პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი ნეპოტიზმის კრიმინალიზაციაზე საუბრობს და აცხადებს, რომ აღნიშნული ცვლილება პრობლემას ვერ აღმოფხვრის, აღნიშნულზე სესიაშვილმა "რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
"ნეპოტიზმი ზოგადად პრობლემაა, მაგრამ ეს პრობლემა, ჩემი აზრით, არ არის ხელოვნურად შექმნილი და მას უფრო ბუნებრივი ხასიათი აქვს. ასეთი პრობლემა არის მთელ რიგ დემოკრატიულ ქვეყნებში. განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, სადაც მოსახლეობის რაოდენობა მცირეა.
ასეთ მიდგომებს ალბათ, ვერასდროს გავექცევით, რა ცვლილებებიც არ უნდა შევიტანოთ კანონში. მიმაჩნია, რომ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ამ საკითხის მიმართ ძალიან მკაცრია, მითუმეტეს ქვეყანაში, სადაც სოციალური არეალი ძალიან ფართოა.
არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ ის ხელისუფლება და პარლამენტი ვართ, რომელმაც დაამტკიცა კანონით და სავალდებულო გახადა ყველასთვის კონკურსის წესით დანიშვნა. ასე რომ, თუ ჩვენ რეალურად ვიქნებით კანონის დამცველები, ეს რისკები ისედაც შემცირებულია", - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.