ვნების კვირას და ბრწყინვალე შვიდეულში ჟურნალისტებს „საკბილო“ თემები მოაკლდათ - სენსაციებზე დაგეშილი ქართული მედია თითქოსდა ერთ ადგილს ტკეპნის და საკუთარ სახეს კარგავს. სოციალური ქსელიც ისეთი „დიშოვი“ და ღვარძლიანი (თითიდან გამოწოვილი) თემებითაა აჭრელებული, თვალის შეპარებაც არ მოგინდება!
სამწუხაროდ, არავინ საუბრობს საქართველოს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პრობლემებზე, რომელიც ხვალ-ზეგ ქვეყანას ყოფნა-არყოფნის ზღვარზე დააყენებს - საზოგადოების გარკვეული ნაწილი მხოლოდ იმაზე კამათით ერთობა, ღვთიური ცეცხლი მართლაც ზეციდან გადმოსული სასწაულია თუ მცირედმორწმუნეთათვის თვალის ახვევა, შესანიშნავი ახალგაზრდა მსახიობი კოტე თოლორდავა მართლაც ზედოზირების გამო გაიპარა თუ სხვა შემრხვევითობასთან გვაქვს საქმე, შალვა აბულაძე, რომლის დაკავების სპეცოპერაციამ უსისხლოდ ჩაიარა, ორი პოლიციელის მკვლელია, თუ როგორც თვითონ ამბობს, მკვლელი თავისუფალია და მომავალში ყველაფერს ფარდა აეხდება, ძებნილთა სიიდან ინტერპოლმა ზურაბ ადეიშვილი საქართველოს ხელისუფლების თანხმობით ამოიღო თუ ევრო-ამერიკამ საერთოდ დაგვაჩმორა (იგნორი გაგვიკეთა) და ქართული საზოგადოების აზრი არ აინტერესებს, სააღდგომოდ „სოფლუშკებისგან“ (პროვინიციელებისგან) დაცლილი თბილისი უფრი „ჯანსაღად“ სუნთქავს თუ ეს ჟურნალისტ თეა ბარამაშვილის თქმისა არ იყოს მხოლოდ „ჩახოხბილი“ თბილისელების კუდაბზიკობაა და მეტი არაფერი...
სამწუხაროდ, მხოლოდ ცარიელი აღშფოთება ისმის სოციალურ ქსელში კაცობრიობის წინაშე ჩადენილი უმძიმესი დანაშაულის - ე.წ. „მუსლიმანური სახელმწიფოს“ ბოევიკების მხრიდან სირიელი მართლმადიდებელი ქალებისა და ბავშვების მასობრივად დახოცვის გამო - თითქოს ეს უბედურება მხოლოდ მათი ხვედრი იყოს და სრულიად საქრისტიანოს საფრთხეს არ უქმნიდეს!
რომ არაფერი ვთქვათ ხელისუფლების დამოკიდებულებაზე აღნიშნულ ბოროტებასთან დაკავშირებით - თვით საზოგადოების პროტესტიც არ არის სიტუაციის ადექვატური და სხვისი ჭირი, რომელიც ღმერთმა ნუ ქნას და შეიძლება ადვილად გადმოგვედოს, ღობეს ჩხირი ხდება ბევრი ჩვენი თანამოქალაქისთვის!
რატომ? საკმაოდ მძიმე კითხვაა, რომელზეც ამომწურავი პასუხი სამწუხაროდ არ გვაქვს! თუმცა, ზერელე დიაგნოზის დასმა ადვილად შეიძლება - ჩვენ თანდათან დავკარგეთ თანაგრძნობისა და თანალმობის უნარი და ჩვენი აზრი და გონება (თუნდაც ემოციები) უფრო არარსებით მოვლენებზეა ორიენტირებული!!!
ამის კიდევ ერთი დადასტურებაა საზოგადოების რეაქცია აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების მხრიდან გალის რაიონის ქართულ სკოლებში მომავალი სასწავლო წლიდან ქართული ენის აკრძალვის გადაწყვეტილებაზე - ეს არის სახეზე პირბადის აფარება და იმის არდანახვა, თუ რა უბედურება იმალება ამ გადაწყვეტილების მიღმა!
