"ნამდვილად შესანიშნავია ქართველი ოჯახების მიერ მხარდაჭერის გამოვლინება მაშინ, როცა ადამიანები ასეთ დრამატულ პერიოდსა და ტრაგედიას განიცდიან მათ ცხოვრებაში", - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, რიჩარდ ნორლანდმა ქართული ოჯახების მიერ ასირიელი ბავშვების შვილად აყვანის შესახებ საკითხის კომენტირებისას განაცხადა.
ელჩმა განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია, ყურადღების გამახვილება იმაზე, რომ სირიასა და ერაყში მიმდინარე მოვლენების გამო არა მხოლოდ ასირიელებს აქვთ ტრაგედია, არამედ სხვა რელიგიის ადამიანებს.
"იმედი მაქვს, რომ ასირიელ ლტოლვილებს შესაძლებლობა ექნებათ საქართველოში ჰპოვონ თავშესაფარი, მაგრამ მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ არა მხოლოდ ამ ადამიანებს აქვთ დღეს ტრაგედია, არამედ სხვა რელიგიისა და ეთნიკური წარმოშობის ადამიანები გახდნენ მსხვერპლი იმ დიდი უბედურებისა, რომელიც სირიაში, ერაყსა თუ სხვაგან ტრიალებს დღეს. საერთაშორისო თანამეგობრობა მუშაობს და უნდა განაგრძოს მუშაობა იმისთვის, რომ ასეთი სირთულის დროს მოახდინოს ვითარების დასტაბილურება და ამ ადამიანებს, რომლებსაც იძულებით მოუხდათ თავიანთი სახლების დატოვება, მიეცეთ საშუალება დაუბრუნდნენ თავიანთ სახლებს", - აღნიშნა რიჩარდ ნორლანდმა გუშინ ბათუმის სასტუმრო "შერატონში" კონფერენციაზე "ბათუმის საერთაშორისო ფორუმი - რელიგია და მშვიდობა".