მოცემულობა: ბიუჯეტი - 875 ათასი ლარი, თანამშრომელთა რაოდენობა - 110.
შესასრულებელი სამუშაო: თანამშრომლების მაღალი ხელფასით უზრუნველყოფა, ხელნაწერთა რესტავრაცია, შენახვა, მოვლა-პატრონობა, პოპულარიზაცია, გამოცემა, გამოფენა, დიჯიტალიზაცია, მონაცემთა ბაზების გაკეთება, ექსპედიციების მოწყობა, ახალი მასალების შეძენა და კოლექციის შევსება, ინფრასტრუქტურის განვითარება, ცენტრის შესაბამისი ტექნიკით უზრუნველყოფა და სხვა...
ამბობენ, რომ არსებულ პირობებსა და არსებულ რეალობაში ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა შესაძლებელზე მეტი შეძლოო, თუმცა...
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ბუბა კუდავა თანამდებობიდან მაინც გაათავისუფლა, ხოლო ვაკანტურ ადგილზე კონკურსი გამოაცხადა.
მას შემდეგ სოციალურ ქსელში და მასმედიის საშუალებებში არც ბუბა კუდავას მხარდამჭერი და არც თამარ სანიკიძის სალანძღავი პოსტები არ შეწყვეტილა. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს ნაცნობებიც და უცნობებიც ერთნაირად თანაუგრძნობენ.
მაშინ, როდესაც სანიკიძის უწყებამ კუდავა პრობლემების პოლიტიზირებაში, საგრანტო თანხების არასწორად განკარგვასა და ხელფასებისა და დანამატების სუბიექტურად გაცემაში, ანუ ფაქტობრივად, თანამშრომელთა "ჩაგვრაში" დაადანაშაულა, "ჩაგრულმა" საზოგადოებამ "მჩაგვრელ" ხელმძღვანელს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა. უფრო მეტიც, ამავე "ჩაგრულმა" საზოგადოებამ მხარდამჭერ პეტიციაზე ხელმოწერების შეგროვებაც დაიწყო და საპროტესტო აქციებიც არაერთჯერადად დააანონსა.
"ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი - ეს არის მთელი საქართველოს, მთელი მსოფლიოს კუთვნილება. ამაზე ისაუბრა ბერნარ უტიემ, როცა ის თბილისში იყო. სამინისტროში ალბათ არც იციან ამ დიდებული ადამიანის არც ღვაწლი, არც მისი ამაგი. არც მიკვირს!!!!! ამიტომ ცენტრის მეგობართა საზოგადოება იკისრებს ცენტრის თანამშრომელთა უზრუნველყოფას, რომ სამინისტრო აღარ შეწუხდეს!!!! სირცხვილი თქვენ!!!!!!..." - ეს "პოსტი" თამარ სანიკიძის ყოფილ ლექტორს, ზაზა სიამაშვილს ეკუთვნის, რომელიც განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს ბუბა კუდავას მოხსნის გამო სოციალურ ქსელში აკრიტიკებს.
-"სულ დაკარგე თავმოყვარეობა????? სულ აიღე ხელი ზნეობაზე?????? რა დაგემართა, რა იშოვნე ასეთი???? რამ გადაგრია????? რომც დაგნიშნონ თავიდან, მაინც ვერ შეინარჩუნებ მაგ თანამდებობას. ვის უცხადებ ომს?????? აკადემიკოსებს, იმ ადამიანებს, რომლის შუქზე და ფონზე შენც კი რაღაცას წარმოადგენ.... პირველად შემრცხვა საკუთარი ყოფილი სტუდენტის გამო....."
"თურმე მზექალა შანიძე ტყუის, ზაზა ალექსიძე და ელენე მეტრეველი, მაია რაფავა და ნესტან ჩხიკვაძე, გოჩა საითიძე ტყუიან და თამარ სანიკიძე ამბობს მართალს... როგორ არ რცხვენია მინისტრს, მე როგორ შემომხედავს თვალებში, მის ყოფილ ლექტორს?
კატეგორიულად მოვითხოვ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის განათლების და მეცნიერების სამინისტროსგან ჩამოშორებას, სანამ სამინისტროში ეს არაპროფესიონალიზმი მძვინვარებს...." - წერს ზაზა სიამაშვილი.
ბუბა კუდავას გათავისუფლებას გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის ყოფილი მინისტრი, გიორგი ზედგინიძეც ეხმაურება. მისი თქმით, კუდავა კარგი მენეჯერი და კარგი ადამიანია, საკუთარი საქმე ძალიან უყვარს და სწორედ მისი ძალისხმევის წყალობით, ცენტრში ბევრი საინტერესო პროექტი განხორციელდა. ამას დაფასება უნდა და არა სამსახურიდან გათავისუფლება.
- ბუბა არ იბრძვის დირექტორის ადგილის შესანარჩუნებლად, არ მოქმედებს "მე მინდა"-ს პრინციპით, ის ცენტრის პოზიციიდან საუბრობს და მისი კეთილდღეობისთვის იბრძვის. ყველა მისი გამოსვლა სწორედ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მუშაობას და მისი ქმედუნარიანობის გაზრდას უკავშირდება. ბუბას წინააღმდეგ არანაირი არგუმენტი არ მოგვისმენია არც მის მეგობრებს, არც "ეშმაკის ადვოკატებს" , შესაბამისად, ვერ მივხვდით, რატომ არის ბუბა კუდავა ცუდი, - განაცხადა გიორგი ზედგინიძემ საზოგადოება.გე-სთან საუბრისას.
