საქართველოს მთავრობამ იურიდიული და ლობისტური კომპანია Pillsbury Winthrop Shaw Pittman–ი დაიქირავა აშშ–საქართველოს ორმხრივი ურთიერთობებისა და აშშ–ის ადმინისტრაციის და კონგრესის წარმომადგენლებთან კომუნიკაციის კუთხით რჩევების და დახმარების მისაღებად.
ერთწლიანი კონტრაქტის თანახმად, რომელიც 1 აპრილს შევიდა ძალაში, მთავრობა Pillsbury–ს თვეში 50 000 აშშ დოლარს გადაუხდის, ნათქვამია იმ დოკუმენტებში, რომელიც კომპანიამ გასული თვის ბოლოს აშშ–ის იუსტიციის დეპარტამენტს წარუდგინა უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის (Foreign Agent Registration Act – FARA) ფარგლებში.
2013–2014 წლებში საქართველოს მთავრობა იურიდიული და ლობისტური კომპანიის Squire Patton Boggs-ის მომსახურებით სარგებლობდა. კომპანიამ 2013 წლის დასაწყისიდან 2014 წლის შუამდე საქართველოს მთავრობისგან დაახლოებით 1.34 მილიონი აშშ დოლარი მიიღო, როგორც ამის თაობაზე უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის ფარგლებში მომზადებულ ანგარიშებშია ნათქვამი.
კონტრაქტის თანახმად, Pillsbury ასევე დაიქირავებს ვაშინგტონში მდებარე საკონსულტაციო კომპანიას Harbour Group-ს, როგორც ქვეკონტრაქტორს, „კლიენტისთვის დამატებითი მედია მომსახურების გაწევის მიზნით“. იგივე საკონსულტაციო კომპანია იყო Squire Patton Boggs–ის ქვეკონტრაქტორიც, როდესაც ეს უკანასკნელი საქართველოს მთავრობას მომსახურებას უწევდა.
კონტრაქტის თანახმად, Pillsbury-ი დაეხმარება საქართველოს მთავრობას “აშშ–საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების და საქართველოს ნატოში მისწრაფებების, აშშ–ის მთავრობასთან და კონგრესთან კომუნიკაციის, ასევე მედიასთან და საზოგადოებრივი აზრის შემქმნელებთან ურთიერთობების მხარდაჭერის თვალსაზრისით, ხელს შეუწყობს შესაბამისი ღონისძიებების და შეხვედრების ორგანიზებას და აშშ–სთვის საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე ინფორმაციის მიწოდებას“.
მომსახურების არეალი, კონტრაქტის თანახმად, სხვა მიმართულებებთან ერთად, ასევე მოიცავს საქართველოს მთავრობის დახმარებას, რათა უზრუნველყოფილ იქნას აშშ–ის ადმინისტრაციის და კონგრესის წარმომადგენლების მიერ „საქართველოს მხარდაჭერის დემონსტრირება“; ასევე „საქართველოში კანონის უზენაესობის კუთხით განხორციელებულ რეფორმებთან“ დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდება; პრეს–რელიზების, წერილების და გამოსვლების მომზადება; მედია სტრატეგიის შემუშავება და წამყვან ამერიკულ მედია საშუალებებთან კონტაქტების დამყარება მთავრობის საერთაშორისო იმიჯის შესაქმნელად; საერთაშორისო ჟურნალისტებისა და სხვა მიმომხილველებისთვის გაცნობითი პროგრამის შედგენა, რომლის ფარგლებშიც ისინი ეწვევიან საქართველოს, შეხვდებიან მთავრობის წარმომადგენლებს და "მთავრობის პროგრესის შესახებ პირველწყაროდან მიიღებენ ინფორმაციას“.