პროკურატურა ზურაბ ადეიშვილის მიმართ წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნის გაუქმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:
"2013 წლის 10 იანვარს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ შუამდგომლობით მიმართა ინტერპოლის გენერალურ სამდივნოს ზურაბ ადეიშვილის მიმართ წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნის გამოცხადების თაობაზე. საკითხის განხილვის პროცესში ინტერპოლის გენერალურმა სამდივნომ საქართველოს მთავარი პროკურატურიდან რამოდენიმეჯერ გამოითხოვა დამატებითი ინფორმაცია ზ. ადეიშვილის მიმართ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით, რაზედაც ქართულმა მხარემ დროულად და სრულყოფილად მიაწოდა ინტერპოლის გენერალურ სამდივნოს ყველა საჭირო დოკუმენტაცია.
საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ მიწოდებული მასალების საფუძველზე, ინტერპოლის გენერალურმა სამდივნომ მიიჩნია, რომ ზ. ადეიშვილის მიმართ წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნის გამოცხადება სრულად შეესაბამებოდა ინტერპოლის კონსტიტუციას და შესაბამისად, 2013 წლის 14 ნოემბერს ზემოაღნიშნული პირის მიმართ გამოცხადდა წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნა.
2015 წლის 9 აპრილს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მიიღო ინტერპოლის გენერალური სამდივნოს წერილი, რის საფუძველზეც ქართულ მხარეს ეცნობა, რომ ინტერპოლის გენერალური სამდივნოს მიერ გაუქმდა ზურაბ ადეიშვილის მიმართ გამოცემული წითელი ცირკულარი. ინტერპოლის გენერალურმა სამდივნომ ზ. ადეიშვილის მიმართ საერთაშორისო ძებნის გაუქმების ძირითად საფუძვლად მიუთითა ქართული მხარისათვის უცნობი ერთ-ერთი სახელმწიფოს მიერ ზ. ადეიშვილისთვის მინიჭებული ლტოლვილის სტატუსი.
აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ინტერპოლის გენერალურმა სამდივნომ ზ. ადეიშვილის მიმართ საერთაშორისო ძებნის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო ისე, რომ ქართული მხარისგან არ მოუთხოვია დამატებითი არგუმენტაციის ან შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენა დაქართული მხარისთვის ხსენებული ფაქტი ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც ძებნილი პირის მიმართ გაუქმდა წითელი ცირკულარი. შესაბამისად, საქართველოს მთავარი პროკურატურა საკითხის განხილვის პროცესში მოკლებული იყო შესაძლებლობას, რათა ზ. ადეიშვილის მიმართ ძებნისგაგრძელების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით დამატებით საკუთარი არგუმენტაცია წარედგინა ინტერპოლის გენერალური სამდივნოსთვის.
უახლოეს პერიოდში საქართველოს მთავარი პროკურატურა გეგმავს მითითებულ საკითხთან დაკავშირებით კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი პროცედურების განხორციელებას",- ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.