პროკურორი გაზეთ "ქრონიკა +"-ის რედაქტორის, ელისო კილაძის დაკითხვასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს.
პროკურორ დათო ნეფარიძის ინფორმაციით, 2015 წლის 24 აპრილს ზვიად ჯანყარაშვილმა განცხადებით მიმართა საქართველოს მთავარ პროკურატურას. ჯანყარაშვილმა განცხადებაში მიუთითა, რომ გაზეთ "ქრონიკა+"-ის მთავარი რედაქტორის ელისო კილაძის და სხვა პირთა მიერ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელდა ცნობები, რომლებიც შეიცავდა ცალკეული თანამდებობის პირების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის ნიშნებს.
"ვინაიდან განცხადება შეიცავდა დანაშაულის ნიშნებს, 2015 წლის 27 აპრილს ქ.თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით, 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის "დ" და მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. მოცემულ საქმესთან დაკავშირებით დაიკითხა ზვიად ჯანყარაშვილი, ამჟამად მიმდინარეობს გაზეთ "ქრონიკა +"-ის რედაქტორის - ელისო კილაძის დაკითხვა", - აღნიშნა დათო ნეფარიძემ.
მისივე ინფორმაციით, დაგეგმილია ასევე იმ პირთა დაკითხვა, რომელთაც აქვთ შემხებლობა მოცემულ სისხლის სამართლის საქმესთან. ასევე დაგეგმილია სხვა საგამოძიებო და ოპერატიული მოქმედებების ჩატარება.
გაზეთ "ქრონიკა +"-ის რედაქტორი ელისო კილაძე პროკურატურაში მოწმის სტატუსით დაკითხვაზე იმყოფება.
გამოძიება "ქართული ოცნების" ყოფილი აღმასრულებელი მდივნის, ზვიად ჯანყარაშვილის განცხადების საფუძველზე დაიწყო.
"დეტალურ ჩვენებას მივცემ ყველა იმ მასალასთან დაკავშირებით, რაც ჩემს მიერ პრესაში გამოქვეყნდა. გუშინ ხელახლა გადავხედე მასალებს და დიდი იმედი მაქვს, რომ ყველა დოკუმენტალური მასალა არსებობს იმისათვის, რომ ზვიად ჯანყარაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყება", - აღნიშნა ელისო კილაძემ საგამოძიებო უწყებასი შესვლამდე ჟურნალისტებთან საუბრისას.
„პირველირადიო“