ივერიონი / რა გაძლებს 5 იანვრამდე?!

რა გაძლებს 5 იანვრამდე?!

ამ დროისთვის უკვე 2000 ხელმოწერაა შეგროვებული საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით.


ხელმოწერები არასამთავრობო ორგანიზაცია "ერთსულოვნება საზოგადოებრივი უფლებების დაცვის" ორგანიზებით უკვე მესამე დღეა მიმდინარეობს.


"2012 წლის 11 ნოემბერს ჩავატარეთ პრესკონფერენცია, გავაცანით საზოგადოებას ჩვენი სამოქმედო გეგმა და უკვე 3 დღეა დავიწყეთ ხალხმრავალ ადგილებში ხელმოწერების შეგროვება. მოსახლეობის აქტივობა ძალიან მაღალია", _ განუცხადა "ივერიონს" არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელმა ნინო წინამძღვრიშვილმა.


ამ ეტაპზე ხელმოწერების შეგროვება პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით თბილისის მაშტაბით მიმდინარეობს, მაგრამ რეგიონებში გასვლაც იგეგმება. ხელმოწერების შეგროვება მიზნად ისახავს პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის დაყენებას პარლამენტში. ამითვის აუცილებელია, 200 000 ხელმოწერა შეგროვდეს.


"ჩვენ ვართ საზოგადოების ინტერესების დამცველი და არც ერთ პოლიტიკურ პარტიასთან არ ვართ გარიგებულები. ეს პროცესი უნდა დასრულდეს 5 იანვრამდე, რადგან, პრეზიდენტს უფლებამოსილება რეალურად ამ დროს ეწურება. თუმცა, მან ახალი კონსტიტუციის საკუთარ თავზე მორგება მოახერხა და ეს დაუშვებელია. საზოგადოებას არ უნდა, რომ ამ კაცს კიდევ 9 თვე უყუროს, ჩვენ მას არ ვენდობით", _ აცხადებს ნინო წინამძღვრიშვილი პრეზიდენტ სააკაშვილის გადაყენების მოთხოვნით, არასამთავრობო ორგანიზაციის ინიციატივას მოქალაქეებიც იზიარებენ და ფიქრობენ, რომ პრეზიდენტის გადადგომასთან დაკავშირებით უფრო აქტიური ქმედებებია საჭირო.


"იმ ხალხმა, ვინც ბიძინა ივანიშვილის პარტიას დაუჭირა მხარი, 5 ნოემბერს თავისულფლების მოედანზე უნდა მოვაწყოთ ხალხმრავალი აქცია და მოვითხოვოთ პრეზიდენტ სააკაშვილის გადადგომა", _ აცახდებს "ივერიონთან" საუბარში რიგითი მოქალაქე.

16-11-2012, 16:12
უკან დაბრუნება