და მაინც, რას ედავება განათლების სამინისტრო ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს, რა დარღვევები აღმოაჩინა აუდიტის სამსახურმა, რა გააკეთა და ვერ გააკეთა ბუბა კუდავამ მისი ხელმძღვანელობის 9 წლიან პერიოდში, რის საშუალებას იძლეოდა სამინისტროს მიერ გამოყოფილი დაფინანსება და რა ვერ გაითვალისწინა ყოფილმა დირექტორმა სამინისტროსთან ურთიერთობისას, - ამ და სხვა საკითხებზე საზოგადოება.გე-ს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის უკვე ყოფილი ხელმძღვანელი, ბუბა კუდავა ესაუბრება.
ბუბა კუდავა: მოკლედ რომ ითქვას, განათლების მინისტრს სჭირდება ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის პოზიციაზე ადამიანი, რომელიც მის ნებისმიერ მოსაზრებას უპირობოდ გაიზიარებს. მთავარი პრობლემა ჩვენს შორის ურთიერთობაში გახლავთ ის, რომ მე , კონსტრუქციულობის ფარგლებში, თუმცა მკვეთრად ვაფიქსირებ ძალიან პრინციპული ხასიათის პოზიციებს, ვსაუბრობ პრობლემებზე, რაც დგას ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის წინაშე. ბოლო ნახევარი წლის განმავლობაში იყო ორი ასეთი პრინციპული საკითხი: ერთი გახლავთ ჩვენი ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ტერიტორიასა და შენობასთან დაკავშირებული საკითხი, მეორე კი ცენტრიდან ლაილაშის ბიბლიის შესაძლო გატანის საკითხი. ორივე შემთხვევაში მეც და ჩვენმა კოლექტივმაც მკვეთრი პოზიცია დავაფიქსირეთ.
რაც შეეხება შენობას, დაახლოებით, ნახევარი საუკუნეა, დღიდან ამ შენობაში გადმოსვლისა, დგას ახალი შენობის საკითხი. ვინაიდან არის ძალიან ბევრი შენიშვნა ამ ადგილთან დაკავშირებით, საბჭოთა კავშირის დროიდან მოყოლებული, ძალიან ბევრი შენობა იქნა განხილული, მაგრამ მოვედით ამ რეალობამდე და ჯერჯერობით ამ კუთხით არაფერი შეცვლილა. რა თქმა უნდა, ჩვენ მოწადინებულები ვართ, რომ აიგოს ახალი შენობა ახალ და გამორჩეულ ადგილას, თუმცა აღმოჩნდა, რომ ამ საკითხებს წყვეტს განათლების სამინისტრო ჩვენთან კონსულტაციების გარეშე.
მოხდა ისე, რომ ერთ დღეს მე და ჩვენი რამდენიმე წევრი დაგვაყენეს ფაქტის წინაშე - მივედით და ვნახეთ შემოთავაზებული ადგილი, ეს იყო სამების ტაძრის ეზოში.
წინა ისტორიასაც გეტყვით - პატრიარქთან შეხვედრებისას ხშირად დასმულა ჩვენი შენობის საკითხიც. პატრიარქის აზრი იყო, რომ სამების ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარიყო გარვკეული განაშენიანება და კულტურული დაწესებულებები, იქნებოდა ეს ხელოვნების ეროვნული ცენტრი თუ სხვადასხვა მუზეუმები, განთავსებულიყო ამ ტერიტორიაზე, ანუ შექმნილიყო ერთგვარი კულტურული ზონა. ეს აზრი მოგვწონდა, ვინაიდან ყოველთვის გვესმოდა არგუმენტი, რომ თბილისში სხვა ადგილი და შენობა არ იყო. შესაბამისად, თუ ეს კონცეფცია განხორციელდებოდა, ძალიან კარგი იქნებოდა მისადგომობის თვალსაზრისითაც, პოპულარიზების თვალსაზრისითაც და ა.შ. მაგრამ ის ადგილი, რომელიც ჩვენ გვაჩვენა სამინისტრომ, თავისი მასშტაბით და სამების ტაძართან სიახლოვით, არ შეესაბამებოდა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ახალი შენობის ჩვენეულ წარმოდგენებს. მხედველობაში გვაქვს ის, რომ შემოთავაზებულ ფართში ფიზიკურად ვერ დაეტეოდა ახალი ხედვის შესაბამისი ცენტრი და ვერ იქნებოდა სამომავლო განვითარების პერსპექტივა. შეიძლება დღეს სახელმწიფოს არ აქვს იმის საშუალება, რომ თავიდან ბოლომდე განახორციელოს ახალი პროექტი მთელი თავისი მასშტაბით, მაგრამ როდესაც დადგებოდა ამისი დრო, მაშინაც აღმოჩნდებოდა, რომ ადგილი არ არის საკმარისი. მეორე პრობლემა გახლავთ სიახლოვე, 50-100 მეტრით იყო დაშორებული, როგორც მახსოვს, ეს შენობა სამების ტაძარს, რომელიც, თავის მხრივ, არის აბსოლუტური დომინანტი და ვფიქრობ, არქიტექტურულადაც არ იყო გამართლებული საეკლესიო ცენტრისა და საერო ცენტრის ამგვარი სიახლოვე. აი, ეს მოსაზრებები გავაცანი მე პირადად მინისტრს და ამის შემდეგ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩამოვცილდით განხილვების პროცესს. როგორც მოგვიანებით გავარკვიე, ამ საკითხთან დაკავშირებით უკვე უჩვენოდ ხდებოდა შეხვედრები სხვადასხვა პირებთან, კოლექტივიც არ ჩაუყენებია არავის საქმის კურსში.
