პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, სამთავრობო ცვლილებების დროს თუ მოლოდინი იყო ეკონომიკური გუნდი შეცვლილიყო, იმის მოლოდინიც იყო, ხელისუფლება სახლში წასულიყო.
"ჩვენი ოპონენტები ნერვიულობენ იმაზე, რომ ხელისუფლებაში მოვედით. იმაზეც ნერვიულობენ, რომ საერთოდ ვართ ხელისუფლებაში. იმაზეც ნერვიულობენ, რომ სწორედ ამ ცვლილებებით სერიოზულად გამოეცალათ კრიტიკას საფუძველი უცხოეთში, რაზეც მათ წლები და უზარმაზარი ენერგია დახარჯეს იმაზე, რომ ვითომ საქართველო სადღაც სხვაგან მიდის. განსაკუთრებით ალასანიას და მისი გუნდის ოპოზიციაში წასვლის შემდეგ და ახლა მთელი ეს აშენებული ხუხულა დაენგრათ. ვინც თვლის, რომ კოალიცია უნდა დაშლილიყო, რომ "რესპუბლიკელების" ადგილი იქ არ არის, ან "ეროვნული ფორუმის" ან სხვისი, ეს ადამიანები ნერვიულობენ და ამბობენ, რომ რაღცეები არაადეკვატურია. ჩვენი ამოცანაა, რომ გავაგრძელოთ ქვეყნის აღმშენებლობა, დემოკრატიზაციის, ეკონომიკური მდგომარეობის, ბიზნესის განვითარების, რეგიონში არსებული კრიზისული გამოწვევების გაჯანსაღების მხრივ", - განაცხადა უსუფაშვილმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში.
წამყვანის კითხვაზე, ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ კონკრეტულ სიტუაციაში მინისტრები არ წარმოადგენენ პრობლემის სათავეს, უსუფაშვილმა განაცხადა, რომ სათავეს მინისტრები კი არა, ის პრობლემები წარმოადგენს, რომელშიც ქვეყანას მუშაობა უხდება.
"მინისტრები არიან იმისთვის, რომ ეს პრობლემები მოაგვარონ, საუკეთესო გზები გამონახონ შესაძლებლობიდან გამომდინარე. მგონია, რომ სწორედ ამ საუკეთესო გზების ძიებას ახერხებს მთავრობა და ეს ძიება გაგრძელდება", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.