ივერიონი / არჩილ ჩუბინიძე: დავამტკიცებთ, რომ შალვა აბულაძე უდანაშაულოა

არჩილ ჩუბინიძე: დავამტკიცებთ, რომ შალვა აბულაძე უდანაშაულოა

ორ პოლიციელზე დაჭრისა და ორი პოლიციელის მკვლელობისთვის დაკავებული შალვა აბულაძის ადვოკატი არჩილ ჩუბინიძე მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის უდანაშაულობაში დარწმუნებულია, ამის შესახებ აბულაძის ადვოკატმა "კვირას" პრესკლუბში ისაუბრა.

 

მისი თქმით, როდესაც პოლიციელებზე თავდასხმა განხორციელდა, შალვა აბულაძე არც ბორჯომში და არც თბილისში არ იმყოფებოდა.

 ადვოკატმა დაადასტურა, რომ შალვა აბულაძე დიდი ხნის განმავლობაში უკანონოდ ფლობდა იარაღს, გააჩნდა ხელყუმბარაც, თუმცა იარაღი, რომლითაც პოლიციელების მიმართ გასროლა განხორციელდა, ადვოკატის მტკიცებით, მას არ ჰქონია და ბრალდებულმა არ იცის, როგორ აღმოჩნდა მასთან დაკავებისას "გლოკის" სისტემის იარაღი.

"დაკავებისას ამოღებული მეორე იარაღი, რომლითაც პოლიციელთა მიმართ გასროლაა განხორციელებული, მას არ ჰქონია და არც ის იცის, დაკავებისას როგორ აღმოჩნდა ეს ამოღებული. ამ ტიპის - "გლოკის" სისტემის იარაღით პოლიციაა აღჭურვილი. რაც შეეხება მეორე იარაღს და ხელყუმბარას, ის ნამდვილად მისი იყო და თავის დაცვის მიზნით ფლობდა. ბორჯომში ჩატარებული ხმაურიანი აქციის შემდეგ ხაზარაძის წარმომადგენლებმა აბულაძის ჯერ მოსყიდვა სცადეს, შემდეგ კი მუქარაზე გადავიდნენ. მასზე ზეწოლას მამუკა ხაზარაძის ხელქვეითები და მისი აგენტები აწარმოებდნენ, მათ შორის ბორჯომის პოლიციის ყოფილი უფროსი მამუკა ხვედელიანი. ხაზარაძე ბორჯომის პოლიციასთან გარიგებაშია. რაც შეეხება დანაშაულს, გეტყვით, რომ ის ფიზიკურად არ იმყოფებოდა არცერთი დანაშაულის დროს არც ბორჯომში და არც თბილისში. შალვა აბულაძე მკვლელი არ არის და ჩვენ ამის მტკიცებულებები გაგვაჩნია",- განაცხადა არჩილ ჩუბინიძემ.

16-04-2015, 12:28
უკან დაბრუნება