მეორე საკითხი გახლდათ ლაილაშის ბიბლიის გატანა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრიდან, რასაც ჩვენ კატეორიულად არ ვეთანხმებოდით და ამასთან დაკავშირებითაც დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია. ამ პოზიციების მკვეთრად დაფიქსირების ფონზე შემოვიდა ჩვენთან აუდიტის სამსახური.
ჩვენ გვაქვს ძალიან ცუდი გამოცდილება ანალოგიური კუთხით - 2011 წელს დიმიტრი შაშკინის პერიოდში ჩვენთან იყო გენინსპექცია და ძალიან კარგად ჩანდა მაშინ, რომ მათი მიზანი არ ყოფილა ობიექტური სურათის დადება. არ ვართ პატარები, გვაქვს პროფესიული და ცხოვრებისეული გამოცდილება და ვხვდებით, ვინ რა მიზნით არის მოსული. შესაბამისად, ერთი და იგივე შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე მაშინდელმა და ახლანდელმა ვიზიტმა. ორივე შემთხვევაში იყო სურვილი, - აუცილებლად მოეძებნათ გარკვეული დარღვევები და ნაცადი ხერხით მოეშორებინათ თავიდან არასასურველი ხელმძღვანელი.
ის, რომ მიზანი მართლა ჩემი თავიდან მოშორება ყოფილა, ძალიან კარგად გამოჩნდა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბოლო გამოსვლებიდან, სადაც მან წინსწრებით დააანონსა , რომ ცენტრში იყო დარღვევები. ეს იყო მანამ, სანამ აუდიტის სამსახური წარმოადგენდა დასკვნის პროექტს. ანუ ეს ჯერ კიდევ არ არის დასკვნა. ჩვენ ამ პროექტს უნდა გავეცნოთ და მერე ჩვენ-ჩვენი მოსაზრებები წარმოვადგინოთ. მაშინ რის საფუძველზე განაცხადა თამარ სანიკიძემ, რომ არის დარღვევები და არ გამორიცხავს, რომ გადაეგზავნოს შესაბამის სამსახურებს. ეს არის ნაცადი ხერხი, არის პირდაპირი მუქარა და კიდევ ერთხელ ვაცხადებ, უკავშირდება პირადად ჩემი და ჩემი კოლეგების მიერ დაფიქსირებულ რამდენიმე მკვეთრ პოზიციას.
ამის შემდეგ კიდევ უფრო გართულდა ბევრი ისეთი საკითხი, რომლის მოგვარებაც ძალიან მარტივად შეიძლებოდა და მარტივადაც გვარდებოდა სანიკიძის და სხვა მინისტრების მმართველობის პერიოდშიც. მაგალითად, დანამატების გაცემის საკითხი. ჩნდება კითხვა, თუკი ბოლო ერთი წლის განმავლობაში ასე გავცემდით დანამატებს, ე.ი. ბოლო ერთი წელი ვაშავებდით? და თუკი ვაშავებდით, რატომ იყო ჩუმად ჩვენი მაკონტროლებელი ორგანო, ანუ განათლების სამინისტრო? რა თქმა უნდა, ეს არის ყურით მოთრეული საკითხი და ის აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც დაიწყო აქტივობები დირექტორის თანამდებობიდან ჩამოცილების მიზნით.
კიდევ ერთი უთანხმოების მიზეზი გახდა ჩვენი მხრიდან სამინისტროს მიერ წამოყენებული მოთხოვნის შეუსრულებლობა - ეს იყო, დაახლოებით, თვენახევრის წინ. ჩვენ მივიღეთ დავალება, რომ ყველა ჩვენ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, იქნებოდა ეს საიტზე დადებული "ნიუსი", პრესრელიზი თუ სხვა, ჩვენი დაწესებულება მოგვეხსენებინა როგორც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი. ამაზე მე პირადად განვაცხადე კატეგორიული უარი. ერთი მხრივ, ეს კანონს ეწინააღმდეგებოდა, სამართლებრივად არ იყო სწორი, რადგან ჩვენ მთავრობის დადგენილებით გვქვია "ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი" , მაგრამ არის წმინდა მორალური და წმინდა ემოციური მხარეც: როგორ შეიძლება ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს ერქვას რომელიმე სამინისტროს ეროვნული ცენტრი. თავისთავად სახელწოდებაში ჩანს, რომ ეს ზოგადსახელწმიფოებრივი ცენტრია. როგორც ეროვნულ მუზეუმს არ შეიძლება ერქვას კულტურისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული მუზეუმი მხოლოდ იმიტომ, რომ ის სამინისტრო უწევს სახელმწიფო კონტროლს, ზუსტად ასეთივე აბსურდია ჩვენი შემთხვევაც. ვფიქრობ, ამ მოთხოვნაში ძალიან კარგად გამოჩნდა, როგორ აღიქვამს განათლების სამინისტრო ამ ცენტრს - მისთვის ეს მისი ცენტრია, მის დაქვემდებარებაში მყოფი ცენტრი.
