საკმაოდ ორაზროვანი და შეიძლება ითქვას, არასერიოზული (არასაქმიანი) შეფასებები მოჰყვა ბელორუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს ვიზიტს საქართველოში.
ზოგიერთი იქამდეც მივიდა, რომ „ბატკა“ პუტინის ემისრად მოიხსენია და ამით გვაგრძნობინა, რომ ბელორუსი „დიქტატორის“ საქართველოში სტუმრობა რუსულ კვალს ტოვებს!
ის, რომ ბელორუსია, ყაზახეთთან და სომხეთთან ერთად ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრია, არ ნიშნავს, რომ ლუკაშენკოში რუსეთის აჩრდილი დავინახოთ. მეორეც, საზოგადოებას დაწვრილებით უნდა ავუხსნათ, რა არის საკუთრივ, ევრაზიული კავშირი, რა პლიუსები და მინუსები აქვს მას და შეიძლება თუ არა მივიჩნიოთ იგი ყოფილი სსრკ-ს პოლიტიკურ-იდეოლოგიურ ჩანასახად?!
მიუხედავად იმისა, რომ ყურს გვიჭედავენ ევროპული არჩევანით და ყველაფერი უნდა დავთმოთ ევროკავშირში გაწევრიანების სანაცვლოდ, საზოგადოებამ დღემდე არ იცის, რა ვალდებულებებს გვაკისრებს ევროსტრუქტურაში გაწევრიანება და რამდენად უწყობს ხელს ეს არჩევანი საკუთარი იდენტობის შენარჩუნებას.
საზოგადოებამ ასევე არაფერი იცის იმ მოსალოდნელ „საშიშროებაზე“, რომელსაც ევრაზიული კავშირის სახით გვიხატავენ.
მე არ ვარ რუსული ორიენტაციის მეხოტბე, მაგრამ ეს არ ნიშნავს წინააღმდეგი ვიყო ისეთი ეკონომიკური გაერთიანების, რომელიც ჩემს ქვეყანას სარგებელს მოუტანს.
არც ისეთი მიამიტი ვარ, არ ვაცნობიერებდე, რომ საქართველო (ყოველ შემთხვევაში დღევანდელი გადასახედიდან) იმ კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს, რაც ევროკავშირში გასაწევრიანებლადაა სავალდებულო. იმის კი ნამდვილად მჯერა, რომ ვიდრე ევროკავშირის კარებზე დავაკაკუნებთ, საქართველო იმ წინასწარი ვალდებულებების შესრულებით საკუთარ სახეს დაკარგავს. პირველი ნაბიჯები (ანტიდისკრიმინაციული კანონი, კანონპროექტი უცხოელებზე სასოფლო-სამეურნეო მიწების შეუზღუდავად მიყიდვის შესახებ, ინტენსიური საუბრები ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებაზე, ID ბარათების სავალდებულობა...) ამის ვარაუდის საფუძველს იძლევა.
ახლა კი ვიკითხოთ, რას დაკარგავს საქართველო ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებით და იქნება თუ არა ეს ყულფი საქართველოსთვის რუსეთის კლანჭებში მოსაქცევად?!ამაზე ობიექტურ და მიუკერძოებულ პასუხს ჯერჯერობით არავინ იძლევა!..
რაც შეეხება ბელორუსს და პრეზიდენტ ლუკაშენკოს, მიუხედავად „ბატკა“-ს ახირებული ჩვევების და მართვაში ძალადობრივი (არადემოკრატიული) ელემენტების არსებობისა, ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა ერთ-ერთი წარმატებულია პოსტსაბჭოურ სივრცეში _ შენარჩუნებულია წარმოება, მინიმუმამდეა შემცირებული უმუშევრობა, ბელორუსიაში ჩასული აშკარად იგრძნობ, რომ ქვეყანა სუნთქავს. ნიშანდობლივია ისიც, რომ დედაქალაქში ნამდვილად იგრძნობა თანამედროვე ეპოქის ელემენტებიც, რომელიც შეზავებულია მე-20 საუკუნის რეალობასთან.
თამამად შეიძლება ითქვას, რომ ბელორუსის სახით პოსტსაბჭოთა სახელმწიფოში საქმე გვაქვს შერეულ ეკონომიკასთან, რომელიც საშუალებას იძლევა შერბილდეს მწვავე სოციალური პრობლემები და ქვეყანამ საკუთარი იდენტობაც შეინარჩუნოს!
შეიძლება ბევრს არ მოსწონს „დიქტატორი“ ლუკაშენკო მართვის არადემოკრატიული პრინციპების გამო, მაგრამ ერთი რამ ფაქტია: სხვა პოსტსაბჭოთა სახელმწიფოებისგან განსხვავებით მან საკუთარი ქვეყანა ნგრევას და სულიერ დეგრადირებას გადაარჩინა. სხვა საკითხია, ლუკაშენკოს ხუშტურები და ქვეყანაში მის სახელთან დაკავშირებული კლანების არსებობა, რომელიც ზემოთხსენებულს ნამდვილად ვერ გადაწონის!
P.S. მე არ ვიცი, კონკრეტულად რა მისიით ჩამოვიდა ბ-ნი ლუკაშენკო და რა პასუხი გაატანეს აქედან, მაგრამ მეზობელი სახელმწიფოს მეთაურის ვიზიტი ყოველთვის სასარგებლოა. მითუმეტეს, მისი რეკომენდაციები ზედმეტად გადემოკრატებულ საქართველოს ნამდვილად არ აწყენდა!!!
ზაურ ნაჭყებია