ივერიონი / თამარ ბერუჩაშვილი: ნატოში ინტეგრაცია საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ძირითადი ორიენტირია

თამარ ბერუჩაშვილი: ნატოში ინტეგრაცია საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ძირითადი ორიენტირია

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, თამარ ბერუჩაშვილმა დანიელ, შვედ და პოლონელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების წარმატებული განხორციელება საერთო ინტერესებში შედის.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი სამი ქვეყნის კოლეგა მინისტრებთან შეხვედრაზე განხილვის ერთ-ერთ მთავარ თემას წარმოადგენდა.

"ჩვენი განხილვის მთავარ თემას წარმოადგენდა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი და რიგის სამიტისთვის მზადება. ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერისა და მისი დროებითი ძალაში შესვლის შემდეგ საქართველოს ურთიერთობები ევროკავშირსა და წევრ სახელმწიფოებთან სრულიად ახალ სამართლებრივ ჩარჩოში მოექცა, ხელშეკრულების განხორციელების პროცესში კი ჩვენი თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება პოლიტიკურ, ეკონომიკურ, უსაფრთხოების, სოციალურ, კულტურის, მეცნიერებისა და განათლების სფეროში, რამაც მომავალში ევროკავშირში ინტეგრაციის მტკიცე საფუძველი უნდა შექმნას. ხელშეკრულების წარმატებული განხორციელება ჩვენს საერთო ინტერესებშია. ჩვენ მადლიერი ვართ დანიის, პოლონეთის და შვედეთის მიერ შეთანხმებით გათვალისწინებული რეფორმების მხარდაჭერისთვის და ასევე იმ დაგეგმილი ახალი პროექტებისა და პროგრამებისთვის. მინდა განსაკუთრებით აღვნიშნო, რომ საქართველო პრიორიტეტული ქვეყნის სტატუსით სარგებლობს ამ ქვეყნებთან რეფორმების მხარდაჭერის კუთხით. აქვე მინდა მადლობა გადავუხადო სამივე ქვეყანას ასოცირების შეთანხმების რატიფიკაციისთვის და იმედი გამოვთქვა, რომ ევროკავშირის სხვა ქვეყნებიც მათ რიგებს მალე შეუერთდებიან ", - განაცხადა თამარ ბერუჩაშვილმა.

საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა თავის მხრივ საქართველოს ძალისხმევას ევროინტეგრაციის დღის წესრიგის წარმატებით განხორციელებისა და რიგის სამიტზე კონკრეტული პროგრესის წარმოჩენის კუთხით და აღნიშნა, რომ რიგის სამიტს განსაკუთრებული დატვირთვა აქვს საქართველოს ევროკავშირთან შემდგომი პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის თვალსაზრისით.

"ასევე ველით, რომ ეს სამიტი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ევროკავშირთან სავიზო ლიბერალიზაციის პროცესის დასრულებაში", - აღნიშნა თამარ ბერუჩაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველო სანდო პარტნიორია ევროკავშირისთვის მსოფლიოში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის, ასევე ენერგეტიკული უსაფრთხოების ხელშეწყობის პროცესში.

"მინდა აღვნიშნო რომ ჩვენი შეიარაღებული ძალების განსაკუთრებული წვლილი ევროკავშირის კრიზისების მართვის ოპერაციის წარმატებაში ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში. ჩვენ ვაგრძელებთ ევროკავშირთან პარტნიორობას ახალ ოპერაციებში მონაწილეობით, როგორიცაა სამხედრო მრჩეველთა მისია ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში და სამხედრო საწვრთელი მისია მალიში", - აღნიშნა ბერუჩაშვილმა.

საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, დანიის, პოლონეთის და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს წვლილსაც ევროატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.

"აღვნიშნეთ, რომ ქართველი ხალხის არჩევანი, ნატოში ინტეგრაცია საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ძირითადი ორიენტირია. ვისაუბრეთ ალიანსში საქართველოს ინტეგრაციის პროცესისა და არსებითი პაკეტის განხორციელების მიმდინარეობაზე. ამ ეტაპზე ჩვენი მთავარი მიზანია არსებითი პაკეტის დროული და ეფექტური იმპლემენტაცია და აქტუალურია მოკავშირეების ჩართულობა ამ პროცესში", - განაცხადა ბერუჩაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, მათ საქართველოში არსებული გამოწვევების შესახებ დეტალურად ისაუბრეს, რომელსაც რუსეთის მიერ ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია და ანექსია ჰქვია.

"ვისაუბრეთ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციისა და მიმდინარე მცოცავ ანექსიაზე, რაც რუსეთის ფედერაციის მიერ ჯერ სოხუმთან, შემდეგ ცხინვალთან ე.წ. ხელშეკრულებების გაფორმებით გამოიხატა. ჩვენი პარტნიორები, როგორც საერთაშორისო საზოგადოება გმობენ ამ ფაქტს, რომელიც საფრთხეს უქმნის არა მარტო ჩვენი ქვეყნის, არამედ მთლიანად რეგიონის სტაბილურობასა და უსაფრთხოებას და რომ რუსეთის ქმედებები უხეშად არღვევს საერთაშორისო ნორმებსა და პრინციპებს", - აღნიშნა თამარ ბერუჩაშვილმა.

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ საქართველო, დანია, შვედეთი და პოლონეთი არიან საუკეთესო პარტნიორები და მეზობლები არა გეოგრაფიულად, არამედ პოლიტიკურად და ეკონომიკურად.

"ჩვენ ვართ ე.წ. ერთი და იგივე კლუბის, "აღმოსავლეთ პარტნიორობის", წევრები, ერთად ვახორციელებთ ასოცირების შეთანხმებას, რაც, ბუნებრივია, არ არის ჩვენი საბოლოო მიზანი, მაგრამ ქმნის სოლიდურ საფუძვლებს საქართველოს მომავალი ინტეგრაციისთვის ევროკავშირში, საქართველოს დასაბრუნებლად ევროპულ ოჯახში. დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სტაბილურობა, უსაფრთხოება და კეთილდღეობა ევროკავშირის სამეზობლოში. ეს ამოცანები სერიოზული გამოწვევების წინაშეა და მოითხოვს ერთიან ძალისხმევას. ჩვენმა შეხვედრამ დღეს კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მზად ვართ ერთიანი ძალისხმევით ვუზრუნველყოთ ამ მიზნებისა და ამოცანების განხორციელება", - აღნიშნა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.

14-04-2015, 13:50
უკან დაბრუნება