- ქალბატონმა თამარ სანიკიძემ აქცენტი გააკეთა დაბალ ხელფასებსა და დანამატების გაცემის დროს კონკრეტული პირების პრივილეგირებულ მდგომარეობაში ჩაყენებაზეც ...
- ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს რომ ჰქონდეს ადეკვატური ბიუჯეტი, შესაბამისად, ადეკვატური ხელფასები ექნებოდათ ცენტრის თანამშრომლებს და რაღა თქმა უნდა, დანამატი, როგორც ასეთი, არ იარსებებდა. დანამატი არის საჭირო იმისთვის, რომ გარვკეული პოზიციების წახალისება მოხდეს. ეს პრაქტიკა ბოლო ერთი წელია, რაც დავამკვიდრეთ. სხვა გამოსავალი, უბრალოდ, არ იყო. დანამატები გაიცემოდა იმ პოზიციებზე, რომელზეც უწევდათ განსაკუთრებულად საპასუხისმგებლო სამუშაოს შესრულება, ძალიან დიდი მორალური და მატერიალური პასუხისმგებლობა ჰქონდათ დაკისრებული ჩვენი კოლექციის მიმართ. ასეთი პოზიციები იყო მაგალითად, საცავის, სამკითხველო დარბაზის მცველები, რომელთაც ჩვენი მეცნიერ-თანამშრომლებისგან განსხვავებით, იმის ფუფუნება არ ჰქონდათ, ვთქვათ, ერთი დღე არ მოსულიყვნენ სამსახურში, დაეტოვებინათ სამუშაო ადგილი და ა.შ. მეცნიერს ამის ფუფუნება აქვს დ ვაძლევთ ამ შეღავათს, რადგან ისინი მუშაობენ კიდევ სხვა ადგილას, მაგალითად, კითხულობენ ლექციებს და ა.შ. მეორე, ჩვენ მივიღეთ სამწუხარო გამოცდილება - ვინაიდან ხელფასი დაბალი გვაქვს, გარკვეულ პოზიციაზე თანამშრომლები დიდხანს არ ჩერდებიან, მაგალითად, 300 და 350 ლარად თქვენ აქ იურისტს ვერ მოიყვანთ, ვერც ფინანსისტს, ვერც პიარის სპეციალისტს, ვერც მძღოლს ამ დატვირთვაზე, შესაბამისად, იმისთვის, რომ ადაიანები დაგვემაგრებინა, შემოვიღეთ დანამატების სისტემა.
მინისტრი ცრუობს, როდესაც ამბობს, რომ მე მყავდა ფავორიტები, მაგალითად, ჩემი მძღოლი, რომელსაც ჰქონდა დიდი დანამატი. მე მძღოლი საერთოდ არ მყავს და არც არასდროს მყოლია. 2006 წლიდან ვმუშაობ და ყოველთვის გადავაადგილდები ჩემი მანქანით. მძღოლი ჰყავს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს. 110 თანამშრომელზე მოდის ერთადერთი მძღოლი, რომელიც ემსახურება 10 დეპარტამენტს ჩვენთან, უამრავ პროექტს, პარალელურად. ის არის, ფაქტობრივად, კურიერი, მზიდავი, მუშა, უშუალოდ არის ჩართული სხვადასხვა გამოფენების და ღონისძიებების ორგანიზების საქმეში, ხშირად უწევს ზეგანაკვეთურად მუშაობა, მაგალითად, როდესაც ჩამოდიან სტუმრები და აეროპორტში უნდა დახვდეს გამთენიისას, შაბათ-კვირასაც უწევს ხშირად მუშაობა. ასეთი ადამიანისთვის წახალისების გამოყენება თუ გახდებოდა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის კომენტარის საფუძველი, ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი. კიდევ ერთხელ ვიტყვი, ეს არის არაარსებითი საკითხები, რომელიც იქნა გამოყენებული იმისთვის, რომ ჩვენ წინააღმდეგ აგორებულიყო რაღაც კამპანია. მაგრამ არსი არის ის, რომ მე არ ვეთანხმები განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს , ჩემს პოზიციას ღიად ვაფიქსირებ და ყოველთვის შევინარჩუნებ ამ პოზიციას, სადაც არ უნდა ვიყო.
- ბრძანეთ, რომ მიიღეთ აუდიტის დასკვნის პროექტი, რა ჩაიწერა მასში, კონკრეტულად რა დარღვევებზეა საუბარი?
-მე არ მქონდა საშუალება, დეტალურად გავცნობოდი ამ პროექტს. ერთი თვალის გადავლებით კი ეს არ არის არსებითი ხასიათის შენიშვნები, ეს არის მცდელობა, გამოძებნონ ხარვეზები დაწესებულებაში და როდესაც ასეთი სურვილი გაქვს, გარწმუნებთ, ყველგან იპოვიან, მათ შორის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროშიც. ვისურვებდი ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში, პერიოდულად, წელიწადში ერთხელ მაინც მოდიოდეს ანალოგიური ჯგუფები იმ მიზნით, რომ შეისწავლონ ჩვენი პრობლემები და დასახონ ამ პრობლემების გადაჭრის გზებ, გვკითხონ, რა გვაწუხებს, რა არ გვაქვს და რა შეუძლია გააკეთოს სამინისტროს ჩვენი პრობლემების დასაძლევად. ცხრა წელია, აქ ვმუშაობ და სამწუხაროდ, უნდა ვთქვა, რომ ამ მიზნით არცერთი ჯგუფი არასდროს თავისი ინიციატივით არ მოსულა. ყოველთვის იქით ვეხვეწებით, მოდით, დაგათვლიერებინებთ, აგიხსნით, პრობლემებს გაგაცნობთ და ა.შ. ხან ხერხდება ეს, ხან -ვერ, მაგრამ შედეგი, სამწუხაროდ, ის არის, რომ ჩვენი მდგომარეობა პრინციპულად არ გამოსწორებულა.
