თინა ხიდაშელი თავდაცვის სამინისტროში მივიდა. ახალმა მინისტრმა უწყებაში შესვლამდე ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა, სადაც საკუთარ მოლოდინებსა და პასუხისმგებლობაზე ისაუბრა.
"ეს ერთ-ერთი ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი და კაშკაშა მაგალითია ჩვენი ხელისუფლების დამოკიდებულების, დემოკრატიულობის, იმისა, რომ ქართული ოცნების ხელისუფლებისთვის არ არსებობს ხელოვნურად შექმნილი ბარიერები. მე მაქვს მოლოდინი, რომ ეს იქნება ძალიან წარმატებული მინისტრობის პერიოდი პირველ რიგში ქართული ჯარისთვის და ბუნებრივია, თავდაცვის სამინისტროსთვის. ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, რომ როგორც თავდაცვის მინისტრმა, შევძლო, ვემსახურო ერთის მხრივ ქართველ ჯარისკაცებს და მეორეს მხრივ საქართველოს ყველაზე უფრო მთავარ და მნიშვნელოვან ინტერესებს." - განაცხადა თინა ხიდაშელმა.
ახალ მინისტრს უწყებაში უკვე ყოფილი ხელმძღვანელი მინდია ჯანელიძე დახვდა, რომელიც პირადად წარუდგენს თინა ხიდაშელს თანამშრომლებს.