მოკლედ, ასეთი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხები, როგორც საზოგადოებას, ასევე ქართულ მედიასაც ნაკლებად აწუხებს! მათ უფრო მეტად აინტერესებთ, მომავალ არჩევნებამდე დაიშლება თუ არა ხუხულასავით ხელოვნურად შეკოწიწებული კოალიცია „ქართული ოცნება“ და ვინ იქნება დღევანდელი ხელისუფლების „ახალი სახეები“ მომავალ საპარლამენტო არჩევნებში (თუ კულისებიდან გამოჟონილ ინფორმაციას ვერწმუნებით, ივანიშვილს ან მართლაც უჭირს ადამიანების შერჩევა, ან შეგნებულად გვტენის „უსახო“, „უფერო“ და ხშირ შემთხვევაში, სახელმწიფოებრივი აზროვნებისგან დაცლილ „დერჟიმორდებს“!).
ახლა ისევ შალვა აბულაძეს დავუბრუნდეთ - იმდენად პროფესიონალურად ჩატარდა მისი აყვანის სპეცოპერაცია, ქართულ სპეცრაზმი ნამდვილად შექებას იმსახურებს, მაგრამ უნებლიედ ჩნდება ერთი კითხვა: თუ ასეთი ნაღალპროფესიონალი სპეცრაზმი გვყავდა, რატომ მაშინვე არ ჩატარდა მისი დაკავების სპეცოპერაცია, როცა ბორჯომში პოლიციელის მკვლელობა მას დაბრალდა, თუ აუცილებლად ახალი მსხვერპლი იყო საჭირო, რომ სამართალდამცველებს ყური გამოებერტყათ და საშიში დამნაშავე (როგორც ამას აბულაძისადმი წაყენებული ბრალდებით გვეუბნებიან) საზოგადოებისგან იზოლირებული ყოფილიყო? იქნებ აბულაძის კისერზე არ არის იმ ორი ადამიანის ცოდვა და იგი, როგორც თვითონ ამბობს, თავად მსხვერპლია?! დაეჭვების საფუძველს იძლევა დაკავებისას ძებნილის (მითუმეტეს, ორგზის მკვლელის) არაადექვატური სიმშვიდე (მას სპეცრაზმისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია).
რატომ არ გადაკვეთა მან საქართველოს საზღვარი, ან რამდენად იყო შესაძლებელი მკვლელობაში ბრალდებულს თბილისისთვის შეეფარებინა თავი და მკვლელობების ახალი სერია გაეჩაღებინა?! ობიექტურმა გამოძიებამ ამ კითხვებზე პასუხი უნდა გასცეს და ისიც უნდა იცოდეს საზოგადოებამ, მართლაც შეუწყვეს თუ არა კონკრეტულმა პირებმა ხელი მის დამნაშავედ ჩამოყალიბებას არასამართლიანი მოპყრობის შედეგად. მოკლედ კითხვები ბევრია.
რაც შეეხება ზურაბ ადეიშვილის ინტერპოლის მიერ ძებნილთა სიიდან ამოღებას, ამაზე პასუხი საზოგადოებას ხელისუფლებამ უნდა გასცეს.
არადა, ხელისუფლების რეაქცია ჯერჯერობით მხოლოდ და მხოლოდ რბილი შეფასებებით შემოიფარგლება, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში სამართლიანობის დამკვიდრების (რომლის ერთ-ერთი მოთხოვნა სწორედ დანაშაულებრივი რეჟიმის მამამთავართა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხია) წინასაარჩევნო დაპირებამ შეიძლება საერთოდ აუხდენელი ოცნების რიგებში გადაინაცვლოს და საზოგადოება პირში ჩალაგამოვლებული დარჩეს!
ცალკე საუბრის თემაა საერთაშორისო საზოგადოების დამოკიდებულება საქართველოსადმი. ამ ლოგიკით, სააკაშვილი და ქვეყნიდან გაქცეული სხვა პოტენციური დამნაშავეებიც დასავლეთიდან ალბათ მხარდაჭერას მიიღებენ და ადვილად შესაძლებელია დამნაშავედ ქართული საზოგადოება გამოიყვანონ, რომელმაც გაბედა და 2012 ოქტომბერში უარი უთხრა „ნაცმოძრაობას“!
დარწმუნებული ვარ, ხვალ-ზეგ უფრო საინტერესო სიურპრიზების მოწმენი გავხდებით, რომელიც საბოლოოდ გააშიშვლებს როგორც ევრო-ამერიკის, ასევე „ნაოცნებარი“ ხელისუფლების შორს მიმავალ გეგმებსაც!
ზაურ ნაჭყებია