კიდევ ერთ საკითხს შევეხები, განათლებისა და მეცნიერების მინისტრს საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს, როდესაც ამბობს, რომ ჩვენს წინაშე მდგარი ამოცანები, პრობლემები არის არასწორი მენეჯმენტის შედეგი და თითქოს ჩვენ ჩვენი ძალებით ვერაფერი მოვახერხეთ მანამ, სანამ ისინი არ ჩაერივნენ.
ეს არის აბსოლუტური ტყუილი, აქ არის წარმოდგენლილი დიაგრამა, 2006 წლიდან 1015 წლამდე. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ყოველწლიურად ვითხოვდით წერილობით სამინისტროსგან, პარლამენტისგან, ეზრუნათ ბიუჯეტის გაზრდაზე, ეს ზრდა, სამწუხაროდ, ხან საერთოდ არ ხდებოდა, ხან სიმბოლურ ხასიათს ატარებდა.
2006 წელს ჩვენი ბიუჯეტი იყო 182 ათასი ლარი და 2015 წელს, მრავალჯერ გაზრდის შემდეგ არის 875 ათასი ლარი.
შედარებისთვის გეტყვით, რომ რუსთაველის ფონდის ერთი კონკრეტული კვლევითი პროექტის ბიუჯეტი არის ხშირად 240 ათასი ლარი. ანუ გამოდის, რომ დაახლოებით 3 პროექტის ბიუჯეტი გვქონია ერთი წლის განმავლობაში. წარმოიდგინეთ, ამაში თურმე უნდა ჩაეტიოს ყველაფერი და უნდა შევძლოთ 110 თანამშრომლისკთვის კარგი ანაზღაურების მიცემა, რესტავრაცია, შენახვა, მოვლა, პატრონობა, პოპულარიზაცია, გამოცემა, გამოფენა, დიჯიტალიზაცია, მონაცემთა ბაზების გაკეთება, ექსპედიციების მოწყობა და ახალი მასალის შეძენა, კოლექციის შევსება, ინფრასტრუქტურის განვითარება, ტექნიკის შეძენა და ა.შ. ეს არის აბსოლუტურად წარმოუდგენელი. როდესაც ჩვენ დავიანგარიშეთ, რა მინიმალური თანხები გვჭირდება იმისთვის, რომ მეტ-ნაკლებად ნორმალურად იფუნქციონიროს და ასეთი უკიდურესი გაჭირვების პირობებში არ იყოს ცენტრი, გამოგვივიდა, დაახლოებით 4 მლნ-მდე ლარი.
შედარებისთვის გეტყვით, რომ პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას ბიუჯეტი აქვს, დაახლოებით, 8 მილიონი ლარი, ჩვენს ბიუჯეტზე 10-ჯერ მეტი. მე არ ვამბობ, რომ ბევრი აქვს, მეტიც სჭირდებათ, უბრალოდ, შეუსაბამობაზე ვაკეთებ აქცენტს. თუკი პარლამენტი ახერხებს, რომ თავის დაქვემდებარებაში მყოფ ბიბლიოთეკას ყოველწლიურად გაუზარდოს თანხა და ეს არის, დაახლოებით, ერთი მილიონი ლარი წელიწადში, რატომ ვერ ახერხებს სამინისტრო ჩვენთვის ადეკვატური ბიუჯეტის მოცემას. როდესაც ამბობს ქალბატონი მინისტრი , რომ ჩვენ ჩვენ თვითონ ვერ მოვაგვარეთ პრობლემები, მე მას გავახსენებ, რომ 2013 წლის აგვისტოში, თითქმის ორი წლის წინ, მე მას მივწერე წერილი, სადაც პუნქტობრივად იყო ჩამოყალიბებული და ახსნილი ჩვენს წინაშე მდგარი პრობლემები, ეს არის ჯამში ექვსგვერდიანი წერილი. შენობა, საცავები, კლიმატ-კონტროლის რეჟიმი ექსპედიციები და ა.შ. და ამ ყველაფრისთვის ვითხოვდით 3 მლნ 900 ათასს ლარს. ეს იყო ორი წლის წინ, მიუხედავად ამისა, დღეს ჩვენი ბიუჯეტი არის მხოლოდ 872 ათასი ლარი.
შეცდომაში შეჰყავს მინისტრს საზოგადოება, როდესაც ამბობს, რომ 2014 წელს ხელფასები გაორმაგდა და ამ გაორმაგებული ბიუჯეტით დირექტორმა არ მოახდინა ხელფასების ზრდა. 2013 წელთან შედარებით ბიუჯეტი მხოლოდ 100 000-ით გაიზარდა, ხოლო 100 000 არის მხოლოდ ერთი სამეცნიერო პროექტის ღირებულება. ვერ იტყვის ვერც ერთი სახელმწიფო უწყება, ვერცერთი ყოფილი და ახლანდელი მინისტრი, რომ მათთვის უცნობი იყო ჩვენს წინაშე მდგარი ამოცანები და პრობლემები და თითქოს ჩვენ მათ გარეშე შეგვეძლო პრობლემების მოგვარება.
