საქართველოს მთავრობამ 9 და 26 მაისის აღნიშვნის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა. როგორც ჟურნალისტებს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა მაია ცქიტიშვილმა განუცხადა, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს სამხედრო აღლუმი არ იქნება, თუმცა გაიმართება საზეიმო ღონისძიებები, რომელშიც მონაწილეობის საშუალება ყველა მოქალაქეს ექნება.
"საქართველოს ყველა მოქალაქეს ექნება საშუალება, მონაწილეობა მიიღოს როგორც 9 მაისს, ისე 26 მაისს დაგეგმილ ღონისძიებებში. ვფიქრობ, ორივე თარიღი სახელმწიფო ზეიმის ტოლფასი გახდება. 26 მაისს აღლუმი არ იქნება, მაგრამ იქნება ფიცის დადების ცერემონია, რისი ტრადიციაც ბოლო 2 წლის განმავლობაში ჩვენ დავამკვიდრეთ და თავისუფლების მოედანზე გაიმართება", - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
მისივე ინფორმაციით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნის ფარგლებში სხვადასხვა ღონისძიებაც მოეწყობა, მათ შორის, რუსთაველის გამზირზე განლაგებული იქნება ყველა სამინისტრო თავიანთი პროექტებით.
"ღონისძიებების ფარგლებში მოეწყობა სახალხო სეირნობა - ზეიმი, რომელიც შარშან და შარშანწინაც გაიმართა. რუსთაველის გამზირზე ისევ იქნება განლაგებული სამინისტროები თავიანთი პროექტებით, ასევე მოეწყობა სხვადასხვა გასართობი ღონისძიება. საღამოს პარლამენტის შენობასთან დაგეგმილია დიდი კონცერტი. გამოყვანილი იქნება სამხედრო ტექნიკაც და გამოიფინება ისტორიული კოსტიუმები, ასე რომ, ვფიქრობ, ნამვილად კარგი ზეიმი გამოვა", - აღნიშნა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, რომლის ინფორმაციითაც, თბილისის გარდა, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა ყველა თვითმმართველ რეგიონში იგეგმება.
საქართველოს დამოკიდებლობის დღეს - 26 მაისს სამხედრო აღლუმი უკვე მესამე წელია, აღარ იმართება.