ყველაზე რთულად სათამაშო როლი გულისხმიერი ადამიანის როლია. შესაძლოა, ერთხელ გაგიმართლოს და ისე ითამაშო, აპლოდისმენტებიც დაიმსახურო, მაგრამ კულისებში უნებურად იშიფრები, იქ სხვა სინათლეა, სხვა სიმართლე და შუქ–ჩრდილები. სიყალბეზე „ბისი“, ცოტა არ იყოს, ოცნების სფეროა.
შემთხვევით არ ავიკვიატე სცენა, განათება, აპლოდისმენტები და როლები. ამ ყველაფრისგან არც ისე შორს ვართ. ჩემი დღვანდელი რესპონდენტი კი პროფესიით დრამის რეჟისორია, თუმცა ყველა კავკასიოლოგ-კონფლიქტოლოგად იცნობს. რამდენიმე თვის წინ მას კიდევ ერთი სტატუსი შეემატა – გარდაბნელების გულშემატკივარი და პატრონი. მერე რა, რომ ყველას გასაოცრად, ამ რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი სხვა გახდა?! მამუკა არეშიძეს, ამ შედეგის გამო, არც პასუხისმგებლობა მოუხსნია ამ ხალხის მიმართ და არც გარდაბნელებს გაქარწყლებიათ მისი იმედი. ცხოვრება გრძელდება სხვა რეალობაში, სხვა მოცემულობებით და ღირებულებებით.
– ბატონო მამუკა! გარდაბნის რაიონის მოსახლეობის დიდ უმრავლესობას უფრო დიდი სურვილი ჰქონდა, არეშიძე სხვა სივრცეში ენახათ – მათთან ახლოს და მათი ინტერესების დამცველად უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში, თუმცა სხვა შედეგი მივიღეთ. ამის მიზეზი იმდენად მარტივია, სალაპარაკოდაც არ ღირს. მე უფრო თქვენი დღევანდელი პოზიცია მაინტერესებს. დერეფანში ისევ უამრავი ხალხია. რა ხდება? არაფორმალი დეპუტატის მოვალეობები შეითავსეთ?
– ყოველგვარი სტატუსის გარეშე ვაგრძელებ ამ რაიონში აქტიურ მუშაობას, რადგან ვხედავ, რომ მიტოვებულია. ჩემი კონკურენტი არჩევნებში ახლა აქტიურად ცდილობს „ნაციონალური მოძრაობის“ რიგებიდან გამოსხლტომას და რომელიმე ფრაქციაში გაერთიანებას. ნაციონალურ მოძრაობას გარდაბანში არაფერი აინტერესებს პოლიტიკური გავლენის შენარჩუნების გარდა. ყველაფერს ვაკეთებ იქ, ჩემი შესაძლებლობების ფარგლებში, რომ მოსახლეობას რაღაცით შევუმსუბუქო მდგომარეობა, მაგრამ ეფექტური შედეგისთვის მჭირდება მუშაობის უფრო ფართო ფრონტით გაშლა მაკონტროლებელი ორგანოების დახმარებით. რამდენიმე დღის წინ მქონდა საუბარი, როგორი უნდა იყოს ამ რაიონში ძალოვანი უწყებების სტრუქტურა, მაგრამ ეს მხოლოდ ფრაგმენტია და მადლობელი ვარ შსს–ს ხელმძღვანელობის, რომ მიიღეს შესაბამისი გადაწყვეტილება.
– გარდაბნელებმა ოქტომბერში სერიოზული იმედგაცრუება იწვნიეს. რამდენად შესაძლებელია იმედგაცრუების გაჩენა ზოგადად საზოგადოებაში?
