ექს-პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი მმართველ გუნდთან ოპოზიციაშია, ამას ვერ ამხელს, თუმცა მისი ქმედებებიდან ეს ნათლად ჩანს. მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც "თავისუფალი დემოკრატები" ოპოზიციაში გადავიდნენ, პრეზიდენტმა მათთან დამეგობრება მოახერხა.
როგორ შეაფასებდით ექს-პრემიერის ამ განცხადებს?
- ექს-პრემიერის განცხადება ორ რამეზე მიგვანიშნებს. 1) იმას, რომ მრავალგზის გაკეთებული განცხადებების საწინააღმდეგოდ, ივანიშვილი ინარჩუნებს სრულ კონტროლს ხელისუფლებაზე. 2) იმაზე, თუ რა რიგ კონტროლს ახორციელებს ის "ქართული ოცნების" წევრებზე, რომლებსაც არ პატიობს სულ მცირე ურჩობასაც ან გადახრას მის მიერ მიცემული მითითებიდან. მარგველაშვილმა საკუთარ თავს უნდა დააბრალოს ის დამამცირებელი მოპყრობა, რაც მან განიცადა ამ ბოლო დროს ოლიგარქის მიერ მართული მთავრობის და საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან. ეს, პრინციპში, მოსალოდნელი იყო მას შემდეგ, რაც ის თავიდან დათანხმდა იმ როლის შესრულებას, რომელზეც შემდგომში უარი თქვა. პრობლემა არა იმდენად მარგველაშვილია, არამედ ის, რომ მისი დამცირებით და საქვეყნოდ აბუჩად აგდებით ხდება პრეზიდენტის ინსტიტუტის, ისევე როგორც სხვა სახელმწიფო ინსტიტუტების მორალური კომპრომეტირება მოსახლეობის თვალში, რომლის აღდგენასაც საკმაოდ დიდი დრო დასჭირდება მომავალში... რაც შეეხება ივანიშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ მარგველაშვილი ოპოზიციაში გადავიდა და "თავისუფალ დემოკრატებთან" მეგობრობს, ესეც გასაგებია. უპირველეს ყოვლისა, ოლიგარქს სურს, სამაგალითოდ დასაჯოს ერთიც და მეორენიც "ღალატისათვის", რადგან მშვენივრად ხვდება, რომ მომავალში ამგვარი შემთხვევები სულ უფრო გახშირდება, თუ გავითვალისწინებთ მოსახლეობის თვალში "ქართული ოცნების" რეიტინგის მკვეთრ ვარდნას. მეორეს მხვრივ, "თავისუფალი დემოკრატების" სხვა ოპოზიციული ძალებისაგან ამგვარი გამოყოფა იმითაც იხსნება, რომ მათ, პირადად ალასანიას საკმაოდ მაღალი რეიტინგის მიუხედავად, განსხვავებით ნაციონალებისაგან, არა აქვთ ძლიერი რეგიონული ორგანიზაციები, რაც მათ ივანიშვილისთვის ნაკლებად სახიფათოდ ხდის. გარდა ამისა, როგორც ჩანს, ამით ივანიშვილს იმის ჩვენებაც სურს, რომ ნაციონალებს სერიოზულ ოპოზიციად არ აღიქვამს, თუმცა გულში, რა თქმა უნდა, ესე არ ფიქრობს...
- რამდენად ზიანის მომტანია მსგავსი განცხადებები ქვეყნის ინტერესებისთვის?
- მე უკვე მოგახსენეთ, რომ ამით მოსახლეობის თვალში პრეზიდენტის ინსტიტუტის, როგორც სახელმწიფო ინსტიტუტის კომპრომეტაცია ხდება. თუმცა ჩემი აზრით, მთავარი ზიანი ამ ყველაფრისგან ის არის, რომ მსოფლიოში საქართველოს შესახებ სულ უფრო და უფრო ფეხს იკიდების შეხედულება, როგორც ჩამორჩენილ ქვეყანაზე, რომელსაც არაფორმალური მმართველი და არა დემოკრატიულად არჩეული მთავრობა და პრეზიდენტი ჰყავს...
- თქვენ, როგორც პოლიტოლოგს, გრჩებათ თუ არა შთაბეჭდილება, რომ პრეზიდენტი გუნდთან ოპოზიციაშია?
- ის რომ პრეზიდენტს "ქართულ ოცნებასთან" სულ უფრო და უფრო მზარდი უთანხმოება აქვს, უდავოა. სამწუხაროდ, ამ უთანხმოებაში დიდ როლს ასრულებს არა განსხვავებული აზრი პრინციპულ საკითხებზე, არამედ, ერთის მხრივ ივანიშვილის ნება-სურვილის მორჩილად შემსრულებელი უმრავლესობის მცდელობა, საჯაროდ დაამციროს და აბუჩად აიგდოს მარგველაშვილი, მეორეს მხვრივ, კი მარგველაშვილის სურვილი, ითამაშოს უფრო დამოუკიდებელი როლი სახელმწიფოს ცხოვრებაში, რაც, თავისთავად გასაგებია და მისასალმებელიც არის, თუმცა ეს, ჯერჯერობით, ხშირად მხოლოდ ლიტონ ჟესტებში და განცხადებებში იჩენს თავს... ეს არც არის გასაკვირი, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ პრეზიდენტის პრეროგატივების ლომის წილი უზურპირებულია მთავრობის მიერ...
- ექსპერტების ნაწილი აცხადებს, რომ სახელისუფლებო შტოებს შორის აზრთა სხვადასხვაობა არსებობს, ამაში დრამატული არაფერია და ეს დემოკრატიის ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანია, ეთანხმებით თუ არა ამ მოსაზრებას?
- ვეთანხმები როგორც აქსიომას, რომელსაც მუშაობა შეუძლია დემოკრატიულ სახელმწიფოში, და არა დღევანდელი საქართველოს პირობებში, როდესაც ქვეყნის მართვას რეალურად არაფერზე პასუხისმგებელი პირი ანხორციელებს...
წყარო: "აქცენტი"