ივერიონი / "პოზიცია" "ვარდების რევოლუციიდან" დღემდე ბიუჯეტიდან გაცემული პრემიების ოდენობას ასაჯაროებს

"პოზიცია" "ვარდების რევოლუციიდან" დღემდე ბიუჯეტიდან გაცემული პრემიების ოდენობას ასაჯაროებს

არასამთავრობო ორგანიზაცია "პოზიცია" ყოფილი და ახალი ხელისუფლების პერიოდის პრემიებთან დაკავშირებით კვლევას აქვეყნებს. ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევის ობიექტში სააკაშვილის ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები, ძირითადად, ყველაზე მაღალშემოსავლიანი მინისტრები და 2012 წლის ხელისუფლების ცვლილების შემდგომ ჩამოყალიბებული მინისტრთა კაბინეტის წევრები მოხვდნენ.

როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, კვლევის შედეგად იკვეთება ტენდენცია, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების მინისტრები ხშირ შემთხვევაში გაცილებით მაღალ პრემიებსა თუ სახელფასო დანამატებს იღებდნენ, ვიდრე დღევანდელი მინისტრთა კაბინეტის წევრები.

"პოზიცია" შედარებისათვის წარმოგიდგენთ 2011, 2013 და 2014 წლების სურათს, რომლის მიხედვითაც ნათლად იკვეთება ტენდენცია, რომ "ნაციონალური მოძრაობის" მინისტრები ხშირ შემთხვევაში გაცილებით მაღალ პრემიებსა თუ სახელფასო დანამატებს იღებდნენ, ვიდრე დღევანდელი მინისტრთა კაბინეტის წევრები. ამის მიუხედავად, "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები ხშირ შემთხვევაში ისეთ სურათს ხატავენ, რომ მაღალ თანამდებობებზე ყოფნისას მათ არათუ დიდი ოდენობით, არამედ საერთოდ არ მიუღიათ პრემია თუ სახელფასო დანამატი. არასამთავრობო ორგანიზაცია "პოზიცია" არც "ნაციონალური მოძრაობის" და არც დღევანდელი ხელისუფლების მიერ ამ კუთხით არასწორად წარმართულ პოლიტიკას არ იწონებს, მაგრამ ამ შემთხვევაში, ჩვენი კონკრეტული მიზანია შევადაროთ, თუ რა ოდენობის შემოსავლები მიიღეს სააკაშვილისა და მისი შემდგომი ხელისუფლების მაღალი თანამდებობების პირებმა.

ჩვენთვის ყველაზე დიდი ინტერესი გამოიწვია 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს მაშინდელი ფინანსთა მინისტრის ნიკა გილაურის პრემიამ, რომელმაც 71 320 ლარს მიაღწია. ხოლო წლიურმა შემოსავალმა 113 800 ლარი შეადგინა. ეს თანხა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ფინანსთა მინისტრების შემოსავლებს შორის - რეკორდულია.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ 2008 წლის აგვისტოში, როდესაც საქართველო რუსეთთან საომარ მდგომარეობაში იმყოფებოდა, ფინანსთა მინისტრმა ნიკა გილაურმა - 9 040 ლარი, ხოლო იმავე წლის დეკემბერში კი - 17 700 ლარი მხოლოდ პრემიის სახით გამოიწერა.


მინისტრებს შორის 2011 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი ოდენობით შემოსავალი დაფიქსირდა:

1. გიორგი ბარამიძე - მისი შემოსავალი 122 400 ლარით განისაზღვრა;

2. ნიკოლოზ რურუა - 121 400 ლარი;

3. რამაზ ნიკოლაიშვილი - 109 740 ლარი;

4. ალექსანდრე ხეთაგური - 105 532 ლარი;

5. კობა სუბელიანი - 93 290 ლარი;

6. ხათუნა კალმახელიძე - 97 355 ლარი;


7. გრიგოლ ვაშაძე: - 84 960 ლარი;


8. გიგი უგულავა - 95 400 ლარი.

2011 წლისთვის, პრეზიდენტის 2005 წლის 25 იანვრის №43 ბრძანებულების თანახმად, მინისტრებისა და თბილისის მერის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო განისაზღვრებოდა 3 540 ლარით - წლიური 42 480 ლარი. ანუ გამოდის, რომ სააკაშვილის მინისტრების ერთი ნაწილი ყოველთვიურად, საშუალოდ, ხელფასის ოდენობის თითქმის სამმაგს იღებდა პრემიისა თუ დანამატის სახით.

2013 წელი - 2012 წელს ხელისუფლების ცვლილების შემდეგ საქართველოს მაშინდელი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის 2013 წლის 15 მარტის N53 ბრძანების საფუძველზე, თითოეულ მინისტრს საფინანსო წლის განმავლობაში დაუწესდა ყოველთვიური სახელფასო დანამატი 4 335 ლარის ოდენობით. აღნიშნული ბრძანებით, მინისტრების პრემიებით დასაჩუქრების ყოველთვიური პრაქტიკა გაუქმდა და მათი შემოსავალი განისაზღვრა თანამდებობრივი სარგოთი და ხსენებული დანამატით (სულ თვეში 7875 ლარი). აღსანიშნავია, რომ 2013 წლის მარტის თვის შემდგომ, მთელი 2013 წლის განმავლობაში მინისტრების მიერ პრემიის მიღების ფაქტს ადგილი აღარ ჰქონია. ყველაზე დიდი შემოსავალი 2013 წელს სახელფასო დანამატის სახით მიღებული აქვს თავდაცვის მაშინდელ მინისტრს ირაკლი ალასანიას - 83 076 ლარი.

2014 წელი - 2014 წლის 15 ივლისს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ მიღებული №449 დადგენილებით განისაზღვრა საჯარო სექტორში პრემიების გაცემის ახალი წესი, რომლის თანახმადაც, საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირზე ერთჯერადად გაცემული პრემიის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს აღნიშნული პირის თანამდებობრივ სარგოს და ამავე დროს შეზღუდვა დაწესდა პრემიის გაცემის ინტენსივობაზეც. კერძოდ, საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირზე პრემიის მხოლოდ კვარტალში ერთხელ გაცემაა შესაძლებელი. პრემია შესაძლებელია გაიცეს, ასევე, არაუმეტეს წელიწადში სამჯერ, საქართველოს შრომის კოდექსით განსაზღვრულ უქმე დღეებთან დაკავშირებით.

ა/ო "პოზიცია" მიიჩნევს, რომ საზოგადოებამ უნდა იცოდეს სიმართლე პრემიების გაცემის რაოდენობასთან დაკავშირებით, რადგან ეს არის საზოგადოების თანხა, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება", - აღნიშნულია "პოზიციის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

16-04-2015, 15:08
უკან დაბრუნება