თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის განცხადებით, ის თავდაცვის სამინისტროში მიდის იმიტომ, რომ ჯარისკაცებს ემსახურს და არა იმიტომ, რომ მაგიდაზე ხელების დარტყმით ელაპარაკოს. განცხადება ხიდაშელმა პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა. მისი თქმით, ის გუნდური მუშაობის მომხრეა და აპირებს თავდაცვის სამინისტროში გუნდურად იმუშაოს. თავდაცვის ახლად დანიშნული მინისტრი ამბობს, რომ ჯარიკსაცები განსაკუთრებულ დამოკიდებულებას და სიყვარულს იმსახურებენ.
"გავლენებით მართვა არ არის ჩემი სტილი. მე გუნდური მართვის ადამიანი ვარ. პარტნიორობით და თანამშრომლობით წარმომიდგენია ნებისმიერ ადამიანთან ურთიერთობა, რადგან მგონია, რომ მაგიდაზე ხელის დარტყმით საქმეები არ კეთდება. საქმეები კეთდება მაშინ, როდესაც მე და თქვენ შევთანხმდებით, რა არის ჩვენი ქვეყნისთვის სწორი და მერე თანაბარი პასუხისმგებლობით გავაკეთებთ მას. მე სხვანაირი მართვა არ ვიცი და დარწმუნებული ვარ, რომ თავდაცვის სამინისტროშიც, ისევე როგორც ნებისმიერ ადგილზე, სადაც მიმუშავია, ეს მუშაობის ყველაზე უფრო სწორი ფორმაა. აღნიშნული განსაკუთრებით ჯართან მიმართებაშია მნიშვნელოვანი, რადგან ეს ადამიანები არიან ყველაზე მაღალი რისკის მატარებლები, და არიან ადამიანები, რომლებიც ყველა ჩვენგანის სიცოცხლის სადარაჯოზე დგანან. ისინი განსაკუთრებულ სიყვარულს, პატივისცემას და მოკრძალებას იმსახურებენ. მე იქ მივდივარ იმიტომ, რომ მათ ვემსახურო და არა იმიტომ, რომ მაგიდაზე ხელების დარტყმით ვილაპარაკო. მე იქ მივდივარ იმისთვის, რომ მათ ვემსახურო იმ კეთილშობილურ საქმეში, რასაც ისინი ყოველდღიურად აკეთებენ", - განაცხადა თინა ხიდაშელმა.
წყარო: „pirveliradio.ge“