ამ რადენიმე დღის წინ „ივერიონი“ წერდა, რომ მართალია, მარგველაშვილმა „კლანჭები„ გამოაჩინა და მთავრობას დასაფიქრებლად (კონსულტაციისთვის) ერთკვირიანი ვადა მისცა, მაგრამ ეს ყველაფერი საზოგადოებისთვის თვალში ნაცრის შეყრას უფრო ჰგავდა, ვიდრე პრეზიდენტისთვის კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილების კანონიერად დემონსტრირებას.
ის, რომ მარგველაშვილმა მთავრობის ახალი შემადგენლობა, უფრო სწორად, სამი ახალი მინისტრის ვინაობა „მინუს პიატ მინუტ“ შეიტყო, გასაკვირი სულაც არ არის _ როგორც იტყვიან, საქაჯეთში ყველაფერი მოსულა!
ისე, რატომ უნდა შეეთანხმებინა ღარიბაშვილს მარგველაშვილისთვის - სახელმწიფოს უმაღლესი მთავარსარდლისთვის თავდაცვის მინისტრის კანდიდატურა, როცა იგი უფრო „მაღალ“ ეშელონებში უკვე შეთანხმებული იყო?!
როგორც მაშინ ვწერდით, მარგველაშვილმა „წაითამაშა“ და საკუთარი გადაწყვეტილებით ერთხელ კიდევ გვაგრძნობინა, რომ საქართველოს მართალია უუფლებო, მაგრამ მაინც... ისეთი პრეზიდენტი ჰყავს, რომელიც რეაგირების გარეშე არ ტოვებს პარლამენტ-მთავრობის კონსტიტუციისადმი უპატივცემულობას და ჩვენც სეირის თანამონაწილედ გვხდის...
როგორც მოსალოდნელი იყო, პრეზიდენტმა მთავრობის ახალ შემადგენლობას ხელი მოაწერა და პარლამენტში დასამტკიცებლად გადააგზავნა ისე, რომ განმარტებაც არ გაუკეთებია, რას ნიშნავდა მისი ერთკვირიანი ვადა და რა კონსულტაცია გაიარა მასთან პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა. არც ის უთქვამს, თუ მაშინ თავდაცვის მინისტრის ასე უცერემონიოდ, უმაღლეს მთავარსარდალთან შეუთანხმებლად ჩანაცვლება კონსტიტუციის დარღვევა იყო, როგორ გამოსწორდა ამ ერთ კვირაში ეს დარღვევა და საერთოდ, ვინ არის დღეს საქართველოს პრეზიდენტი - სახელმწიფოს მეთაური, რომელსაც რაღაც მოეკითხება, თუ შუშის სასახლეში დაგეგმილი სცენარის უსიტყვო შემსრულებელი?!
მიუხედავად პოლიტიკური ოპონირებისა, ერთ რამეში ნამდვილად ვეთანხმები ირაკლი ალასანიას - თუ, ზოგადად ქვეყანას პრეზიდენტის ინსტიტუტი სჭირდება (კონსტიტუციის უფლებამოსილების ფარგლებში), მაშინ მას უნდა ჰქონდეს საშუალება, რეალურად გამოიყენოს მისთვის კონსტიტუციით მინიჭებული უფლებები და პოლიტიკურ მასხარად არ უნდა იქცეს!
არ ვიცი, რამდენად აისრულებს ბატონი ირაკლი ალასანია ბავშვობისდროინდელ ოცნებას და გახდება თუ არა იგი მომავალი პრეზიდენტი, რომელიც მოწოდებული იქნება გააძლიეროს პრეზიდენტის ინსტიტუტი, მაგრამ საქართველო საქაჯეთს რომ დაემსგავსა, ფაქტია!..
ჩვენ თავიდან უნდა ამოვიგდოთ აკვიატებული აზრები, რომ „ყველაფერი ამერიკაში წყდება“ რომ „რიჩარდ ნორლანდი არის შპს „საქართველოს“ გენერალური დირექტორი“, რომ „ბიძინა ივანიშვილი დღევანდელი ხელისუფლების ფორმალური ლიდერია და მასაც არავინ არაფერს ეკითხება“ და ა.შ. და ა.შ. ეს არის ერის მონური ფსიქოლოგია, რომელიც სახელმწიფოს გადაშენებით ემუქრება!
მთელი უბედურება იმაშია, რომ ჩვენ თვითორგანიზების უნარი დავკარგეთ და ყველაფერი სხვას მივანდეთ - სხვისი ხელის შემყურე გავხდით, საბოლოოდ ვირწმუნეთ - ჩვენ არავინ არაფერს არ გვეკითხება და ეს მაშინ, როცა ამ თეზის საპირისპიროდ ვამტკიცებთ, რომ ივანიშვილი ხალხის მხარდაჭერის გარეშე ვერაფერს გახდებოდა.
თუ ხალხს აქვს ისეთი ძალა, რომელიც ძალადობრივ ხელისუფლებას კუდით ქვას ასროლინებს, მაშინ რატომ არ ვიყენებთ ამ ძალას (ეროვნულ ენერგიას) ჩვენი უკეთესი მომავლის საშენებლად?! დღემდე რატომ ვერ გავაცნობიერეთ, რომ სულმნათი ილიას სიტყვები „ჩვენი თავი ჩვენადვე უნდა გვეყუდნოდეს“ სხვისადმი მონურ მორჩილებას რომ არ ნიშნავს?!
გვეშველება რამე? ვიდრე მონურ ინსტიქტს არ ჩავკლავთ ჩვენში და ილუზიების ტყვეობიდან არ გამოვალთ, არაფერი გვეშველებაა!!!
საბა საბახტარაშვილი