თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრი დავით ზურაბიშვილი "რუსთავი 2"-ს თოქშოუ "არჩევანში გასულ გამოკითხვას სოციალურ ქსელში ეხმაურება და მიიჩნევს, რომ ნებისმიერი პროპაგანდა დაფუძნებულია არსებულ რეალობაზე და აამაზე საუკეთესო პასუხი არ იქნება იმის მტკიცება, რომ ყველაფერი კარგადაა.
"იმდენჯერ შემხვდა გუშინდელი "არჩევანის" გამო აღშფოთებულ-შეშფოთებულ რეპლიკები, რომ ამ ამბავს ცოტა ვრცლად უნდა შევეხო.
წარმოიდგინეთ, რომ რუსთავი-2 ყოველდღე აკეთებდეს პროპაგანდისტულ სიუჟეტებს და გადაცემებს, სადაც შეეცდებოდნენ დაემტკიცებინათ:
ა) დავით უსუფაშვილი ქარაფშუტა და სულელია.
ბ) ბიძინა ივანიშვილს ბიზნესში არაფერი გაეგება.
გ) ზვიად ძიძიგური არის აღვირახსნილი ჰედონისტი.
დ) თეა წულუკიანმა არ იცის ფრანგული.
ე) სოზარ სუბარი მექრთამეა და ლტოლვილებს წილებში უჯდება.
ვ) ლუკა კურტანიძე იყო ძალიან სუსტი მოჭიდავე.
ზ) სერგეენკოს უწყების საქმიანობით ხალხი აღშფოთებულია.
დაიჯერებს ვინმე?
ცხადია, ასეთ პროპაგანდას არანაირი ეფექტი არ ექნება, უკუეფექტი კი აუცილებლად.
და ეს ასე იქნება იმიტომ, რომ რეალობას საინფორმაციო საშუალება არ ქმნის და საზოგადოებრივი აზრი არ იქმნება ცარიელ ნიადაგზე, მარტოოდენ პიარის და პროპაგანდის საშუალებით. ნებისმიერი ეფექტური პროპაგანდა დაფუძნებულია არსებულ რეალობაზე და არსებულ განწყობებზე. სხვანაირად რომ ვთქვა, პროპაგანდა ვერ მოიგონებს პრობლემებს. პროპაგანდას მხოლოდ უკვე არსებული პრობლემების უფრო მწვავედ და მძიმედ წარმოჩენა შეუძლია.
საუკეთესო პასუხი ასეთ პროპაგანდაზე არ არის იმის მტკიცება, რომ ყველაფერი გადასარევადაა და მხოლოდ საზიზღარი პროპაგანდისტი უბნევს ხალხს ტვინს. პირიქით, ასეთი მიდგომა არის ყველაზე არაეფექტური, რადგან თუ პროპაგანდა ეფუძნება არსებულ განწყობებს და არსებულ პრობლემებს (და ეს ყოველთვის ასეა), მაშინ იმის თქმა, რომ ეს განწყობები არ არსებობს და გამოგონილია, კიდევ უფრო მეტ დამაჯერებლობას მატებს პროპაგანდას. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ უკმაყოფილო ხართ ცხოვრებით, ამ დროს კი ვიღაც გიმტკიცებს, კარგად ცხოვრობ, მაგრამ ვერ ხვდებიო. როგორ ხასიათზე დადგები?
და საუკეთესო პასუხი ასეთ პროპაგანდაზე არის არა პრობლემის უარყოფა, ან მითუმეტეს "ეგ სისხლისმსმელები ხმას როგორ იღებენ" პოზიციიდან აღშფოთებები, არამედ არსებული პრობლემების გადაჭრისთვის მზაობის დემონსტრირება. კი ბატონო, შეიძლება ითქვას, რომ პროპაგანდა ზედმეტობებში გადადის, შეგნებულად ამძიმებს სურათს და ა.შ. მაგრამ მთავარი ეს კი არაა. მთავარია ის პრაქტიკული ნაბიჯები, რასაც არსებული პრობლემების გადაწყვეტისთვის დგამ და ამ პროცესში საზოგადოებასთან კომუნიკაცია.
წესით ასეთი ელემენტარული რაღაცეების განმარტება არც უნდა მჭირდებოდეს, მაგრამ რას იზამ? ამასაც რეალობა ითხოვს",-წერს ზურაბიშვილი