პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრის მიმართვა საქართველოს პრემიერ-მინისტრს და პედაგოგებს:
პატივცემულო კოლეგებო! პატივცემულო პედაგოგებო! მეცნიერებო! სტუდენტებო! მშობლებო! განათლების გადარჩენით დაინტერესებულო საზოგადოებავ!
მოგმართავთ ამ მეტად მნიშვნელოვან, მთავრობისათვის საკანონმდებლო ნდობის მოლოდინის რეჟიმში და გთხოვთ მაქსიმალურად იმოქმედოთ საზოგადოებრივი აზრის მობილიზებისთვის. თქვენი აქტიური ჩართულობა უზრუნველყოფს, რათა განათლებისა და მეცნიერების ამჟამინდელი მინისტრი თამარ სანიკიძე არ მოხვდეს განახლებული მთავრობის შემადგენლობაში. შემდეგი გარემოებების გამო:
1. ნეპოტიზმი:
სანიკიძის მინისტრობის პერიოდში არნახული მასშტაბები მიიღო ნეპოტიზმმა. სანიკიძემ ნეპოტიზმი, როგორც მოვლენა, სახელმწიფო რანგში აიყვანა. ამის ნათელი მაგალითია ის, რომ რესურსცენტრის უფროსთა და სკოლის დირექტორთა შესარჩევ კონკურსებზე „იმარჯვებდნენ“ გავლენიანი პროტეჟეების კადრები. ეს გახლდათ "პროტეჟეთა პირველი კონკურსი " საქართველოს უახლოეს ისტორიაში;
2. მოქალაქეთა მასობრივი დისკრიმინაცია.
სანიკიძის რეჟიმის დროს სკოლის დირექტორობის სერტიფიკატების მქონე პირებს სრულიად უკანონოდ არ მიეცათ უფლება სასურველ სკოლებში ეყარათ კენჭი. ამას დაემატა მეორე არადემოკრატიული დისკრეციის უფლება, რომელსაც სანიკიძე იყენებდა და კვლავაც იყენებს თავისი პროტეჟეების დასანიშნად. ამ ფაქტმა ფაქტობრივად გააუქმა არჩევნების დემოკრატიული ინსტიტუტი და სკოლის სამეურვეო საბჭოები კიდე უფრო უუფლებო ფიქციურ მდგომარეობაში ჩააყენა;
3. ტოტალიტარიზმისკენ მიზანმიმართული სვლა.
სანიკიძე მხილებულია ე.წ. "დასმენის ინსტიტუტის" რეანიმაციასა და წახალისებაში. ადგილობრივ დონეზე ამ ინსტიტუტს წარმოადგენენ რესურსცენტრები და ე.წ. „გენინსპექციები“ (რომელთაც ზოგან "გენოებს" უწოდებენ, ზოგან – "სტუკაჩებს" ზოგან – "კინტურასებს"). ისინი ყოველკვირეულად აგზავნიან დანოსებს „ცენტრში“ – სანიკიძის უწყებაში. ამგვარი სისტემით უზრუნველყოფილია უკმაყოფილო მასწავლებელთა კორპუსის „სამარისებური სიჩუმე“ თუ არ ჩავთვლით ცალკეულ "დაუმორჩილებლობის" გამოვლინებებს;
4. ე.წ. „ანონიმშიკების“ საბჭოური პრაქტიკის აღდგენა.
რეგულარულად მიმდინარეობს არასასურველი პირებისა და ორგანიზაციების მიმართ ანონიმური წერილების შეთხზვის პროცესი. ეს ფუნქცია აკისრია სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტს. „ანონიმკების“ საფუძველზე არ მთავრდება შემოწმებები. ამ პრაქტიკის რეანიმატორია შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსი ალექსანდრე ონოფრიშვილი, რომელიც წინა ხელისუფლებაში იყო შემოსავლების სამსახურის ყოფილი უფროსის კეზერაშვილის მარჯვენა ხელი და ამჟამად "წარმატებით" ახორციელებს განათლების სისტემაში წარმატებული და პროფესიონალი კადრების დევნა-შევიწროებას.
