დნმ-ის ნიმუში, რომელიც იური ვაზაგაშვილის აფეთქების ადგილიდან არის ამოღებული და რომლის იდენტიფიცირებაზეც გამოძიება მუშაობს, გენინსპექციის სამმართველოს უფროსს როინ ასანიძეს ეკუთვნის, - ამის შესახებ ვაზაგაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ გია სოსანაშვილის განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც დღეს პროკურატურაში ადვოკატმა სოსო ჯოგლიძემ შეიტანა.
როგორც ადვოკატმა აღნიშნა, მისი დაცვის ქვეშ მყოფ გია სოსანაშვილს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გუშინ შეხვდა, ესაუბრა და განცხადებაც სწორედ გუშინ წამოიღო. ადვოკატის თქმით, სოსანაშვილი ამბობს, რომ 2015 წლის 6 თებერვალს მისგან დნმ-ის სინჯები აიღეს, რომლის გაყალბებით გადატანა მოხდა ვაზაგაშვილის აფეთქების ადგილას. ადვოკატის თქმით, სოსანაშვილს დნმ-ს ნიმუში საკუთარ კაბინეტში გენინსპექციის სამმართველოს უფროსმა როინ ასანიძემ აუღო და შემდეგ აფეთქების ადგილას გადაიტანა, სადაც ასანიძის კვალიც დარჩა.
"ამ პირმა, რომელსაც გია სოსანაშვილი ჯერჯერობით არ ასახელებს, უთხრა, რომ როდესაც გენინსპექციიდან გამოვიდოდა, დაერეკა და მოეყოლა თუ რა მოხდებოდა. სოსანაშვილი მას დაუკავშირდა და მოუყვა, რომ დნმ-ის ნიმუში აუღეს. ეს პირი, რომელზეც სოსანაშვილი საუბრობს არის პრემიერთან დაახლოებული პირი და ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი მზად არის საჭიროების შემთხვევაში მისი ვინაობა დაასახელოს", - განაცხადა ადვოკატმა.
რაც შეეხება პროკურატურაში ადვოკატის მისვლის მიზეზს, მან სოსანაშვილის განცხადებასთან ერთად პროკურატურას შუამდგომლობით მიმართა, გენინსპექციის სამმართველოს უფროსს როინ ასანიძეს აუღონ დნმ-ის ანალიზი მხარეთა თანდასწრებით. ასევე სოსანაშვილის ადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფზე დაყრდნობით ითხოვს, რომ სოსანაშვილის დაკითხვა დნმ-ს ანალიზის აღების ფაქტზე განეორებით მოხდეს.
"პროკურატურას მინდა ვუთხრა, რომ ნუღარ იწვალებს, აფეთქების ადგილიდან ამოღებული მეორე დნმ-ის იდენტიფიცირებაზე. აღნიშნული ეკუთვნის გენინსპექციის სამმართველოს უფროსს როინ ასანიძეს", - განაცხადა სოსო ჯოგლიძემ.