ივერიონი / მთავრობის ადმინისტრაცია: ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტს განახლებულ სამთავრობო პროგრამას წარუდგენს

მთავრობის ადმინისტრაცია: ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტს განახლებულ სამთავრობო პროგრამას წარუდგენს

როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტის წინაშე განახლებული სამთავრობო პროგრამით წარდგება.


"ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტს, კონსტიტუციის შესაბამისად, განახლებულ სამთავრობო პროგრამას წარუდგენს", - აღნიშნეს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში.
ამასთან, მთავრობის ადმინისტრაციაში სამთავრობო პროგრამის დეტალებზე არ საუბრობენ.
როგორც ცნობილია, ირაკლი ღარიბაშვილი სამთავრობო პროგრამით პარლამენტის წინაშე გასული წლის 26 ივლისს წარსდგა, როცა მინისტრთა კაბინეტის 7 წევრის შეცვლის გამო მთავრობა საკანონმდებლო ორგანოს მხრიდან ხელახალი ნდობის მოპოვების აუცილებლობის წინაშე დადგა. მაშინ სამთავრობო პროგრამის სახელწოდება იყო ,,ძლიერი, დემოკრატიული, ერთიანი საქართველოსთვის", რომელიც ღარიბაშვილმა შეაფასა, როგორც "ჩვენი ქვეყნის მომავალი განვითარების გეგმა".
"ეს პროგრამა არის ჩვენი ქვეყნის მომავალი განვითარების გეგმა. ჩვენი ქვეყნის მომავლის საკითხი კი ერთნაირად გვეხება ყველას, თითოეულ ჩვენგანს. პროგრამა, რა თქმა უნდა, ეფუძნება იმ ძირითად პრინციპებს, რომლებიც ჩვენს პოლიტიკურ გუნდს გაცხადებული ჰქონდა ჯერ კიდევ ხელისუფლებაში მოსვლამდე. მინდა გითხრათ, რომ ჩვენი მთავრობის უპირველესი პრიორიტეტი იყო და არის ქართველი ხალხის ცხოვრების გაუმჯობესება. ჩვენი პროგრამა ეყრდნობა საქართველოს ყველა მოქალაქის უპირობო პატივისცემას. ჩვენი მთავრობის პოლიტიკა დაეფუძნება საქართველოს მოსახლეობის მიერ მკაფიოდ გამოხატულ ინტერესებს. მოქალაქეთა ჩართულობა სამთავრობო პოლიტიკის და გეგმვისა და რეალიზაციის პროცესის უმთავრესი საფუძველი იქნება", - განაცხადა 26 ივლისს პარლამენტში გამოსვლისას ირაკლი ღარიბაშვილმა.
მანვე აღნიშნა, რომ მთავრობის უცვლელ პრიორიტეტად რჩება ძლიერი, ეფექტიანი, დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობა.
"ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის, რომ დემოკრატიულ რეფორმებს შეუქცევადი ხასიათი მიეღო. პირველ რიგში, აღვნიშნავ იმას, რომ მნიშვნელოვნად შეიცვალა საკანონმდებლო ბაზა; სახელმწიფო ორგანოები დაბალანსებულად მუშაობენ; დაიწყო რეალური თვითმმართველობის მშენებლობის პროცესი, რაც, შეიძლება ითქვას, სრულიად ახალია საქართველოსთვის; მართლმსაჯულების სფეროში ხორციელდება ფუნდამენტური რეფორმა; რეალობად იქცა მრავალპარტიული პოლიტიკური სისტემის არსებობა ქვეყანაში; უზრუნველყოფილია გამოხატვის თავისუფლება; დაიწყო პოლიტიკური წნეხისგან თავისუფალი საჯარო სამსახურის ჩამოყალიბება.
საქართველოში დაიწყო და გრძელდება ლიბერალურ-დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული ინსტიტუტების განვითარება. სამართლის უზენაესობის უზრუნველყოფის პროცესი შეუქცევადი გახდა; მოქალაქეების კონსტიტუციური უფლებების ხელშეუხებლობის გარანტიას იძლევა სახელმწიფო - დაცულია აბსოლუტურად ყველა მოქალაქე. დაიწყო პოლიტიკური წნეხისგან თავისუფალი სასამართლო და სამართალდამცავი სისტემების მშენებლობა.
პოლიცია გათავისუფლებულია პოლიტიკური წნეხისგან და ჩამოყალიბდა როგორც საზოგადოებაზე ორიენტირებული ორგანიზაცია. მისი ძირითადი მიზანია მოქალაქეთა უფლებებისა და უსაფრთხოების დაცვა. ერთ-ერთი პრიორიტეტია პოლიციასა და საზოგადოებას შორის ნდობისა და თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავება. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა პოლიციის საქმიანობაში ადამიანის უფლებების პატივისცემას, კანონიერების, პროპორციულობის, თანასწორობისა და ნეიტრალურობის პრინციპების დაცვას. გაიზრდება საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფის შესაძლებლობები", - აღნიშნა ღარიბაშვილმა გასული წლის ივლისში, პარლამენტში გამოსვლისას.

 

 წყარო: "ინტერპრესნიუსი"

30-04-2015, 11:28
უკან დაბრუნება