ივერიონი / ჩამშვები სააკაშვილი, შეშფოთებული რასმუსენი და გაოგნებული ივანიშვილი

ჩამშვები სააკაშვილი, შეშფოთებული რასმუსენი და გაოგნებული ივანიშვილი

ცნობილმა ეკონომისტმა, პროფესორმა მიხეილ ჯიბუტმა "ივერიონთან" ინტერვიუში აღნიშნა, რომ ახალ ხელისუფლებას 100 დღე უნდა დავაცადოთ, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ხნის მანძილზე მისი ქმედებები არ უნდა ვაკრიტიკოთ.


დაახლოებით იგივეს ამბობს უფებადამცველი სოფო ხორგუანი, რომელიც ამტკიცებს, რომ "თუ სულსწრაფები ვიქნებით, მივიღებთ იგივე ურჩხულს, რომელიც გავანადგურეთ!"


მისი ფორმულირების პირველ ნაწილს ნამდვილად ვეთანხმები, სულსწრაფობა ნებისმიერ საქმეში მავნებელია, მით უმეტეს, თუ საქმე ახალი ხელისუფლების საქმიანობას ეხება, მაგრამ არ ვიზიარებ იმას, რომ ჩვენ ჯერჯერობით ურჩხული გავანადგურეთ. მართალია, "ნაცმოძრაობა" ხერხემალში ასე თუ ისე გადატყდა, მაგრამ "საკონტროლო გასროლა" ჯერ არ გაგვიკეთებია!


მე არ ვიზიარებ იმ მოსაზრებას, რომ სააკაშვილის ხელისუფლებამ რინგზე ყველა ბრძოლა პირწმინდად წააგო და უკვე დროა, პოლიტიკური პანაშვიდიც გადავუხადოთ. ეს რომ ასეა, ნატოს გენერალურ მდივანთან რასმუსენთან სააკაშვილის შეხვედრამაც დაადასტურა, რომელსაც  ნატოს გენმდივნის მხრიდან  ქვეყნისთვის არცთუ სასიამოვნო შეფასებები მოჰყვა. ეს შეფასება თითის დაქნევას უფრო ჰგავდა, ვიდრე რეკომენდაციებს ახალი ხელისუფლების მიმართ. სააკაშვილმა, რომელსაც კონსტიტუციით თითქმის ერთი წლის მანძილზე გარანტირებული აქვს საპრეზიდენტო უფლებები, რბილად რომ ვთქვათ, "ჩაუშვა" ახალი ხელისუფლება და იგი პოლიტიკურ ოპონენტთა მიმართ პოლიტიკურ დევნაში დაადანაშაულა. მეტიც, მან იმაშიც დააეჭვა რასმუსენი, რომ ახალი ხელისუფლება ნატოსთან მიმართებაში თითქოსდა კურსს იცვლის. ასევე, საკმაოდ დამაფიქრებელი იყო საქართველოს პრეზიდენტის სიტყვები, რომ საქართველოს ორხელისუფლებიანობის პირობებში უხდება ცხოვრება.


რასმუსენის სიტყვებს, "რომ იგი შეშფოთებულია საქართველოში მიმდინარე მოვლენებით", რაშიც მან ახალაიას და თავდაცვის სამინისტროს სხვა მაღალჩინოსნების დაპატიმრება იგულისხმა, ექსპერტების მხრიდან სწორი შეფასება მოჰყვა. ანალოგიური დაჭერები, ანუ პოლიტიკური ოპონენტების დევნა-შევიწროება ხელისუფლებაში ყოფნის მთელი ცხრა წლის მანძილზე "ნაციონალების" ხელწერა იყო, მაგრამ დღეს ეს ახალ მთავრობას უარყოფით აქტივში ჩაუთვალეს, მიუხედავად იმისა, რომ წინა ხელისუფლების დროს, ყოველ ფეხის ნაბიჯზე ფეხქვეშ ითელებოდა ადამიანის უფლებები, არც ნატოს, არც ევროსტრუქტურებს, როგორც იტყვიან, ვენები არ გადაუჭრიათ. რა ხდება ახლა, რატომ გაღიზიანდა ბატონი რასმუსენი თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების დაპატიმრების გამო და რატომ უწოდა მას "შემაშფოთებელი"?


აღნიშნულზე ექსპერტებს სწორი მოსაზრება გააჩნიათ _ ისინი ფიქრობენ, რომ კარგად იმუშავა სააკაშვილის, იგივე "ნაციონალური" ხელისუფლების ლობისტურმა ჯგუფებმა და მათ ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ პირველივე შეხვედრაზე ივანიშვილისთვის "ყვითელი აენთოთ".


