სახელმწიფო მინისტრის მოადგილე სანდრო ბრეგაძე აცხადებს, რომ შესაძლოა, გლდანის ციხე მსოფლიოს ყველაზე საშინელ საპყრობილეთა სიაში შევიდეს. ბრეგაძემ გლდანის ციხეში მომხდარ შემთხვევასაც იხსენებს, სადაც საფეხბურთო მატჩის მოსმენის შემდეგ 20 წლის პატიმარი უმოწყალოდ სცემეს.ბრეგაძის განცხადებას "ასავალ-დასავალი" აქვეყნებს.
"გლდანის ციხე შეიძლება შევიდეს მსოფლიოს ყველაზე საშინელ საპყრობილეთა სიაში. ერთ პატარა მაგალითს გეტყვით - საფეხბურთო მატჩი იყო საქართველო-ხორვატია და პატიმრებს მისცეს იმის უფლება, რომ რადიოში მოესმინათ რეპორტაჟი. მატჩის ბოლო წუთზე კობიაშვილმა გაიტანა გოლი და საქართველომ მოიგო. ზედა საკანში ვიღაცამ სიხარულისგან დაიყვირა: "გოლ!" აი ამ სიტყვის გამო დაახლოებით 15 წუთში შემოვარდა იქაური სადისტთა ბანდა და სულ დალეწეს ის კამერა. ჩვენ გვესმოდა განწირული ყვირილი. 20 წლის ახალგაზრდა ყოფილა ის ბიჭი, რომელსაც ათამდე კაცი უმოწყალოდ ურტყამდა", -აღნიშნავს ბრეგაძე.