– იმედგაცრუებას მოევლება საქმით. მთავარია, შიდა დაპირისპირება არ მოხდეს, რისი ნიშნებიც არის. უმცირესობის რევანშისტული გეგმის რეალიზაციის პროცესში არ მინდა ჩამოყალიბდეს ხელჩაქნეული ადამიანების ჯგუფი. ჯერ–ჯერობით ხალხი შემართულია და, ვიცი, რომ გარდაბნის რაიონში, ნებისმიერი სახის რევანშისტულ გამოვლინებას, სერიოზული წინააღმდეგობა შეხვდება. გარდაბნის რაიონში მმართველ აპარატში ისევ ის ხალხია, რომელიც ხმალამოღებული ებრძოდა „ქართულ ოცნებას.“ ვინც საარჩევნო კამპანიას წარმართავდა შეძახილებით – „ბიძინას რა?“ და ა.შ. და ეს არაა ხალხი, რომელიც მხოლოდ რაღაცას ყვიროდა. ეს ის ხალხია, რომელმაც ტოტალურად გააყალბა არჩევნები. ყველა ეს ადამიანი ისევ ადგილზეა. ხოლო ის ადამიანები, რომლებიც, უკეთესი მომავლისთვის იდგა ჩვენს გვერდით, დადიოდა თოვლში და წვიმაში, ახლაც ქუჩაშია დარჩენილი, ან, უკეთეს შემთხვევაში, ისევ მათი ხელქვეითები არიან. როგორია, ყოველ დღე მიხვიდე სამსახურში და შეეგუო ისევ ძველი სისტემის წარმომადგენელს, რომელიც ისევ თავზე გაზის და იქცევა ისე, როგორც იქცეოდა მანამდე, ზოგჯერ უარესადაც.
– ამაზე ბევრი საუბრობს, მაგრამ გამოსავალი რა არის?
– ჩვენ ვთქვით თავიდან, რომ ყველაფერს დრო სჭირდება. რა საკვირველია, სჭირდება, მაგრამ, ადამიანები უნდა ხედავდნენ პროცესის დასაწყისს, ესაა მთავარი.
– როგორ უნდა დაინახოს „ოცნების“ ამომრჩეველმა პროცესის დასაწყისი?
– ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა აღებული ადამიანების მიმართ იმაზე, რომ, რეჟიმის შეცვლის შედეგად მიღებული თავისუფლების რეალიზაცია მოხდება ძალიან სწრაფად. გვქონდა დაპირება იმაზე, რომ მალე შეიცვლება ტარიფები, სოციალური ფონი უახლოეს მომავალში შემსუბუქდება. მიუხედავად იმისა, რომ მხარს ვუჭერ პოლიტიკას, რომელსაც ატარებს „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობა და ესაა ღრმა ცვლილებების ეტაპობრივი განხორციელების პოლიტიკა, არსებობს ფორს–მაჟორული სიტუაცია, როდესაც რამდენიმე ურთულესი პარალელური პროცესი მიმდინარეობს და მათ სწრაფი გადაწყვეტილებები ესაჭიროება. მათ შორისაა რევანშისტული განცხადებების საფუძველშივე გაქარწყლება.
– ორხელისუფლებიანობის მცდელობებს გულისხმობთ? საკონსტიტუციო ცვლილებების მომხრე ხართ შემდგომი არჩევნების ვადების ცვლილებებთან დაკავშირებით?
– ვემხრობი რა თქმა უნდა. „ქართულ ოცნებას“ შეუძლია გადადგას ნაბიჯები, რომლებიც არაეფექტური იქნება იმ თვალსაზრისით, რომ შესაძლოა, ვიღაცას არ მოეწონოს, შესაძლოა, დასავლეთის უარყოფითი შეფასება მოჰყვეს, მაგრამ ვთვლი, რომ, ძირითადი გეგმიდან გამომდინარე, ეს ნაბიჯები უნდა გადაიდგას. გარდა ამისა, ჩვენ უნდა შევქმნათ სისტემა, რომელიც არჩევნებს ჩაატარებს რაც შეიძლება მალე და რაც შეიძლება ობიექტურად.სიტუაცია დღეს ისეთია, აქტიური და მყისიერი მოქმედებები გვმართებს.
– თქვენი აზრით, რევანშისთვის მზადება სერიოზულად მიმდინარეობს?
– ამ საკითხს ვერ გამოვრიცხავ, ვერც რეგიონებში და ვერც დედაქალაქში. ამიტომ, ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხელისუფლების გააზრებული მოქმედება.
– ხელისუფლების მოქმედებებზე საზოგადოება არაერთგვაროვნად რეაგირებს, მეტიც, მათ შეფასებებში თითქოს უკმაყოფილების ტონიც იგრძნობა. ყველაზე მეტად სამართლიანობის პრინციპზე და დამნაშავეთა საკადრისად დასჯაზე საუბრობენ.
– ხალხის განწყობა, შესაძლოა, სამართლიანიც იყოს, მაგრამ, ხშირად რეალობიდან უნდა გამოვიდეთ.