ზოგადი განათლების განვითარება და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემა აბარია ადამიანს, რომელიც თავის დროზე მხილებულია ყალბი ატესტატის გაცემაში ეს გახლავთ მინისტრის მოადგილე ლია გიგაური. საკუთრივ სქემა კი არის აბსურდის კლასიკური ნიმუში.
სანიკიძის საკადრო პოლიტიკის შედეგად ყოველ ნაბიჯზე ვაწყდებით არაკომპეტენტურობისა და არაპროფესიონალიზმის მაგალითებს.
ყურადსაღებია ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მიმართ უკანასკნელ დღეებში განვითარებული მოვლენებიც, სადაც ნათლად გამოჩნდა, თუ როგორ "ზრუნავს" სანიკიძე მეცნიერებზე და ჩვენი ქვეყნის ეროვნულ საგანძურზე. პსც-მ უკვე გამოხატა მხარდაჭერა ამ დაწესებულების მიმართ.
აღნიშნული მანკიერი პრაქტიკის დამკვიდრებით ისპობა და ინგრევა მთლიანი სისტემა.
და კიდევ ერთხელ შევეხებით ყველაზე მთავარს – იმ სოციალურ უთანასწორობას, რომელიც პედაგოგთა უდიდეს ნაწილს ფიზიკური არსებობის შენარჩუნების საფრთხის წინაშე აყენებს. შეგახსენებთ, რომ უკანასკნელი სახელფასო მატების დროს, 2012 წელს მასწავლებლის საბაზო ხელფასი შეადგენდა 183, ხოლო ამაჟამად შეადგენს 128 აშშ დოლარის ექვივალენტურს. სახელფასო ზრდის ნაცვლად კი პედაგოგებმა მიიღეს ე. წ. სადამსჯელო რეგულაციები – "მოღერებული ჯოხი".
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თამარ სანიკიძისთვის მინისტრობის შენარჩუნება დაუშვებელია. ამ ადამიანისთვის მინისტრობის გაგრძელება ნიშნავს პედაგოგთა და მეცნიერთა უხელფასობას, კიდევ უფრო მასშტაბურ კორუფციას, „ურჩი“ პროფესიონალების დევნის გაძლიერებას... ჩვენი ერთად დგომა და დარაზმულობა გვიხსნის ამ შავი ჭირისგან. ჩვენ, პედაგოგები 70 ათასი ვართ, ზოგადსასკოლო და სამეცნიერო საზოგადოება კი, ვისაც სანიკიძე „აკონტროლებს“ კიდევ უფრო მეტი.
ვირწმუნოთ საკუთარი ძალის! ერთად ვუთხრათ სანიკიძეს არა! ვალი მოვიხადოთ ქვეყნისა და მომავალი თაობების წინაშე, რომელიც ნამდვილად არ იმსახურებს ასეთ მინისტრს. თითეული ხმა იქნება ფარული.
მაშ ასე, ხელი მოვაწეროთ შემდეგ კატეგორიულ მოთხოვნებს:
1. განახლებულმა მთავრობამ მყისიერად იზრუნოს მეცნიერთა და მასწავლებელთა განათლების მუშაკთა საბაზო ხელფასის ზრდა-სტაბილიზაციაზე, რაც გულისხმობს პირველ ეტაპზე ხელფასის ზრდას იმ ნიშნულამდე მაინც, რომ მისმა მსყიდველობითუნარიანობამ მიაღწიოს 2013 წლის მდგომარეობას, ხოლო შემდგომ თვეებში ზრდა მოხდეს ინფლაციის პროპორციულად.
2. განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პოსტზე არ იქნას წარდგენილი თამარ სანიკიძე;
3. ახალი მინისტრი, სამინისტროს მმართველი აპარატი დაკომპლექტდეს მეცნიერთა და განათლების სფეროში მოღვაწე პროფესიონალი, ღირსეული და სასკოლო საზოგადოებისათვის მისაღები ადამიანებისაგან;
პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრი