახელმწიფოს" დროშის ფონზე იარაღი უჭირავთ. პანკისის ხეობაში უკვე იციან, რომ ისინი ტერორისტული დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერის თარხან ბათირაშვილის დაჯგუფებაში იმყოფებიან. გაქცეული სკოლის მოსწავლეების ოჯახის წევრები ყვებიან რომ ბიჭები მათ რამდენიმე დღის წინ ტელეფონით დაუკავშირდნენ.

 

პანკისის ხეობაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენებით შეშფოთებულები არიან ადგილობრივი მაცხოვრებლები და სასულიერო პირები. გასულ კვირას ხეობაში რამდენიმე საპროტესტო აქციაც გაიმართა.

 

ხელისუფლებას უმოქმედობაში ადგილობრივები განსაკუთრებით მას შემდეგ ადანაშაულებენ რაც საქართველო-თურქეთის საზღვარი არასრულწლოვანმა მუსლიმ კუშტანაშვილმა სავარაუდოდ მამის პასპორტით ისე გადაკვეთა რომ მესაზღვრეს კითხვები არ გაჩენია. მესაზღვრის მიერ დაშვებული შეცდომა აღიარა შინაგან საქმეთა მინისტრმაც. ვახტანგ გომელაურის განცხადებით სკოლის მოსწავლე საზღვარზე გაეპარათ.

 

მდგომარეობის ადგილზე დარეგულირებას ცდილობენ უხუცესები და მუსლიმი სასულიერო პირები. პირად საუბრებში ისინი არ გამორიცხავენ, რომ ახალგაზრდებს სირიაში წასვლაში ვაჰაბტები ეხმარებიან, თუმცა კამერის წინ ამ თემაზე საუბარს ყველა ერიდება. თავის მხრივ მომხდართან კავშირს უარყოფენ ადგილობრივი ვაჰაბიტები.

 

უცნობია ზუსტი ციფრი საქართველოს რამდენმა მოქალაქემ დატოვა ქვეყანა ე.წ. ისლამური სახლმწიფოს რიგებში საბრძოლველად. ინფორმაცია და ისიც არაზუსტი წასულების შესახებ მხოლოდ მათი გარდაცვალების შემდეგ ვრცელდება. ამ ინფორმაციის მიხედვით 2014 წლის შემდეგ, პანკისის ხეობიდან წასული 10-ზე მეტი ახალგაზრდა სირიაში დაიღუპა.

წყარო: „რუსთავი2“

13-04-2015, 22:19
უკან დაბრუნება