ქვეყნის განვითარება შეეწირა ერთ მატყუარა, ცუღლუტ კაცს, - ამის შესახებ ვანო მერაბიშვილმა 7 ნოემბრის საქმეზე საქალაქო სასამართლოში მიმდინარე წინასასამართლო სხდომაზე განაცხადა.
შს ყოფილმა მინისტრმა მიმართა თბილისის სპეცრაზმის ყოფილ მეთაურს, კახა ნაკანს, რომელმაც ციხეში თვითმკვლელობა სცადა, რომ ნუ გაახარებს "შიზოფრენიკ ივანიშვილს".
"მივმართავ ნაკანს, ნუ გაახარებს შიზოფრენიკ ივანიშვილს, რომელსაც თავის ფსიქოანალიზის წიგნში ერთი თავი აქვს დაწერილი, თუ როგორ უნდა მიიყვანოს ადამიანი თვითმკვლელობამდე. ამ თავში წერია, ნაკანი როგორ უნდა მივიდეს თვითმკვლელობამდე, ვენები როგორ უნდა გადაიჭრას. ბევრი თავი ექნება ივანიშვილს ამ წიგნში, მაგრამ არ ექნება ვანო მერაბიშვილისა და გიგი უგულავას შესახებ თავი იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში წარუმატებელია. ივანიშვილი დღემდე თვლიდა, რომ ადეიშვილი ყველაზე ჭკვიანი იყო, მაგრამ ეს თავი ალბათ გადახაზა. ის გამწარებულია. სირცხვილია პროკურატურისა და სახალხო დამცველის განცხადებები, ვითომ ადეიშვილი წითელი ცირკულარიდან მოიხსნა ლტოლვილის სტატუსის გამო. კიდევ ელის რამდენიმე კრუნჩხვა ამ ხელისუფლებას, თუმცა ყველაზე ცუდი ის არის, რომ ამ პროვინციელ, გაუნათლებელ, ტლუ ადამიანს ქვეყანა ეწირება. გაჩერებულია ეკონომიკა და ერთ მატყუარა ცუღლუტს შეეწირა ქვეყანა", - განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.
მისი თქმით, როდესაც "ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებაში მოვა, იმთავითვე აცხადებს ამინისტიას "პატარ-პატარა ადამიანებთან მიმართებაში".
"ამ პატარ-პატარა ადამიანების მიმართ საყოველთაო ამინისტია გამოცხადდება. შეიძლება ითქვას, რომ დღესვე ისინი არიან ამნისტირებულები, თუმცა ყველა ის ადამიანი, ვინც მონაწილეობა მიიღო ნაკანის დაკავებაში, თენგიზ გუნავას დაკავებაში და რიგითი თანამშრომლების მიმართ უკანონო ქმედებებში, პირობას ვდებ, რომ ყველა ეს ადამიანი პირადად ჩემს მიერ დაისჯება. ყველას პასუხს პირადად ვაგებინებ", - განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.