საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური პანკისელი არასრულწლოვნის სირიაში წასვლის ფაქტზე საუბრობს დააღნიშნავს, რომ აღნიშნულ საკითხში შეცდომა მესაზღვრემ დაუშვა.
როგორც გომელაურმა ჟურნალისტებს განუცხადა, 16 და 18 წლის სკოლის მოსწავლეები თურქეთში თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან გაემგზავრნენ და შემდეგ წავიდნენ სირიაში. გომელაურის განმარტებით, საქმეზე გენერალურმა ინსპექციამ მოკვლევა ჩაატარა და მესაზღვრე, რომელმაც არასრულწლოვანი შეამოწმა, დაისჯება. ხოლო თუ რა ფორმით დაისჯება მესაზღვრე, გომელაურს არ დაუკონკრეტებია.
"ვაღიარებ, რომ საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა, რომელმაც ბავშვი შეამოწმა, დაუშვა შეცდომა. ადამიანს შეეშალა, ჩვენ ამას ვაღიარებთ. გენინსპექციამ საკითხი მოიკვლია და ეს ადამიანი შესაბამისად დაისჯება. სამსახურიდან გათავისუფლდება თუ სასტიკი საყვედური გამოეცხადება, ეს არის გენინსპექციის გადასაწყვეტი. თუმცა, ვფიქრობ, ის მიიღებს ადმინისტრაციულ სასჯელს შს სამინისტროს შიდა დებულების შესაბამისად", - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
გომელაურის განმარტებით, გამოძიება დაწყებულია იმ მიმართულებითაც, თუ ვინ დგას პანკისის ხეობიდან ახალგაზრდების სირიაში გადასვლის უკან და ვინ მოუწოდებს მათ, ჩაერთონ "ისლამური სახელმწიფოსთვის" ბრძოლაში.
"პანკისიდან ორი ახალგაზრდის სირიაში გადასვლის შემდეგ მსგავსი ფაქტი არ დაფიქსირებულა. თუ სრულწლოვან ადამიანს თურქეთის მიმართულებით გადაადგილება სურს, საიდანაც შესაძლოა, სირიაში გადავიდეს, ძნელია, ეს დაუშალო, ჩვენ არ გვაქვს ამის უფლება. რაც შეეხება ზოგადად პანკისიდან სირიაში გადასვლის პრობლემას, ეს არ არის ერთი და ორი წლის პრობლემა, ხეობაში ის მრავალი წელია არსებობს. ძალიან სამწუხაროა ის, რაც მოხდა. რა თქმა უნდა, ჩვენ ამ ფაქტს ვგმობთ, მაგრამ მინდა, ხაზი გავუსვა, რომ რამდენიმე შემთხვევაში ჩვენ შევძელით და არ გავუშვით ახალგაზრდები. სამწუხაროდ, ამაზე არავის არაფერი უთქვამს", - განაცხადა გომელაურმა.