ივერიონი / გია ხუხაშვილი:ხელისუფლება სტრატეგიულად გააზრებულ გადაწყვეტილებებს უნდა შეეჩვიოს

გია ხუხაშვილი:ხელისუფლება სტრატეგიულად გააზრებულ გადაწყვეტილებებს უნდა შეეჩვიოს

პრეზიდენტმა პროცესის ჩაცხრობით მიანიშნა, რომ სახელმწიფოებრივ გადაწყვეტილებებში სპონტანურობა მაინცდამაინც სწორი არ არის , - ამის შესახებ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა "ინტერპრესნიუსს" საქართველოს პრეზიდენტის იმ გადაწყვეტილების შეფასებისას განუცხადა.


"ვფიქრობ, რომ ეს ზოგადად, სწორი ტონია. ახლა ისეთი განსაკუთრებული არაფერი ხდება, რომ გადაწყვეტილებები ფართხა-ფურთხით იქნას მიღებული. საერთოდ ხელისუფლება პრინციპულ, სტრატეგიულად გააზრებულ გადაწყვეტილებებს უნდა შეეჩვიოს და სპონტანურობა დღის წესრიგიდან რაღაცნაირად უნდა მოიხსნას. რეალურად მივიღეთ შემდეგი სიტუაცია - გუშინ, 15:00 საათზე პრემიერ-მინისტრს ბრიფინგი ჰქონდა დანიშნული და აცხადებდა, რომ გამოიცვლებოდა 2 მინისტრი, ამის შემდეგ ყველაფერ ამაში რადიკალური ცვლილება მოხდა - არა იმიტომ, რომ ერთი მინისტრი დაემატა, არამედ იმიტომ, რომ თინა ხიდაშელის თავდაცვის მინისტრად წარდგენით პოლიტიკური ლანდაშაფტი მთლიანად შეიცვალა. გაჩნდა ასეთი ეჭვი, რომ არათუ გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრის მიღებული არ იყო, არამედ გადაწყვეტილების მიღების პროცესში საერთოდ მონაწილეობაც კი არ მიუღია. მან უბრალოდ გამოაცხადა რაღაც გადაწყვეტილება, რაზეც თავადაც რამდენიმე საათით ადრე წარმოდგენა არ ჰქონდა", - განაცხადა ხუხაშვილმა.


მისივე შეფასებით, პრეზიდენტმა პროცესის ჩაცხრობით მიანიშნა ამაზე, რომ სახელმწიფოებრივ გადაწყვეტილებებში სპონტანურობა მაინცდამაინც სწორი არ არის.


"მიუხედავად იმისა, რომ მე პირადად ვთვლი, რომ თინა ხიდაშელის თავდაცვის მინისტრად წარდგენა თავისთავად ძალიან ძლიერი პოლიტიკური სვლა იყო, შესაბამისად, პოზიტიურად ვუყურებ, თუმცა აქ კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ქვეყანაში ძალიან მწვავე მმართველობითი კრიზისია, როდესაც მსგავსი უცანური რაღაცეები ხდება და პრეზიდენტმა გადაწყვიტა, რომ ამ სიტუაციაში გაერკვეს - რეალურად რა ხდებოდა, როგორ მიდიდოდა ეს პროცესი, რა დოზით იყო თავად პრემიერი, რას უკავშირდება მისი გადაწყვეტილება. ერთ კვირაში არაფერი ისეთი განსაკუთრებული არ მოხდება და კარგია, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტი კიდევ ერთხელ მიანიშნებს ყველას, რომ ქვეყანაში ინსტიტუტების გაძლიერება მნიშვნელოვანია", - განაცხადა ხუხაშვილმა.


რაც შეეხება სპროტისა და ახალგაზრდობის საკითხთა და გარემოსა და ბუნებრივი რესურების დაცვის მინისტრობის კანდიდატებს ტარიელ ხეჩიკაშვილსა და გიგლა აგულაშვილს, გია ხუხაშვილის თქმით, მას ორივესთან პირადი ნაცნობობა აკავშირებს და დადებითად უყურებს.
"ვფიქრობ, რომ ეს კარგი არჩევანია. არ ვიცი რამდენად ოპტიმალურია, მაგრამ კარგი არჩევანია. ორივეს აქვს გარკვეული გამოცდილება და რესურსი, თუმცა ეს არ არის პოლიტიკურად მნიშვნელოვანი გადაადგილებები. სხვათა შორის, ასეც იყო დაგეგმილი, რომ მთავრობა ნდობის მოთხოვნით შესულიყო ასეთი უმნიშვნელო გადაადგილებებით იმისთვის, რომ შემდგომი მე-2 ეტაპისთვის - უფრო მძიმეწონიანი მინისტრების გათავისუფლებამდე, პრემიერ-მინისტრს 6 მინისტრის შეცვლის კომფორტი შექმნოდა, რომ პარლამენტის გარეშე მიეღო მას გათავისუფლების გადაწყვეტილებები", - განაცხადა ხუხაშვილმა.


ექსპერტი მიიჩნევს, რომ ეს პროცესი დასაწყისია და ამით მინისტრთა კაბინეტის ცვლილება არ დამთავრებულა.
"ეს არის პროცესის დასაწყისი. მე-2 ეტაპზე ჩვენ, ალბათ, ვიხილავთ, სერიოზული პოლიტიკური წონის მქონე მინისტრების გათავისუფლებას და მე-3 ეტაპზე უკვე საკუთრივ პრემიერ-მინისტრს მოუწევს წასვლა. ეს არის პროცესის დასაწყისი, რომელიც ასე დამთავრდება. ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ პროცესი სამ ეტაპად დაეყო. ჩემი აზრით, პოლიტიკური ტაქტიკის თვალსაზრისით, შეიძლება, ეს სწორიც იყოს, რადგან ერთჯერადად ამ აქტის ჩადენას, შეიძლებოდა პოლიტიკური რყევები, პოლიტიკური ოპოზიციის გაქტიურება გამოეწვია, იმის აღქმა გაეჩინა, რომ ეს ყველაფერი ოპოზიციის მოთხოვნით მოხდა, ამიტომ ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ ეს პროცესი გაეწელა, ანუ მთავრობა კი არ მიდის, მთავრობა ნელ-ნელა იპარება - ასეთი დასახელება შეიძლება მოვუძებნოთ ყველაფერს ამას, თუმცა თინა ხიდაშელის გადაადგილება ეს ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკური ნაბიჯია, რაც პოლიტიკურ ოპოზიციას თავისი იდეოლოგიური პლატფორმიდან გამომდინარე, ძალიან სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის", - აღნიშნა ხუხაშვილმა.

1-05-2015, 12:22
უკან დაბრუნება