მთავრობაში დაგეგმილ ცვლილებებს "დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე ეხმაურება. არასაპარლამენტო ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი მიიჩნევს, რომ ერთადერთი გამოსავალი ამ ვითარებიდან არის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები და რეალური ცვლილებები ხელისუფლებაში
""ქართული ოცნება" რომ აბსოლუტურად მოწყვეტილია რეალობას დღეს კიდევ უფრო კარგად გამოჩნდა და კიდევ ერთხელ დავანახეთ მსოფლიოს, რომ მართლაც უნიკალური ქვეყანა ვართ, სადაც ფინანსური, ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისის დროს ხელისუფლებაში იცვლებიან გარემოს დაცვისა და სპორტის მინისტრები"-განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ნინო ბურჯანაძემ.
მისი თქმით, ქვეყანაში შექმნილ კრიზისულ ვითარებაში მხოლოდ ტექნიკური ცვლილება არის აბსოლუტური კატასტროფის ტოლფასიდა ეს უმძიმეს ვითარებაში ჩააყენებს ქვეყანას და კიდევ ერთხელ ნათლად აჩვენებს იმას, რომ ხელისუფლება ნამდვილად უნდა შეიცვალოს.
"არათუ ღარიბაშვილი, ივანიშვილიც კი ვერ აკონტროლებს სიტუაციას და ვერ ფლობს რეალობის შესახებ ინფორმაციას. ერთადერთი გამოსავალი ამ ვითარებიდან არის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები და რეალური ცვლილებები ხელისუფლებაში. სხვაგვარად ლარის კურსი გაიზრდება, მოსახლეობის გაღარიბება გაგრძელდება და ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისი იმდენად გამწვავდება, რომ ქვეყანა რეალური საფრთხის წინაშე აღმოჩნდება"-განაცხადა "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა.
ნინო ბურჯანაძემ პრემიერ ღარიბაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებს სასაცილო უწოდა და აღნიშნა:
"ეს არის საბავშვო ბაღი, სამარცხვინო სიტუაცია. ეს იცის იმან, რომ იმ ადამიანებს ვირჩევთ ქვეყნის ბატონ-პატრონად, რომლებიც პოლიტიკური ცხოვრების გაგებაში არ არიან და ბიზნესისა და საწარმოების მართვის გარდა არასოდეს არაფერი უკეთებიათ, რომელთათვისაც ოფიციალური თუ სამუშაო ვიზიტი დიდი მიღწევაა და ჰგონიათ, რომ თუ საგარეო საქმეთა მინისტრი ჩამოვა სტუმრად ეს არის ქვეყნის მართვა. ანეგდოტურ სიუტუაციაში ვართ. ძალიან გულიანად გავიცინებდი ამ ქვეყნის მტერი რომ ვიყო, მაგრამ ნამდვილად არ გვაქვს სასაცილოდ საქმე იმ ადამიანებს, ვისაც გვიყვარს და გული შეგვტკივა ჩვენს სამშობლოზე"-განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.