– კარგით, გამოვიდეთ რეალობიდან – ბაჩო ახალაიას გამოჩენის დღეს, აჭარიდან რომ გამოგვეცხადა, როგორც გმირი და ყველაზე მართალი ადამიანის პრეტენზიული ტონით, ნაციონალური მოძრაობის თავყრილობა მათ ოფისში, თქვენი აზრით მორიგი პიარ–აქცია იყო თუ ამ პოლიტიკურ სუბიექტს მართლა აქვს რევანშის იმედი თვენახევრის წინ წაგებული არჩევნების ფონზე?
– ჩემი აზრით, ეს კონსოლიდაციის დემონსტრირება იყო, თან, „გმირიც“ ყავდათ.
– მაგრამ მათი „გმირი“ ახლა ციხეშია და უახლოეს პერსპექტივაში დიდი სასამართლო პროცესიც ელის.
- ახალაიას დიდი გავლენები აქვს ციხეში. მისი ბევრი თანამშრომელი დღესაც იქ მუშაობს. მათ ჩამოაყალიბეს ქართულ ციხეებში ე.წ. „ნასედკების“ ძლიერი ინსტიტუტი. ახალაიას გუნდს აქვს კარგი კოზირი ხელში – ერთ მშვენიერ დღეს, შესაძლოა, გამოაქვეყნონ იმ „ნასედკების“ სიები და, წარმოიდგინეთ, რა მოყვება ამას...
– ასე, რომ წინა ხელისუფლებას და აწ უკვე ოპოზიციას, დისონანსისთვის გარკვეული სადავ ეები გააჩნია...
– რა თქმა უნდა. გარკვეული შცდომებიც ხელს უწყობს ამ პროცესებს. ძალიან დიდი სიფრთხილე და ყურადღება მართებს დღევანდელი ხელისუფლებას, რომ პროცესები არ გაღრმავდეს. ყოფილი ხელისუფლება, თავისი აზრით, წაუგებელ თამაშს თამაშობს. არადა თამაში წაგებულია!.. თუმცა, თამაშს წაგებისთვის წერტილი უნდა დაესვას.
– ალბათ ამიტომ ხდება იმ განწყობების გაჩენა საზოგადოებაში, რაც სახეზეა.
– საზოგადოება ხშირად არაა ჩახედული საქმის დეტალებში. აქედან გამომდინარე, შესაძლოა, არც ის იყოს ბოლომდე მართალი.
– არის ელექტორატი, რომელიც ნაციონალური მოძრაობის ნებისმიერ ქმედებას ოპტიმიზმის საფუძვლად აღიქვამს. ეს განსაკუთრებით რეგიონებში შეიმჩნევა.
– რეგიონები მართლაც სერიოზული მისახედია, რადგან იქ ხალხი ფაქტიურად ვერ გრძნობს ხელისუფლების ცვლილებებს, განსაკუთრებით იქ, სადაც ჯერ კიდევ ადგილზე არიან ნაცმოს წევრები.
რაც შეეხება რევანშის იმედს, ესეც არსებობს, მაგრამ პარალელური პროცესია. ნუ დაგვავიწყდება, რომ თბილისიდან რეგიონში ჩასული ყველა დონის ჩინოვნიკი, თავის თანამშრომლებს ეუბნება, რომ 6 თვეში ძველი დრო დაბრუნდება.
– ანუ მოლოდინის რეჟიმში არიან?
– ასე გამოდის. ეს არაა ვიღაცის ფანტაზია. ესაა ცენტრიდან მიღებული მითითება. ქვემო ქართლში მაგალითად ამ მითითების გამავრცელებელი, კუდის ყოფილი უფროსის მოადგილე, ვაჟა ლილუაშვილია, რომელიც ჯერ კიდევ აქტურად ხვდება ადგილობრივ აქტივს (ის ის ვაჟა ლილუაშვილის, რომელიც უკვე პროკურატურაში დაიბარეს! – „ივერიონი“).
– რეგიონებში ჯერ ვერ ხედავენ არჩევნების შედეგებს.
– ეს იმიტომ ხდება, რომ ბევრ ადგილას ნაციონალმა მაჟორიტარებმა გაიმარჯვეს. სხვაგან გამგებლები და ადგილობრივი ჩინოვნიკები ქმნიან ამ განწყობას. ანუ ისინი, ვინც ხალხს ატერორებდა წინასაარჩევნო პროცესებში. ისინი ისევ იმ ადგილას სხედან. ზოგან კი ახლადდანიშნული პოლიციის წარმომადგენლები ვერ აკმაყოფილებენ მოთხოვნებს.
– ვფიქრობ, ძველი კადრების პოლიციაში დატოვება ნელი მოქმედების ნაღმებია.
