საქართველოში მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობისა და ეფექტურობის გაძლიერების საკითხზე სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" კონფერენცია მიმდინარეობს. კონფერენცია ევროპის საბჭოს ორგანიზებით იმართება და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძემ გახსნა.
"საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, პროექტის დამფინანსებლები და რაც მთავარია სასამართლო კორპუსი დღეს შევიკრიბეთ იმ საკითხების განხილვისთვის, რომელიც შეეხება დისციპლინურ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებულ ფუნდამენტურ თემებს. ბოლო 2 წლის განმავლობაში, ფაქტობრივად, დისციპლინური სამართალწარმოების კუთხით საქმე კოლეგიაში არ შესულა, რაც ნიშნავს, რომ არც ერთი მოსამართლე დისციპლინური სახდელით არ ყოფილა დასჯილი. კარგია, თუ სასამართლო მუშაობს შეცდომების გარეშე და არ არის მოსამართლეთა მიერ სამართალწარმოების პროცესში დაშვებული დისციპლინური გადაცდომები, თუმცა ამის პარალელურად, ჩვენ ვიმსჯელებთ და შევეცდებით, პასუხი გავცეთ კითხვას, რა პრობლემები აქვს თავად საკანონმდებლო ბაზას", - განაცხადა გვენეტაძემ.