სირიასა და ერაყში მიმდინარე ტრაგიკულ მოვლენებთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს. განცხადებას ნეწს.გე უცვლელად გთავაზობთ:
"სირიასა და ერაყში მიმდინარე ტრაგიკულ მოვლენებთან დაკავშირებით მასმედიაში გავრცელდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივნის კომენტარი, რომელიც შეგნებულად არის დამახინჯებული და ეკლესიის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად. ამის შესახებ მამა მიქაელმა გუშინ განაცხადა.
ამჯერად კი შევნიშნავთ, რომ მაშინ, როდესაც საქართველოს საპატრიარქო ყოველთვის გამოთქვამს თავის უარყოფით დამოკიდებულებას ტერორიზმის, მკვლელობების, უზნეობისა და ძალადობის წინააღმდეგ, როდესაც ეკლესიამ მუჰამედის და საერთოდ, მუსლიმთა შეურაცხმყოფელი კარიკატურების გამო ჯერ კიდევ იმ დროს დააფიქსირა თავისი მკვეთრად უარყოფითი პოზიცია, როცა ძალზე ცოტა ქომაგი ჰყავდა ამ საქმეს, განა შეიძლება საქართველოს საპატრიარქოსათვის სულ ერთი იყოს ახლო აღმოსავლეთის ზემოაღნიშნულ ქვეყნებში მოქალაქეთა და, მითუმეტეს, ქრისტიანთა ტანჯვისა და წამების ფაქტები?!
ჩვენი მასმედიისათვის ახლა გახდა ეს თემა საინტერესო; ამ პრობლემის შესახებ კი, საქართველოს ეკლესიის მხრიდან და სხვა ეკლესიების მხრიდანაც არაერთხელ აღინიშნა საერთაშორისო შეხვედრებზე. ქანდელი ასირიელი მორწმუნენი თანადგომის ნიშნად თვენახევრის წინ მიიღეს და დალოცეს სამების საკათედრო ტაძარში. ა.წ. 19 აპრილსაც, კვირაცხოვლობას, სამების საკათედრო ტაძარში და საქართველოს ყველა ეკლესიაში აღევლინება ლოცვა როგორც მართლმადიდებელ გარდაცვლილთა სულების საოხად, ისე მშვიდობისათვის აღნიშნულ რეგიონში.
ყველას ვთხოვთ, იყვნენ უფრო კორექტულნი და წინდახედულნი, მით უმეტეს, როდესაც ასეთ ფაქიზ თემებს ეხებიან", - წერია განცხადებაში.