"საქინფორმი" მიმართავს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს და მინისტრ დავით სერგეენკოს, დართოს ნება აფთიაქებს, გასცენ მაღალი არტერიული წნევისა და გულის უკმარისობის პრეპარატები ურეცეპტოდ.
"ამ სენით გაწამებულ ადამიანებს ხშირად აქვთ უქეიფობა და შეტევები ქუჩაში ყოფნისას, წამალი კი თან არ აქვთ! სიტუაცია კიდევ უფრო მწვავდება, როცა ავადმყოფები - თბილისელები კი არა, საქართველოს რაიონებიდან დედაქალაქში ჩამოსულები არიან!
ნუ აწვალებთ ხალხს! საკმარისია ისიც, რომ საქართველოს მთელ მოსახლეობას უკიდურესად მოუხერხებელი პირობები შეუქმენით წამლებზე რეცეპტების შემოღებით, რის გამოც ადამიანები იძულებული არიან, საათობით იდგნენ რიგებში პოლიკლინიკებში, ექიმთან მიღებაზე, რეცეპტის გამოსაწერად! მოქალაქეები, რომლებსაც სამსახური აქვთ, ამისათვის იძულებული არიან, დაეთხოვონ ხელმძღვანელობას, რითაც ზიანი ადგება იმ სახელმწიფო დაწესებულებებისა და კერძო ორგანიზაციების საქმიანობას, რომლის თანამშრომლებიც ისინი არიან", - წერია "საქინფორმის" განცხადებაში.