– გეთანხმებით. საქმე გვაქვს „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ წინასწარ შემუშავებულ სქემასთან, რომლის მიხედვითაც, ოფიცრების გარკვეული ნაწილი, წინასწარ გადაიყვანეს „ოპერებში“, ჩამოაქვეითეს ხელფასის და ჩინის შენარჩუნებით. საკადრო ცვლილებებისას ყველაზე უფრო ოპერატიული მუშაკების სამსახურიდან გაშვებაა არახელსაყრელი. ვინმეს ხომ უნდა დაეყრდნოს სამსახური? ახალი ხელისუფლება ვერც ისე მოიქცევა, უფრო სწორედ, არ მოიქცევა, როგორც თავის დროზე ნაციონალები მოიქცნენ, როცა პოლიტიკური ნიშნით არასაიმედო კადრებისგან „გაწმინდეს“ შინაგან საქმეთა სამინისტრო და ქუჩაში დატოვეს უამრავი პროფესიონალი. ახლა კი მოხდა მათთვის სანდო და საიმედო ოფიცრების სპეციალურად შეფუთვა, რომელთა ამოცანა ადგილებზე კრიმინალთან ბრძოლის საბოტაჟია. რასაც ჯერ–ჯერობით ახერხებენ კიდეც.
– საზოგადოების უკმაყოფილება გამოიწვია პოლიციის სხვა მაღალჩინოსნების დანიშვნამაც პენიტენციალური სისტემის ხელმძღვანელებად.
– საკმაოდ მძიმე საკითხია. მე პირადად მაქვს სისხლის სამართლის საქმე აღძრული კონკრეტულ ადამიანზე, რომლის ვინაობასაც ახლა არ დავასახელებ. ის, ვინც მოაწყო თავდასხმა ჩემი საარჩევნო შტაბის უფროსზე და სახეში შეასხა ქიმიური ნივთიერება. სწორედ ის პირი დაინიშნა ერთ–ერთი საპყრობილის უფროსად, თუმცა რამდენიმე დღით. ასეთი საკადრო ცვლილებების მიმართ დიდი სიფრთხილეა საჭირო.
– წეღან აღნიშნეთ, რომ ძალიან ბევრი კარგი პოლიციელი ქუჩაში დარჩა...
– 2003–2004 წლებში სხვადასხვა მიზეზების გამო ზოგი თავისით წამოვიდა და ზოგიც შეამცირეს. არა იმიტომ რომ არ იყვნენ პროფესიონალები, არამედ იმიტომ, რომ მათთვის მისაღებები არ აღმოჩდნენ.
– მსგავსმა სიტუაციამ თითქმის ყველა სფერო მოიცვა. ამ მიდგომების მსხვერპლი გახდა განათლება, ჯანდაცვა... მე ერთი საკითხი მაინტერესებს, ის ადამიანები, რომლებიც იბრძოდნენ ამ სისტემის შესაცვლელად, წლობით ითმინეს წინა ხელისუფლების მმართველობის ყველა მანკიერი მხარე, მაგრამ ამ მანკიერებებთან გარიგებაზე არ წასულან, თუნდაც „ტყავის გადარჩენის“ მიზნით, დღეს იმ მოსაზრების გაო, რომ ვინმემ ახალი ხელისუფლება პოლიტიკური ნიშნით დანიშვნებში არ დაადანაშაულოს, დღეს ისევ ძველი რეალობის და ძველი პრობლემების წინაშე დგანან. ცვლილებებს ვერ ხედავენ. შესაძლოა ისინი პრინციპების მსხვერპლნი გახდნენ? მაშინ სადაა სამართლიანობის პრინციპი? გასაგებია, რომ დროა საჭირო...
