ჟურნალისტი თეა ბარამაშვილი სადღესასწაულო დღეებში „თბილისელობასთან“ და „პროვინციალობასთან“ სოციალურ ქსელში ატეხილ აჟიოტაჟს ეხმაურება და ფეისბუქის საკუთარ გვერდზე საინტერესო მოსაზრებას აქვეყნებს. „ივერიონი“ სრულად გთავაზობთ მის ფეისბუქსტატუსს.
„ჩვენ, ქართველებს რადგან ტრადიციები ძალიან გვიყვარს, ახალ-ახლასაც ვიგონებთ და ვამკვიდრებთ! უკვე ტრადიციაა, აღდგომა როგორც კი გათენდება, დედაქალაქელთა გარკვეულმა ნაწილმა ერთიანად ამოისუნთქოს ... და მერე ეს ლაღი სუნთქვის რეჟიმი სოციალური ქსელის დახმარებით პოროვინციებში გადანაწილებულ ”თანაქალაქელებს” გაუზიაროს! პროვინცია ეძახე და ქართველი რის ქართველია (აქაურიც და იქაურიც) ფეხი არ ჰქონდეს აწყობილი თანამედროვეობისთვის და თან არ ჰქონდეს სოფლად გაყოლილი აიფონი, აიპადი, ლეპტოპი და პირდაპირ სასაფლაოდან არ გამოეხმაუროს ”ჩახოხბილ” თბილისელს.
ჰოდა, ვიღას ახსოვს აღდგომა, მიცვალებულის პატივისცემა და, რაც მთავარია, ამ დღის უმთავრესი არსი და აზრი _ სიყვარული, მიტევება, პატიება... ასპარეზი იშლება უკიდეგანო, ქართული ხალხური, ტრადიციული უმეცრებისთვის და კომპიუტერჩართული ბრძოლა იმართება ე.წ. მეობის დასამტკიცებლად. პროვინციელი ლანძღავს თბილისელს: ჩვენ გარეშე რა გეშველებათ, ჩვენით უდგას თქვენს(!) ქალაქს სულიო და ასეთ ადამიანს ისიც კი არ შეუძლია აღიაროს, რომ თავადაც თბილისით სულდგმულობს. ასეთი თავის სოფელშიც ვერაფრად ივარგებს და თბილისი თუ აგინა, არა მგონია ამ ქალაქისთვის დიდი უბედურება იყოს; არც ის თბილისელია საკუთარი ქალაქის პატრიოტი, მხოლოდ ქალაქის განტვირთვისას რომ ემსუბუქება მისი ჰაერი... ყველა ივიწყებს ერთ მარტივი ჭეშმარიტებას (თუმცა, რაც არ იცი, იმას ვერც დაივიწყებ): დაბადების ადგილი კი არ განსაზღვრავს პროვინციელობას ან ქალაქელობას, არამედ მენტალიტეტი, რაც მემკვიდრეობითი და, მით უმეტეს, გეოგრაფიული ფასეულობა სულაც არ არის.
ქართველი ჯერ კახელი, გურული, იმერელი, მეგრელი და რაჭველია და მხოლოდ ამის შემდეგ ქართველი. თან სტანჯავს ეს თავისი გურულობა თუ კახელობა, რადგან თბილისელობა არ არგუნა გამჩენმა. ეს კომპლექსი ცუდად უბრუნდება -- მუდამ ჰგონია, რომ ამ ქალაქში ვიღაცას მისი ყოფნა ეზედმეტება. თბილისელიც ასეა, ის ჯერ თბილისელია და მერე ქართველი და მისთვისაც ესეც დიდი კომპლექსია. შედეგი? -- ქართველებს ისევ გვძულს ერთმანეთი, ვერ ვთავისუფლდებით ვიწრო კუთხური შოვინიზმისგან!
ამ ქვეყნის მიწის რომელ ნაწილზე შეიძლება ქართველმა თქვას, ჩემი არ არის, ან მეორეს უთხრას, მარტო ჩემია და შენ არ გეკუთვნისო? ამ პატარა მიწა-წყალს ერთმანეთში ვერ იყოფთ და, როცა საქმე საქმეზე მიდგა, კი გაუყავით სრულიად უცხოსა და გადამთიელს. თუ ასეთი გულადები და ადგილ-მამულის მოამაგენი ხართ, იმ გადამთიელს ედავეთ, ბატონებო, წართმეულზე! თუ, რაც დაიკარგა პირადად თქვენი არ იყო?
პ.ს. ღმერთმა დაიფაროს ეს ქვეყანა, რომ რაც ვთქვი ყველა თბილისელს ან ყველა ”ჩამოსულს” ეხებოდეს! 20 წელიწადზე მეტია ამ ქალაქში ვცხოვრობ, მაგრამ თბილისელად თავი 20 წამითაც არ მიგრძნია! მაგრამ 20 წამიც არ ყოფილა, თავი მის ნაწილად, ის კი ჩემად არ აღმექვა. ჩემი ურბნისელობა სრულ ჰარმონიაშია ჩემს თბილისთან და, რა ვიცი, სუნთქვის რეჟიმსაც არ ვუჩივი. მხოლოდ ეგაა, როცა ვბრუნდები ურბნისში და როცა ვბრუნდები თბილისში მუდამ გული მიჩქარდება!“
თ.ბ.