განათლების სისტემაში არსებულ პრობლემებზე საუბრობს „საგანმანათლებლო ალიანსის“ თანათავმჯდომარე მარიამ რამინაშვილი:
„შეუძლებელია არ გამოეხმაურო განათლებისა და მეცნიერების მინისტრის კომენტარს პირველკლასელთა ასაკის განსაზღვრასთან დაკავშირებით. ვთვლი, რომ მისი კომენტარი, არაკომპეტენტურობისა და ჯიბრიანობის მიღმა, შეურაცხმყოფელი იყო არა მხოლოდ ამ პრობლემასთან მდგომი მშობლებისთვის, არამედ საქართველოს ყველა მოქალაქისთვის, რადგან ამით მინისტრმა დაკარგა მთავრობის წარმომადგენლის სახე და საზოგადოებას ნიშნისმოგებით აუწყა თავისი გადაწყვეტილების უალტერნატივობისა და მისი პოზიციის შეუვალობის შესახებ.
ამით მინისტრმა ხაზი გაუსვა და გამოააშკარავა ზოგადად უმრავლესობის სახე საკანონმდებლო ორგანოში, რომლებიც კენჭისყრის დროს არა არგუმენტებისა და საკუთარი პოზიციების საფუძველზე იღებენ გადაწყვეტილებას, არამედ ისე, როგორც უბრძანებენ მთავრობის კანცელარიიდან. შეურაცხმყოფელია მთლიანად საკანონმდებლო ორგანოსთვის ის ფაქტობრივი მდგომარეობა, რომელშიც მინისტრის გადაწყვეტილებით აღმოჩნდა - ჯერ კიდევ განხილვის პროცესში მყოფი პირველი მოსმენით გასული კანონპროექტის პარალელურად სამინისტრომ გამოაცხადა პირველკლასელთა რეგისტრაცია, რითაც ხაზი გაუსვა საკანონმდებლო ორგანოს მუშაობის ფორმალურ ხასიათს და, იმთავითვე, უმრავლესობის ყველა წარმომადგენელს გადაწყვეტილების მზამზარეული ფორმულა შესთავაზა, არგუმენტად კი აქამდე დაუსახელებელი რეალობა გამოამზეურა, თითქოს ,,როდესაც უკვე დაგეგმილია მოსწავლეთა რაოდენობა, სასწავლო რესურსების მობილიზება, ასეთი ინიცირება ძალიან მარტივი დასანახია და ყველა უნდა ხვდებოდეს, მხოლოდ და მხოლოდ დესტრუქციულია და არ ემსახურება არავის კეთილდღეობას" (თ. სანიკიძე). აქამდე არსებული არგუმენტების ფონზე მოულოდნელი იყო მინისტრის მიერ გაკეთებული კომენტარი, სამინისტრო აპელირებას აკეთებდა იმ ფაქტზე, რომ ხუთწლიანი მოსწავლეების სკოლაში შესვლა დაუშვებელი იყო და პრობლემებს უქმნიდა თავად მოსწავლეებს, მაგრამ როცა კანონპროექტი მხოლოდ იმ მოსწავლეების რეგისტრაციის მოთხოვნით შერმოიფარგლა, რომლებსაც კალენდარული წლის ბოლომდე უსრულდებოდათ 6 წელი, მაშინ საკითხი სამინისტრომ შეაფასა როგორც დესტრუქციული და გაასაღა ვიწრო პარტიული ინტერესების პროვოკაციად - სწორედ აქ გამჟღავნდა მინისტრის უპატივცემულო დამოკიდებულება იმ მშობლების მიმართ, რომლებისთვისაც ეს საკითხი სასიცოცხლო მნიშვნელობას იძენს და მათი ინტერესები აბსოლუტურად სცილდება რაიმე ტიპის პოლიტიკურ განცხადებას.
კიდევ ერთხელ, მინდა აღვნიშნო:
•არცერთი პედაგოგიური თეორია არ განარჩევს მოსწავლეთა სასკოლო მზაობას მათი დაბადების თვეების განსხვავების მიხედვით;
•არ შეიძლება ერთ წელს დაბადებული ბავშვები განსხვავებულ საზოგადოებრივ აქტივობებში იყვნენ ჩართული მათი მოღვაწეობის ნებისმიერ ეტაპზე; (სკოლის დამთავრების შემდგომაც)
•არცერთი კვლევა არ იძლევა რეკომენდაციას ექვსწლიანი მოსწავლეების სკოლაში ეტაპობრივად შესვლასთან დაკავშირებით;
შესაბამისად, რჩება განცდა, რომ სამინისტროს, უბრალოდ, არ სურს შეცვალოს პირველი პოზიცია და გაითვალისწინოს საზოგადოების მოთხოვნა. არ აინტერესებს, რა პრობლემების წინაშე აღმოჩნდებიან ის ბავშვები, რომლებიც მზად არიან სკოლაში შესასვლელად, რადგან თვლის, რომ მისი მხრიდან ეს დათმობას დაემსგავსება და, შესაძლებელია, შეურაცხყოფადაც კი აღიქვამდეს. ასეთი მიდგომა ტოტალიტარული მმართველობის სტილს ჰგავს და უფრო მეტად სახიფათოა, ვიდრე ეს შეიძლება ერთი კონკრეტული პრობლემის ჭრილში შეიძლება იქნას განხილული. თუმცა განათლების სამინისტროს მხრიდან ამგვარი მიდგომა მის მიერ განხორციელებულ ბოლო აქტივობებში თვალშისაცემია და ამიტომ მაფიქრებს ამ საკითხთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის ზერელე დამოკიდებულება - კოლექტიური აზროვნების ასე ღია დემონსტრირება მათ მიერ რატომ არ აღიქმება საკანონმდებლო ორგანოს შეურაცხყოფად?!