"სახიფათოა არა ონიანის, ფირცხალავას, უტიაშვილის ორგანიზაციები, არამედ გიგაურის, კოჟორიძის... ხალხი, ვინც სახე დაკარგა პოლიტიკაში და არასამთავრობო სექტორში ცდილობს განწმენდას, ნაკლებ სახიფათოა", -განაცხადა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა "კვირის 20/30"-ში.
"ეს ხალხი, ვინც სახე დაკარგა პოლიტიკაში და არასამთავრობო სექტორში ცდილობს განწმენდას, ნაკლებ სახიფათოა. როდესაც სახელდებიან ონიანი, ფირცხალავა, უტიაშვილი ან ახალაიას მეუღლე, რომელიც ძალიან აქტიურობს, ეს ნაკლებ სახიფათოა ამ სფეროსთვისაც და საზოგადოებისთვისაც. ისინი ობიექტურობაზეც კი ვერ შეგეკამათებიან, იმიტომ, რომ ისინი პროპაგანდას ეწევიან "ნაციონალური მოძრაობის".
მე მინდა გავაგრძელო და ძალიან წარმატებული არასამთავრობო ორგანიზაციები დავასახელო, საია გინდათ ეს თუ "გამჭვირვალობა" და ა.შ. სახიფათოა არა ონიანი, ფირცხალავა და უტიაშვილი, რომლებიც, ძალიან კარგად იცის საზოგადოებამ, ვინ არიან, არამედ - ასეთი წარმატებული ორგანიზაციები და მათი მეთაურები გიგაური, კოჟორიძე. მათზე პრეტენზიები არა იმიტომ დამჭირდა, რომ მე გიგაური ან კოჟორიძე მაინტერესებს, არამედ საინტერესოა მათი ორგანიზაციები. ამიტომ მათ ობიექტურობაზე არ უნდა გაჩნდეს ეჭვი. გავიხსენოთ წამების ცნობილი კადრები, ადამიანის პირად ცხოვრებაზე გადაღებული, რაზეც ჟურნალისტები დაპატიჟეს. სწორედ ამ პირებმა - გიგაურმა, კოჟორიძემ და ლომჯარიამ, რომელზეც მე ნაკლებ აქცენტს ვაკეთებ, რადგან მისთვის უფრო მეტი კორექტულობა შემიმჩნევია, როდესაც ეს კადრები შესთავაზეს, მათ მოითხოვეს, არ ეყურებინათ ამ კადრებისათვის, რათა არ მომხდარიყო თითქოს სახეებით ამოცნობა. ვინც ნახა, არაფრის ამოცნობა არ ხდებოდა.
ამავდროულად მათ დაიწყეს კამპანია "ისევ გვისმენენ". რას ნიშნავს - ისევ გვისმენენ?! როდესაც საუბარი იყო წამების ფაქტებზე და საშინელ კადრებზე, მათ დემონსტრაციულად მოინდომეს თემის სწრაფად დახურვა, თუმცა შემდეგ დაიწყეს კამპანია "ისევ გვისმენენ". მათ არც ერთი ფაქტი არ ჰქონდათ ახალ ხელისუფლების დროს პირად ცხოვრებაში ჩარევის.
როდესაც შენიშვნა მივეცი, რომ ეჭვი მაქვს "ნაციონალებთან" მათ თანხვედრაში, სამივე მიმანიშნებდა, რომ მე მსურდა მათ პირად ცხოვრებაში ჩარევა. ამის საფუძველი არ ჰქონდათ", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
ბიძინა ივანიშვილმა "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" კვლევა მოიყვანა მაგალითად და განაცხადა, რომ ეს არაობიექტური კვლევა იყო.
"2012 წლის არჩევნებს წინ გადადგმულ ნაბიჯად აფასებს და რაც მთავარია 2013 წლის არჩევნებზე მეტ დარღვევებს მოიხსენიებს, ვიდრე 2012 წელს. 2012 წლის არჩევნები ჩაატარა "ნაციონალურმა მოძრაობამ" და ამას არჩევნებს ვერ დავარქმევთ, ეს იყო ფაქტობრივად ომი. აქვე ვუპასუხებ ქალბატონს, რომ როგორც სააკაშვილი ამბობდა, მშვიდობიანად კი არ გადმოგვაბარეს ხელისუფლება, არამედ ისეთი ორგანიზება გავაკეთეთ, რომ ვაიძულეთ, ხელის განძრევის გარეშე წასულიყვნენ. მაგრამ ეს სააკაშვილის წინგადადგმული ნაბიჯი კი არა, ახალი გუნდის ნაბიჯი იყო. გიგაურის შეფასება კი იყო ისეთი, თითქოს 2013 წელს უფრო მეტი დარღვევები ფიქსირდებოდა. აი, მის მიერ გამოქვეყნებული კვლევები. როდესაც ლარის დევალვაცია იყო და ხალხი შფოთავდა, მთავრობა აცხადებს, რომ ქამრებს შემოიჭერს. ამ დროს გიგაური აქვეყნებს - 2013-2014 წლებში სასტუმროებსა და რესტორნებში დახარჯული მთავრობის ხარჯები 20 მილიონია. შიგნით კიდევ ცდომილებებია. ამ დროს თუ გააანალიზებ, ირკვევა, რომ ამ თანხებიდან ლომის წილი დახარჯულია შშმ ბავშვების მკურნალობასა და რეაბილიტაციაზე. სათაური კი ისეთი აქვს, სასტუმრო და რესტორნები, ქეიფობენ და გულაობენ. ამ დროს როგორ უხდება ასეთი სათაური", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.