უშიშროების ყოფილი მინისტრი ვალერი ხაბურძანია პანკისის ხეობიდან სირიაში ახალგაზრდების წასვლაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ამ პრობლემის გამომწვევი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი ხეობაში არსებული სოციალური პირობებია. ამის შესახებ ხაბურძანიამ "რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
ხაბურძანია აცხადებს, რომ არასწორად მიაჩნია ხელისუფლების მიერ ქართული შეიარაღებული ჯარების ავღანეთში და სამხრეთ აფრიკაში გაგზავნა.
"ჩვენს დროს პანკისში უკუპროცესი იყო. გადმობირება ხდებოდა პირიქით, საზღვარგარეთიდან პანკისის ხეობაში. გვქონდა ისეთი შემთხვევაც, რომ ინტერნეტით გადმოიბირეს 18 წლის იაპონელი ახალგაზრდა, რომელიც ჩამოვიდა პანკისში. სამწუხაროა ის, რომ ეს ახალგაზრდა ფაქტობრივად მონასავით ჰყავდათ. ჩვენ შემდგომში ეს ბიჭი გავათავისულეთ და დავაბრუნეთ თავის სამშობლოში. ამიტომ იმის თქმა, რომ პანკისიდან წასული ახალგაზრდები მაინცდამაინც პანკისში არსებულმა ჯგუფებმა გადაიბირეს, ცოტა რთულია. რადგან დღეს არსებობს ინტერნეტი და ეს ყველაფერი ინტერნეტითაც თავისუფლად ხდება. ამიტომ ამ თემასთან შეწინააღმდეგება პრობლემაა.
თუმცა, ჩვენი პრობლემაა, როცა 16 წლის ბავშვი მიდის სასაკლაოზე. როდესაც მას ელემენტარული გამოცდილება არ აქვს სამხედრო კუთხით. საერთოდ, სხვის ომში საქართველოდან არავის არაფერი ესაქმება. მათ შორის, თუნდაც ავღანეთი იყოს და თუნდაც სამხრეთ აფრიკა, სადაც თავად სახელმწიფო გზავნის შეიარაღებულ ჯგუფებს. სახელმწიფომაც უნდა შეაჩეროს ამ ტიპის პოლიტიკა და არ უნდა იყოს საერთოდ წახალისება. სწორედ ამ მოწოდებების და გადაბირების კრიმინალიზაციაზე უნდა იყოს მუშაობა და ეს უნდა ისჯებოდეს მკაცრად.
მეორე მომენტია პანკისში სოციალური მდგომარეობა. ეს პრობლემა არამარტო რელიგიური ფანატიზმით, არამედ მნიშვნელოვანწილად სოციალური პრობლემითაც არის განპირობებული. პანკისში და ზოგადად ქვეყანაში ამ კუთხით უმძიმესი მდგომარეობაა. მიმაჩნია, რომ სწორედ ამ კუთხით უნდა იზრუნონ არასამთავრობოებმა და გარკვეული სახის პროგრამები განახორციელონ. მთავრობამ უნდა განახორციელოს პროგრამები პანკისის ხეობაში, ეს უნდა გამოიხატოს მატერიალურ და პოლიტიკურ მხარდაჭერაში. ასევე მიმაჩნია, რომ საერთოდ უარი უნდა ითქვას იმ პოლიტიკაზე, რომელის მიხედვითაც, საქართველოს შეიარაღებული ძალები სადღაც ცხელ წერტილში იმყოფებოდნენ. არსად არაფერი გვესაქმება, აბსოლუტურად ცხელი წერტილებით გვაქვს ქვეყანა გარშემორტყმული", - განაცხადა ვალერი ხაბურძანიამ.