– გეთანხმები, რომ დროა საჭირო, მაგრამ არ შეიძლება, არ ვთქვა, რადგან შუბი ხალთაში არ დაიმალება. დავიწყოთ იმით, რომ კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავი მინისტრების მოადგილეების დატოვების თანამდებობებზე. მინისტრის მოადგილეობა ესაა პოლიტიკური თანამდებობა, როცა ადამიანები, მინისტრთან ერთად, პასუხისმგებლები არიან პოლიტიკურ რეჟიმზე. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი მართლა მაღალი დონის პროფესიონალია, ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა, რადგან სისტემას ისინი ემსახურებოდნენ პოლიტიკური ნიშნით და არა პროფესიონალიზმის გამო. ერთ–ერთ სამინისტროში მაგალითად არცერთი მოადგილე არ შეცვლილა ერთის გარდა. ანუ გამოდის ისე, რომ მინისტრი ყოფილა დამნაშავე ქვეყანაში რომ ეს დარგი მოშლილი იყო. ეს ნონსენსია! მეტსაც გეტყვით, – ერთ–ერთ სამინისტროში მაღალ თანამდებობაზე დარჩა ის კადრი, რომელიც დღევანდელი მინისტრის წინააღმდეგ იბრძოდა ღიად იმ კონკრეტულ რაიონში, სადაც მინისტრი იყრიდა კენჭს მაჟორიტარად. ეს უკვე აღარ ჯდება არცერთ სქემაში.
– ზოგიერთი მინისტრი ზედმეტად ტოლერანტი და ლიბერალი გამოდგა ამ თვალსაზრისით. არგუმენტი ისაა, რომ ის იყო პოლიტიკური ბრძოლა და ახლა საქმეა საკეთებელი...
– არაა ასე... საქმის კეთებაც პოლიტიკაა, მითუმეტეს, როცა საკითხი ქვეყნის უსაფრთხოებას ეხება. ასეთი ადამიანები დროებით მაინც უნდა ჩამოშორდნენ აღნიშნულ თანამდებობებს.
– რადგან ქვეყნის უსაფრთხოებაზე ჩამოვარდა სიტყვა, ბარემ აქვე გკითხავთ, ლოპოტის ინციდენტთან დაკავშირებით. თუ აპირებთ ამ საქმისთვის სამართლებრივი მსვლელობის მიცემას?
– ნათქვამი მაქვს არაერთგან – როგორც გარდაბნის რაიონს არ მოვეშვები, ვიდრე იქ ადამიანები არ მიიღებენ იმას, რასაც იმსახურებენ, ისე, არ მოვეშვები ლოპოტაში მომხდარ ტრაგედიას, რადგან, ვთვლი, რომ თუ ამ საქმეს არ მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, ეს ამბავი ცუდად მოუბრუნდება საქართველოს. ეს საქმე გამოძიებული უნდა იყოს რაც შეიძლება მალე. თუმცა, ნაჩქარევად გამოძიებას იქნებ ამ ეტაპზე სხვა საქმეების წამოწევა სჯობდეს – მაგალითად საბოტაჟის მიზეზების, ჟვანიას, გირგვლიანის და ა.შ. თუმცა, კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ ლოპოტას საქმე ჩემთვის პრიორიტეტულია მათ გვერდით.
– თქვენმა კავკასიელმა მეგობრებმა და კოლეგებმა როგორ შეაფასეს პოლიტიკური ცვლილებები და მიმდინარე პროცესები საქართველოში?
– შეფასებები სხვადასხვაგვარია, ძირითადად დადებითი და კეთილმოსურნე. ბევრი მიესალმება ამ ცვლილებებს, ვინც მეტ–ნაკლებად იცნობს სიტუაციას, ნაწილი გაოცებულია – ასეთი ხარისხის დემოკრატია გქონდათ და რა ხდებაო? კავკასიელებს ძირითადად აინტერესებთ, გაგრძელდება თუ არა ის პოლიტიკა, რომელიც აქამდე ხორციელდებოდა მაგალითად ჩრდილო–დასავლეთ კავკასიის მიმართ, ჩერქეზების მიმართ, გაგრძელდება თუ არა თბილისში კავკასიელების მიღება და გახდება თუ არა საქართველოს დედაქალაქი კავკასიის დედაქალაქი, რაზეც აქტიურად საუბრობდა წინა ხელისუფლება. მე პირადად ეს ფსევდო–გზად მიმაჩნია. არის განწყობები, რომლითაც ქვეყნის სწრაფად დალაგებას გვირჩევენ, ისევ და ისევ ჩვენი ინტერესებიდან გამომდინარე, რათა ამ შიდა არეულობით არ ისარგებლონ მეზობლებმა. ბევრი გულშემატკივარი ყავს დღევანდელ ხელისუფლებას საქართველოს ფარგლებს გარეთ, მათ შორის არაქართველებიც, რომლებიც ჩვენს ქვეყანაზე დიდ იმედებს ამყარებენ და ჩვენი მოქალაქეების პარალელურად, მათ იმედებსაც უნდა გამართლება, რაშიც ეჭვი არ მეპარება.
ესაუბრა კატო ჩულაშვილი