მე რა შემიძლია მეტი, გარდა იმისა, რომ როგორც მმართველმა, პერიოდულად დავაყენო საკითხი ჩვენი მაკონტროლებელი ორგანოს წინაშე? გეტყვით, რაც შემიძლია. შემიძლია, არ ვიყო მხოლოდ მაკონტროლებელი ორგანოს იმედად და ჩვენი მონდომების, კვალიფიკაციის, ენთუზიაზმის წყალობით შევეცადოთ და მოვიპოვოთ დამატებითი დაფინანსება. ეს ასეც ხდებოდა. მაგალითად, 2013-2014 წლებში ჩვენ მიერ მოპოვებული დაფინანსება იმდენივე იყო, რამდენიც ჩვენი სახელმწიფო ბიუჯეტი, მაგრამ ეს შევძელით ჩვენი აქტიურობის ხარჯზე და ჩვენი ენთუზიაზმის ხარჯზე, სხვადასხვა სახელმწიფო თუ არასახლემწიფო ორგანიზაციებისთვის პროექტების შეთავაზების გზით, რუსთაველის ფონდში კონკურსებში მონაწილეობისა და დაფინანსების მოპოვების გზით, პირადი კონტაქტების, პირადი თხოვნის ხარჯზე მეგობრებისთვის, მეგობრების მეგობრებისთვის, სხვადასხვა პოტენციური დონორებისთვის, ამ ყველაფრის მერე ძალიან ადვილია, რომ მოუბრუნდე დაწესებულებას, რომელსაც თითქმის არც აფინანსებ და ისიც კი საინტერესოა, საერთოდ როგორ ვარსებობთ და მას დააბრალო არასწორი მენეჯმენტი.
რაც შეეხება სამეცნიერო გრანტებს, ის მოპოვებულია ჩვენი, ანუ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომელთა მიერ რუსთაველის თუ სხვადასხვა ფონდიდან. ძირითადი წყარო მანც არის რუსთაველის ფონდი. სამწუხაროდ, ამ ფონდს არ აქვს საკმარისი ბიუჯეტი იმისთვის, რომ ყველა კარგი პროექტი დააფინანსოს. ამიტომ მათ უწევთ საუკეთესოთა შორის საუკეთესოს არჩევა. პროექტები მომზადებაში პირადად მეც ვარ ჩართული, რომ მივცე თანამშრომლებს სტიმული, მიმართულება, გზა, გავუწიო კონსულტაცია, დახმარება, რაც შემიძლია. ხანდახან თვითონ აქვთ ინიციატივა და არასდროს ვუშლი ხელს, პირიქით, მწვანე შუქს ვაძლევ და რაც შემიძლია, ვეხმარები. არის ასეთი სტატისტიკა, რომ ჩვენ მიერ შეტანილი პროექტების 10-20 პროცენტი მაინც ფინანსდება. გარდა ამისა, ძალიან აქტიურები ვართ საკონფერენციო კონკურსებზეც, ყოველწლიურად ვიმარჯვებდით და ვიღებდით დაფინანსებას. ძალიან მიკვრის, რომ ეს სალაპარაკო გახდა. პირიქით, ამისთვის დაწესებულება, მგონი, უნდა შეაქო.
როდესაც საუბარია ანაზღაურებაზე, მათ შორის, ჩემს ანაზღაურებაზეც, ცოტა უხერხულია. მე მგონი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრს გაცილებით მეტი საქმე უნდა ჰქონდეს ვიდრე ჩემი შემოსავლების თვლა და მერე ამ შემოსავლების გაბერვა, გაწელვა და მცდარი რიცხვის დასახელება. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, ნუ შეჰყავს საზოგადოება შეცდომაში. ჩემი ანაზღაურება გახლავთ 450 ლარი - ეს გახლავთ საშტატო განრიგით დამტკიცებული ხელფასი. ხელზე კი ვიღებ 392 ლარს. ამის იქით, მე როგორც პროექტების მენეჯერი, როგორც მონაწილე, როგორც მეცნიერი თუკი ვახერხებ დამატებითი დაფინანსების მოპოვებას ჩემთვისაც, ჩემი ჯგუფისთვისაც და ხელშეწყობას სხვებისთვისაც, ეს ჩვენი და ჩვენი დაწესებულების დამსახურებაა და არავითარი საერთო არ აქვს სახელფასო პოლიტიკასთან.
ჩვენთან მინიმალური ხელფასია 250, ხოლო მაქსიმალური - 450 ლარი. როდესაც ასეთი ანაზღაურება აქვს ხალხს და ყველას ვერ უზრდი ხელფასს, რა უნდა ქნა? გარკეული პრინციპით უნდა მოხდეს კონკრეტულ პოზიციებზე მყოფი ხალხის წახალისება. და რაც არ უნდა გარკვეული პრინციპით ამოარჩიო ადამიანი ამ დროს, ყოველთვის შეუძლია ნებისმიერ არაკეთილგანწყობილ პირს, რომ დაგაბრალოს, თითქოს ფავორიტები გყავს. ფავორიტებს თუ ვარჩევ და ასეთი მიდგომები თუ მაქვს, პირველ რიგში ჩემთვის დავინიშნავდი დანამატს და პრემიას. მე არასდროს არ ამიღია არც დანამატი, არც პრემია, რაც აქ ვმუშაობ, 2006 წლიდან.
