განათლების მინისტრმა თამარ სანიკიძემ ჟურნალისტებს პანკისიდან სირიაში სკოლის მოსწავლეების წასვლასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე განუცხადა, რომ მოსწავლეების მიმართ რაიმე სახის გადაცდომას ან მინიშნებას, რომ შესაძლოა, ამ ბავშვებს ასეთი გადაწყვეტილება მიეღოთ, ნამდვილად ვერ აკონკრეტებენ პედაგოგები.
"რაც შეეხება პრობლემას, ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ შესაბამის უწყებებთან იმისათვის, რომ ასეთი მოვლენების მინიმალიზირება მოხდეს და შევძლოთ, თავიდან ავიცილოთ ასეთი ქმედებები. რა თქმა უნდა, სკოლის დონეზე რა სამუშაოებიცაა ჩასატარებელი, ყოველთვის ტარდება. უშუალოდ ის ბავშვები, არასრულწლოვნები, რომლებმაც გადალახეს საზღვარი და წავიდნენ სირიაში, კონკრეტულად ამ მოსწავლეების მიმართ რაიმე სახის გადაცდომას ან მინიშნებას, რომ შესაძლოა, ამ ბავშვებს ასეთი გადაწყვეტილება მიეღოთ, ნამდვილად ვერ აკონკრეტებენ პედაგოგები. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა შევწყვიტოთ მუშაობა იმ კუთხით, რა კუთხითაც ვმუშაობთ. პირიქით, უნდა გავაძლიეროთ და აუცილებელია კავშირი შესაბამის ორგანოებთან", - განაცხადა სანიკიძემ.