ექსპერტთა ნაწილი თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების დაპატიმრებას ნატოს საპარლამენტო ანსამბლეის წინ შეცდომად მიიჩნევს _ ისინი აცხადებენ, რომ ივანიშვილის მთავრობამ იჩქარა და მოსალოდნელი შედეგები ვერ გათვალა. ამბობენ იმასაც, რომ თითის დაქნევა რასმუსენის მხრიდან საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევას გულისხმობს, რომლის უფლება მათ მომავალში არ უნდა მივცეთ. თუმცა, ეს მედლის ერთი მხარეა.


რაც შეეხება მედლის მეორე მხარეს, იგი უფრო დამაფიქრებელია და სათანადო განსჯას და ახალი ხელისუფლების მხრიდან დასკვნების გამოტანას მოითხოვს: ის, რომ ივანიშვილის მთავრობამ წინასაარჩევნო დაპირებები უნდა შეასრულოს, პოლემიკას არ ექვემდებარება. არც ის არის საკამათო, რომ ამ დაპირებების მთავარი თემა საზოგადოებაში სამართლიანობის განცდის დამკვიდრება იყო, რაც დამნაშავეთა, მათ შორის, ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსანთა პასუხისგებაში მიცემას ითვალისწინებს. თუმცა, ეს ყველაფერი გათვლილ-გააზრებული უნდა იყოს, მით უმეტეს, ყოფილ ხელისუფლებაში რევანშისტული განწყობილებები არჩევნების დამთავრებისთანავე შეიმჩნეოდა _ "ნაციონალები", თავიანთი მამამთავრის, პრეზიდენტ სააკაშვილის მეთაურობით მაქსიმუმს გააკეთებენ იმისთვის, რომ ახალმა ხელისუფლებამ შეცდომები დაუშვას და მათ ხელში აიღონ ინიციატივა. სხვათა შორის, რევანშისტული განწყობა საზოგადოების გარკვეულ ნაწილშიც არსებობს და ეს არა იმდენად "ნაციონალების" სიყვარულითაა გამოწვეული, არამედ ამ ნაწილის სულსწრაფობით და არასათანადო ინფორმირებით. დედაქალაქში იმდენად არა, მაგრამ რეგიონებში "ნაციონალები" ადგილობრივი ჩინოვნიკების საშუალებით სისტემატურად ავრცელებენ ხმებს, რომ ახალი უმრავლესობა "ვერ გაქაჩავს" და ისევ "ნაციონალები" დაბრუნდებიან. ისინი არწმუნებენ საზოგადოების გაუთვითცნობიერებელ ნაწილს, რომ ის სოციალური პროგრამები, რომელიც "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო დაპირებებში იყო, ფიქციაა და ახალი ხელისუფლება მათ შესრულებაზე არ იზრუნებს! ივანიშვილის მთავრობას განსაკუთრებით საკადრო პოლიტიკას უწუნებენ და სჯერათ, რომ წინა და შევარდნაძისდროინდელი კრიმინალი და კორუმპირებული კადრებით ახალი ხელისუფლება ქვეყანაში სიტუაციას არსებითად ვერ შეცვლის.  სხვათა შორის, კონკრეტული გვარებიც სახელდება, ვინც ახალ უმრავლესობას ეს კადრები "შეტენა". საუბარია, როგორც მმართველ, ისე საშუალო რგოლებზეც. ბევრს კითხვის ნიშანს უტოვებს სამინისტროებში და უწყებებში მოადგილეებისა და სამსახურების ხელმძღვანელთა შერჩევის კრიტერიუმები. ასე მაგალითად, საზოგადოების ნაწილში გაჩნდა კითხვა, რა კრიტერიუმებით დაინიშნა ფოტოჟურნალისტი იური მეჩითოვი კულტურის მინისტრის მოადგილედ. ეს ის მეჩითოვია, რომელსაც, "ორიგინალური" წარმოდგენა აქვს მეგრელებზე და გურულებზე და რომელმაც თავისი ცინიზმითა და თავხედობით შოკში ჩააგდო youtube-ის მომხმარებელი. ვიდეორგოლი, რომელიც youtube-ზე აიტვირთა, თითქმის ყველა საინფორმაციო სააგენტომ გაავრცელა, სადაც ნათლად იკითხება მეჩითოვის "პოლიტიკური მარგალიტები". როგორც ჩანს, იგი მინისტრის მოადგილის პორტფელმა იმდენად დაამძიმა, რომ უკვე ოფიციალურ პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებს და ჟურნალიტებთან ბრიფინგზე არ ერიდება ხმამაღალ განცხადებას, რომ "რუსეთი და ამერიკა ერთნაირად ყარს!~. ძნელია იმის თქმა, უფრო შეცდომასთან გვაქვს საქმე, თუ დავალებასთან, მაგრამ მინისტრის მოადგილე ასე რომ არ უნდა აზროვნებდეს, ცხადია. სხვათა შორის, საკადრო პოლიტიკაში დაშვებული შეცდომები ამით არ ამოიწურება, მაგრამ ამჯერად საუბრის გაგრძელებას ამ თემაზე არ ვაპირებ.