მინდა აღვნიშნო, რომ ყველა მიღწევა, რომელიც ცენტრს აქვს არის არა ჩემი, არამედ ჩვენი საერთო წარმატება. ეს არის ყველას სურვილი, რომ ერთად ვაკეთოთ საქმე. საშინლად არ მიყვარს განკერძოებები და განცალკავებები, ყოველთვის ვცდილობ, რომ ყველა პროექტში და ყველა საქმეში მაქსიმალურად იყოს ხალხი ჩართული, მაქსიმალურად საერთო საქმედ იყოს აღქმული ყველა პროექტი, მიუხედავად იმისა, რომელი დეპარტამენტი ახორციელებს ამას. არასდროს ვზღუდავ თანამშრომლებს ინიციატივებში. პირიქით, მაქსიმალურად ვეხმარები, თუკი შემიძლია. მაქსიმალურად ვცდილობთ, წავახალისოთ ახალგაზრდებიც. მართალია, ჩვენი მწირი ბიუჯეტი ბევრის შესაძლებლობას არ გვაძლევს, მაგრამ ხშირად შევდივართ თანადაფინანსებაში, მაგალითად, როდესაც ისინი მიდიან უცხოეთში სტაჟირების პროგრამით, ან კვალიფიკაციის ასამაღლებლად და ა.შ.
გარდა ამისა, ჩვენთან დამკვიდრდა, და ვფიქრობ, ეს ჩვენი კოლექტივის დამსახურებაა, განსაკუთრებული დამოკიდებულება თაობებს შორის. გამოვტყდები და ვიტყვი, რომ პირველ ეტაპზე იყო გარკვეული გაუცხოება თაობებს შორის, მაგრამ ეს მალევე მოიხსნა. აქ მომუშავე ახალგაზრდებისთვის საშუალო თაობის თანამშრომლები პროფესიული ზრდის ხელშემწყობები აღმოჩდნენ, ხოლო ძველი თაობისთვის ახალგაზრდები იყვნენ დამხმარეები, იმედის მომცემები, რომ თურმე ახალგაზრდებსაც აინტერესებთ და უყვართ ეს საქმე.
ასევე ჩვენ ვცდილობდით, ყველანი ყოველთვის ორიენტირებულები ვყოფილიყავით ჩვენს საქმეზე, წამოგვეწყო ის პროექტები, რომელსაც არავინ გვავალებდა. ხშირად გვიჩნდებოდა სურვილი, რომ ამის ინიციატორად შესაბამისი უწყება გამოსულიყო და ვთქვათ, ჩვენთვის მოეცათ გეზი, მაგრამ, როგორც წესი, მსგავსი პროექტები აბსოლუტურად ჩვენი ინიციატივით ხორციელდებოდა.
მაგალითად, ასეთი იყო მოქვის სახარების სარესტავრაციო პროექტი "გადავარჩინოთ მოქვის სახარება" - ეს პროექტი ჩვენ წამოვიწყეთ და შეიძლება ითქვას, რომ ერთობლივი ძალისხმევით შევძელით და გადავარჩინეთ მოქვის სახარება. ეს არავის დაუვალებია, არავისგან არ აგვიღია იდეა და არც არავის მხარდაჭერის იმედი გვქონია, მაგრამ დავიწყეთ იმიტომ, რომ ვთვლიდით, რომ ყველაფერი უნდა გაგვეკეთებინა, რისი რესურსი და უნარცი გვქონდა ჩვენი საგანძურის გადასარჩენად. ჩვენი მუშაობის შედეგად, ხუთი წლის თავზე მივიღეთ შედეგი, მოქვის სახარება, რომელსაც აღარ სცვივა მიკრონაწილაკები, რომლის მინიატურები აღარ იშლება და რომელიც მართლა ფიზიკურად გადარჩა განადგურებას. ამის შემდეგ, ცოტა არ იყოს, მორალურად გაუმართლებელია, როდესაც დასრულების შემდეგ მაკონტროლებელი ორგანოს მიერ გამოგზავნილ აუდიტის სამსახურს უჩნდება ასეულობით კითხვა მოქვის სახარებასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, მათ აქვთ უფლება, ჩაიხედონ ფინანსურ საკითხებშიც, მეთოდოლოგიურ საკითხებშიც, მაგრამ კითხვაც ჩნდება - სად იყო მაკონტროლებელი ორგანო მაშინ, როდესაც მოვუწოდებდით, დაგვხმარებოდნენ, როდესაც ერთი თეთრიც არ გაუღიათ მოქვის სახარების გადასარჩენად. ახლა შენიშვნების მოცემა , ხარვეზების პოვნა, იმის თქმა, რომ ეს ასე კი არა ისე უნდა ყოფილიყო, ადვილია, მაგრამ გადარჩენაც ძალიან რთული იყო და საზოგადოების ამაში ჩართვაც ძალიან რთული აღმოჩნდა, თუმცა მადლობა საზოგადოებას ასეთი დიდი ჩართულობისთვის.
- თქვენი თანამშრომლები აქტიურად გიჭერენ მხარს ამ აჟიოტაჟში...
