ნდობის მისაღებად, მთავრობის განახლებულ შემადგენლობასთან ერთად, საქართველოს პარლამენტს სამთავრობო პროგრამაც უნდა წარედგინოს. ამას საქართველოს კონსტიტუცია ითხოვს.
ქვეყნის უმაღლესი კანონის მიხედვით, მთავრობის თავდაპირველი შემადგენლობის 1/3-ით განახლების შემთხვევაში პარლამენტის მიერ მთავრობისათვის ნდობის გამოცხადება კონსტიტუციის მე-80 მუხლით დადგენილი წესით ხდება.
მე-80 მუხლის მესამე პუნქტში კი ნათქვამია, რომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი შვიდი დღის ვადაში შეარჩევს მინისტრთა კანდიდატურებს და საქართველოს პარლამენტს წარუდგენს მთავრობის შემადგენლობას ნდობის მისაღებად. მთავრობის შემადგენლობასთან ერთად წარდგენილი უნდა იყოს სამთავრობო პროგრამა.
რაც შეეხება მთავრობისთვის ხელახალი ნდობის გამოცხადების პროცედურას, კონსტიტუციის მე-80 მუხლის მიხედვით, საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებულმა პოლიტიკურმა გუნდმა პრეზიდენტს პრემიერ-მინისტრის კანდიდატურა უნდა წარუდგინოს. ამის შემდეგ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი პრეზიდენტს საკუთარი სურვილით შერჩეულ მინისტრობის კანდიდატებს შესთავაზებს და პრეზიდენტი საკუთარი უფლებამოსილებიდან გამომდინარე, მთავრობას საკანონმდებლო ორგანოში წარადგენს.
ეს ყველაფერი გუშინდელი დღიდან ერთი კვირის ვადაში უნდა მოხდეს.
პარლამენტის ნდობის მისაღებად საჭიროა პარლამენტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა.