„ივერიონს“ პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე ახალი მთავრობის ფორმირების აუცილებლობაზე და ივანიშვილის ხელისუფლებაში შესაძლო დაბრუნების პერიპეტიებზე ესაუბრა.
-ბატონო ვახტანგ, მე-7 მინისტრიც გადადგა და ახალი სამთავრობო გუნდის ჩამოყალიბება გარდაუვალი გახდება. თქვენი აზრით, ვისგან მოდის ეს ინიციატივა?
-ჯერ-ჯერობით მართლა არ ჩანს, ვისგან მოდის ასეთი ინიციტივა, თუმცა არ მგონია ამ ცვლილებებმა სოციალურ-ეკონომიკური ვითარება უკეთესობისკენ შეცვალოს. ჩემი აზრით, მთავრობის ცვლილება პატარა გარდამავალი ეტაპია, რომლის მიზანია ლარის კურსის სავალალო ცვლილება თუ სხვა მსგავსი მოვლენები მთავრობას დაბრალდეს, მაგრამ ეს მაინც ვერაფერს შეცვლის! ერთადერთი გამოსავალი რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაა, რომლისთვის მზაობასაც მე მთავრობაში ვერ ვხედავ. ეს მართლაც აუცილებელია საზოგადოებაში ხელისუფლებისადმი დაგროვილი უარყოფითი მუხტის განსამუხტად.
-თქვენი აზრით, გაირბინა თუ არა შავმა კატამ ივანიშვილ-ღარიბაშვილს შორის და იძულებული გახდება თუ არა ივანიშვილი შეელიოს ღარიბაშვილს მთავრობის უსუსურობა-უუნარობის გადაფარვის მიზნით?
-ივანიშვილ-ღარიბაშვილს შორის მთავრობის ლეგიტიმურობის გარანტი ივანიშვილია, სამწუხაროდ, რომელსაც დიდი ძალისხმევა არ დასჭირდება პრემიერის შესაცვლელად. მთავრობა მართლაც გაურკვეველ სიტუაციაშია. არ გამოვრიცხავ, ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებამდე მივიდეთ.
-პოლიტიკური სიტუაციის ჩიხში მოქცევის გამო, დაბრუნდება თუ არა ივანიშვილი ხელისუფლებაში და რას შეცვლის ეს?
- ივანიშვილის ხელისუფლებაში დაბრუნება ვერაფერს შეცვლის და სწორადაც არ მიმაჩნია, თუ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გზით არ დაბრუნდა, არ შეცვლის გუნდს და არ დადებს პირობას, რომ 4 წელი დარჩება ხელისუფლებაში. მანამდე საარჩევნო კოდექსში ცვლილებებია საჭირო, რადგან არჩევნების ლეგიტიმაცია კითხვის ნიშნის ქვეშ არ დადგეს და რეალურად უნდა განხორციელდეს ის რეფორმები, რომლებიც სახელმწიფო მოწყობისა და პოლიტიკის გასაუმჯობესებლადაა აუცილებელი;
დღვანდელი კოალიცია კი პარტიული შემადგენლობით უნდა დარჩეს და მოხდეს არა პარტიული კვოტირება, არამედ პოლიტიკური კუთხით ფორმირება ანუ პარლამენტი უნდა დაკომპლექტდეს პოლიტიკოსებისგან, რათა ის ქვეყნისთვის გამოსადეგი იყოს და არა რომელიმე პოლიტიკური ძალისთვის. (ისე, ივანიშვილს 2012-ში მეტი არჩევანი ჰქონდა და დამოუკიდებელიც იყო შერჩევის პროცესში, ვიდრე დღესაა).
-ამ ბოლო დროს ბევრს საუბრობენ კვირიკაშვილის ან სერგეენკოს შესაძლო გაპრემიერებაზე. თქვენი აზრით, რატომ უნდა შეჩერდეს არჩევანი რომელიმე მათგანზე?
- ღარიბაშვილი თუ ვინმემ უნდა ჩაანაცვლოს, რაც, რელურად, სიტუაციას მაინც ვერ შემოაბრუნებს გაუმჯობესებისკენ, ეს დავით სერგეენკოა. მთავრობისადმი ხალხის დამოკიდებულება ნეგატიურია და ერთადერთი სერგეენკოა, ვისაც უდიდესი ნდობა აქვს მოსახლეობაში. დიახ, ხელისუფლება არჩევანის წინაშე თუ დადგება, რეიტინგის ვარდნის შესაჩერებლად საუკეთესო ფიგურა სერგეენკოა. კვირიკაშვილის სახელი ეკონომიკის ჩავარდნას უკავშირდება და ამასზე არჩევანს არ გააკეთებენ.
ესაუბრა ია ჯღრკავა