მე, საზოგადოდ, ახალი ხელისუფლების საქმიანობის კრიტიკას არ შევუდგები, მაგრამ აუცილებლად ვიტყვი, რომ საკადრო პოლიტიკაში დაშვებული შეცდომები უსწრაფესად ბუმერანგივით დაუბრუნდება ისევ ხელისუფლებას! უპირველესად, ეს ხელისუფლების დისკრედიტაციას ახდენს და პირდაპირ აისახება მისი საქმიანობის შედეგზეც.


დიახ, არასწორი საკადრო პოლიტიკა ფრიად საშიშია დღევანდელ ქართულ რეალობაში, იმ რეალობაში, რომელსაც "ორხელისუფოებიანობის სინდრომი" დასდევს აჩრდილად. სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, "ნაცმოძრაობა" მუდამ ჩასაფრებულის პოზიციაშია და ყველანაირად ეცდება ხაფანგი დაუგოს თავის პოლიტიკურ მემკვიდრეს და რევანშზე წავიდეს. ობიექტურობა მოითხოვს ითქვას, რომ იგი თანმიმდევრულია თავის ქმედებებში და ყოველთვის მისთვის სასარგებლო განცხადებებს აკეთებს, რითაც სურს პოლიტიკურად დევნილის სტატუსი მიიკეროს და ქართულ და საერთაშორისო საზოგადოებას თავი შეაცოდოს. რაც მთავარია, ახალ უმრავლესობას არადემოკრატიული ხელისუფლების იმიჯი შეუქმნას. ჯერჯერობით, "ნაცმოძრაობის" ცდას უშედეგოდ არ ჩაუვლია და ამაზე ზემოთ უკვე ვისაუბრეთ.


ამ დღეებში ახალ-ახალი დაჭერების მომსწრენი გავხდით. მართალია, ჯერ "ღლავებზე" არ გასულან, მაგრამ არ არის გამორიცხული, მალე მათი ჯერიც დადგეს. თუმცა, აქამდე მისვლას სათანადო სამართლებრივი და ორგანიზაციული (ტაქტიკური) საკითხების გადაწყვეტა, ანუ ახალი ხელისუფლების ყველა დონეზე გაძლიერება სჭირდება, ურომლისოდაც მოსალოდნელ საფრთხეს თავიდან ვერ ავიცილებთ!


სააკაშვილი ჯერ კიდევ პრეზიდენტია და აქედან გამომდინარე დღესაც აქვს ბერკეტები საზოგადოება თავისი მოულოდნელი სიურპრიზებით გააოცოს. ამ შემთხვევაში არა მარტო საერთაშორისო არენაზე ახალი ხელისუფლების დისკრედიტაციას ვგულისხმობ, არამედ შიდა რყევებსაც, რომელსაც ადვილად შეუძლია პოლიტიკური კრიზისი შექმნას ქვეყანაში. ეს გაცილებით სახიფათოა, ვოდრე თითის დაქნევა საერთაშორისო თანამეგობრობისგან, რომ ქვეყანაში დემოკრატიულ ფასეულობებს საფრთხე ემუქრება.


აქედან გამომდინარე, მთავარია ახალი ხელისუფლების მიმართ საზოგადოების განწყობა არსებითაც შეიცვალოს და ხალხმა ღირსეულად დაიცვას 1 ოქტომბრის მონაპოვარი. პოზიტიური განწყობა კი მარტო დაჭერების სერიით არ მიიღწევა. ხალხს სანახაობასთან ერთად პურიც სჭირდება, რომელიც ასე მოანატრა "ნაციონალურმა" ხელისუფლებამ.


ასე რომ, ფრთხილად ბატონებო, ეშმაკს ნამდვილად არ სძინავს!


ზაურ ნაჭყებია

16-11-2012, 11:59
უკან დაბრუნება