- ესეც საინტერესო ფაქტია. თუკი ამდენი დარღევა იყო, თუ არასწორი მენეჯმენტი არსებობდა, პირველი, ვინც ამას შეამჩნევდა, იქნებოდა თანამშრომელი. როგორც წესი, სწორედ მათ უდევთ პულსზე ხელი ყოველთვის. როგორ ვახერხებდი მე ცხრა წლის განმავლობაში რომ თანამშრომლებისგან შენიღბულად ძალიან ცუდი საქმეები მეკეთებინა , ბევრი შეცდომა დამეშვა, ბევრი დარღვევა მქონოდა და არაეფექტურად მემართა ისე, რომ ყველას დარჩენოდა შთაბეჭდილება, თითქოს ჩვენი თანამშრომლობა იყო წარმატებული- ეს აღარ ვიცი უკვე...
- იბრძოლებთ ვაკანტური, ანუ თქვენივე თანამდებობისთვის? მიიღებთ მონაწილეობას კონკურსში?
- ეს ჯერ არ გადამიწყვეტია. ერთი მხრივ, არ ვთვლი, რომ ეს სამართლიანია, და როცა არ თვლი, რომ სამართლიანია, უხერხულია მონაწილეობის მიღება, თუმცა მეორე მხრივ, ვთვლი, არც ისაა სამართლიანი, დირექტორი გაუშვა ასეთი დემოკრატიით შენიღბული გზით.
თანამდებობის შენარჩუნებაზე არ არის საუბარი, არანაირი თანამდებობა არაფრად არ მიღირს, უბრალოდ, არის პრინციპები, დამოკიდებულებები ხელნაწერთა ცენტრის მიმართ, მისი კოლექტივის მიმართ... მე სადაც არ უნდა ვიყო, გავალ თუ არა კონკურსზე, გავიმარჯვებ თუ არა, მიუხედავად იმისა, რომ განათლების მინისტრის მიზანი არის ცალსახად, რომ მე ამ კონკურსში ვერ გავიმარჯვო, ღიად, ჩემს ხელთ არსებული ყველანაირი საშუალებით, გავაგრძელებ ბრძოლას ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ინტერესების დასაცავად.
-ანუ თქვენ რჩებით ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ნებისმიერ სხვა პოზიციაზე?
- არა, თუ მე არ ვიმუშავებ ხელძღვანელ პოზიციაზე მაშინ ცენტრთან ურთიერთობას გავაგრძელებ დისტანციურ რეჟიმში...
- თუ მიზანი არაა თანამდებობის შენარჩუნება, მაშინ რას ემსახურება ეს აქციები?
- სამწუხაროდ, მას შემდეგ, რაც გასაჯაროვდა ჩვენ შორის არსებული უთანხმოებები განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ძალიან ბევრი არასწორი, დაუზუსტებელი თუ განზრახ დამახინჯებული ინფორმაცია მიაწოდა საზოგადებას და იმ ჭრილში წაიყვანა სიტუაცია თითქოს ყველაფრის არსი არის ის დარღვევები, რაც ჩვენთან აღმოჩნდა. ამით ოსტატურად სურს გადაფაროს ის რეალური პრობლემები, პოზიციები, რაც გვაქვს. ჩვენი ბერკეტი გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ის, რაც აქვს განათლების სამინისტროს. ჩვენი მთავარი ბერკეტია ღიაობა, გახსნილობა და დიალოგისთვის მზადყოფნა. ჩვენ გვინდა ჩვენი მთავარი ბერკეტი გამოვიყენოთ, გვინდა, ბოლოს და ბოლოს, საზოგადოებამ ყურადღება მიაქციოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს და გაიგოს, როგორი მნიშვნელოვანი დაწესებულებაა, რამხელა საგანძურია, და მეორე მხრივ, ხელი შეუწყოს იმ ეტაპზე გადასვლას, როდესაც მაკონტროლებელი ორგანო და საზოგადოება ერთდროულად მიაქცევენ ჯეროვან ყურადღებას ამ მნიშნელოვან დაწესებულებას. ეს ვერ მოხდება თუ ღიად არ იქნა დასმული საკითხი და არ ითქვა არსებული პრობლემების შესახებ.
- და ბოლოს, ვთქვათ და წახვედით ხელნაწერთა ეროვნული ცენტრიდან, სად მიდიხართ?
- დღე არ გასულა, ამ საკითხზე არ მეფიქრა, დღიდან აქ მოსვლისა. ყოველდღე უნდა შეახსენო შენს თავს, რომ მუდმივი არაფერია. ამ დროს სულ მახსენდებოდა იოანე ოქროპირის სიტყვები, როდესაც მას ასახლებდნენ, - სად გადამასახლებთ, სადაც ღმერთი არ იქნებაო. რომელი იოანე ოქროპირი მე ვარ, მაგრამ... მე გადავაკეთე ეს სიტყვები და ამ ფორმულირებით ვამბობ, - სად წავალ, სადაც საქმე არ იქნება. საქმე ყველგან არის და ნამდვილად არ მოვიწყენ. ამას ვპირდები ყველას. თუმცა, ვთვლი, რომ ძალიან ცუდი იქნება, თუ ამ მეთოდებით განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მისთვის სასურველ მიზანს მიაღწევს და კოლექტივისთვის სასურველ დირექტორს მისთვის არასასურველი დირექტორით ჩაანაცვლებს.
- და როგორ თვლით, მიაღწეს მიზანს?
- ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.