ივერიონი / რატომ მიდის „კიკა“ ხარაკირზე?!

რატომ მიდის „კიკა“ ხარაკირზე?!

ტი-ტუუ! ირაკლი წერეთელმა გუშინ შიმშილობა დაიწყო და მანამდე არ მიატოვებს თურმე, ვიდრე სააკაშვილზე „პოლიტიკური“ დევნა არ შეწყდება, ვიდრე ბაჩო ახალაიას, ვანო მერაბიშვილს, გიგი უგულავას და „საქართველოს ძლიერებისთვის თავგანწირულ ვაჟკაცებს“ ციხიდან არ გაანთავისუფლებენ, ვიდრე დღევანდელი მთავრობა არ გადადგება, ვიდრე ნატოს ბაზები საქართველოში არ განთავსდება, ვიდრე რუსეთის სისხლისმსმელი იმპერია საბოლოოდ არ გაიხრწნება და არ ჩაძაღლდება, ვიდრე, ვიდრე... ვინ მოთვლის წერეთლის (რა გვარს აფუჭებს ეს ოხერი?!) ტვინში მომწიფებულ მოთხოვნებს...

თუ ვივარაუდებთ, რომ „კიკას“ მოთხოვნების 1 პროცენტიც კი შეუსრულებადია, გამოდის, რომ ან ჩვენ უნდა დავუჩოქოთ, ხელი აიღოს ხარაკირობაზე, ან ერთ ჭეშმარიტ ქართველ ვაჟკაცს უნდა გამოეთხოვოს საქართველო!

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ მის სტატუსს „ორიგინალური“ კომენტარები არ დაკლებია. სამწუხაროა, რომ ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, რომელიც გასული საუკუნის 80-იან წლებში „ცვეტში“ იყო და ქართველ ერს „ჭეშმარიტ“ დამოუკიდებულებას და რუსული იმპერიის კლანჭებისგან საბოლოოდ განთავისუფლებას ჰპირდებოდა, დღეს საქილიკოდ იგდებს თავს!

არ ვიცი, რა წვლილი აქვს წერეთელს ეროვნული მოძრაობის გაღრმავებასა და პატრიოტული სულის გაღვივებაში, მაგრამ ქართველი ერი ნამდვილად ვერ დაივიწყებს იმ საბედისწერო სცენარს, როცა საქართველოს პატრიარქი 1989 წლის 9 აპრილს დილით რუსთაველზე შეკრებილ მრევლს მოახლოებულ განსაცდელზე ესაუბრებოდა და დაშლისკენ მოუწოდებდა, ხოლო 9 აპრილის ერთ-ერთი გმირი, ბატონი „კიკა“ მის უწმინდესობას ხელიდან მიკროფონს გლეჯდა და „ფეხის არმოცვლას“ ურჩევდა (თუმცა, ეს არა რჩევა, არამედ ბრძანება იყო!)!!!

მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა, საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა და გარკვეული ტერიტორიებიც დაკარგა კიდეც, მაშინდელი ახალგაზრდა თაობებიც დაბრძენდნენ და დავაჟკაცდნენ. მაგრამ, „კიკა“ ვერა და ვერ გაიზარდა - მისი შემდგომი განცხადებები თუ ინიციატივები ან ღიმილის მომგვრელია, ან ზოგადად დამაფიქრებელი. გუშინდელი ინიციატივა ხომ საერთოდ გონების პრიზმაში არ ჯდება!..

რუსული იმპერიისადმი მისი მარადიული ზიზღი გასაგებია, მაგრამ რამ შეაყვარა ასე სააკაშვილი და „უდანაშაულოდ დატუსაღებული“ ძმანი მისნი და რატომ „იჭრის“ ვენებს „სამართლიანობის აღსადგენად“ და ძლევამოსილი „ნაცმოძის“ „გასაპრავებლად“, გაუგებარია.

თუ კომენტარებით ვიმსჯელებთ, ზოგი ფიქრობს, რომ „კიკამ“ ცდუნებას ვერ ძლია და ორიოდე გროშის დათრევა მოინდომა. არიან ისეთებიც, რომლებიც თვლიან, რომ მას „გამსახურდიას ცოდვამ უწია“ და უკვე საკუთარ ქცევებს ვეღარ აკონტროლებს!

მაოხრებელი გზირივით არ არიან ეს ნაცები? რაც იჩალიჩეს არ ეყოთ და ახლა კიდევ ერთი მამულიშვილის სიცოცხლეც უნდა იმსხვერპლონ!!!

 

                         ანდრია ლისაშვილი

 

exclusivenews.ge/?page=view&artid=15206

                            

28-04-2015, 11:55
უკან დაბრუნება