იური ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმეზე გამოძიებას ბევრი ვერსია აქვს, თუმცა ამ ეტაპზე, მათ შესახებ დეტალურად ვერ ისაუბრებს, ამის შესახებ მთავარი პროკურორის მოადგილე ირაკლი შოთაძემ გადაცემა "რეაქციის" ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ გია სოსანაშვილს ბრალი დაუმძიმდა. მას დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ დანაშაულში ერთ-ერთი მაკვალიფიცირებელი გარემოება დაემატა, რაც განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე პროკურატურა ინტენსიურ გამოძიებას აწარმოებს.
"ამ მკვლელობის მეთოდის სისასტიკიდან და ფორმიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, სამართლებრივი საფუძვლები გვქონდა, რომ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ მკვლელობაზე გვემსჯელა, თუმცა იმ დროისთვის საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობდა", - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.