14 აპრილს საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინსიტრი ირაკლი ღარიბაშვილი განცხადებას ავრცელებს:
"ამ დღეს, 1978 წლის 14 აპრილს, ქართველმა ხალხმა საბჭოთა რეჟიმის პირობებში გმირობის ტოლფასი ნაბიჯი გადადგა - როდესაც ქართული ენის სახელმწიფო სტატუსს საფრთხე დაემუქრა, უყოყმანოდ დაუპირისპირდა საბჭოთა რეპრესიულ მანქანას და ათასობით ადამიანი ქუჩაში გამოვიდა. ქართველი ხალხის ერთსულოვნებამ და უკომპრომისო პროტესტმა საბჭოთა რეჟიმი აიძულა, დათმობაზე წასულიყო.
ეს დღე იყო დასტური იმისა, რამდენად ძლიერი იყო ჩვენს ერში პატრიოტული სულისკვეთება, ეროვნული თვითშეგნება. ამ დღეს ნათლად გამოჩნდა, რომ ქართველი ხალხი არასოდეს დათმობდა თავის უმთავრეს ღირებულებებს.
ქართველმა ხალხმა დედაენას ძეგლი დაუდგა. დღეს, როდესაც ქართული ენის სახელმწიფო სტატუსს საფრთხე აღარ ემუქრება, ჩვენი ვალია, გავუფრთხილდეთ მას, დავიცვათ ენის სიწმინდე და ასე შევუნარჩუნოთ მომავალ თაობებს", - წერია მთავრობის მეთაურის განცხადებაში.