იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მზადაა, საპარლამენტო უმცირესობის წევრი გიორგი ვაშაძე დაასაქმოს და იუსტიციის სახლში აღმოჩენილი ხარვეზების აღმოფხვრის მენეჯერად დანიშნოს. წულუკიანის თქმით, წინა ხელისუფლების დროს აშენებული ყველა ინფრასტრუქტურა პრობლემურია. იუსტიციის მინისტრი აცხადებს, რომ ბიუჯეტს 3.5 მლნ-ზე მეტი დაუჯდება არსებული ხარვეზების გამოსასწორებლად. "რაკი ის იუსტიციაზე რჩება მიბმული, მზად ვარ, ჩემს სისტემაში დავასაქმო. მის მიერ აშენებული ყველა ინფრასტრუქტურა პრობლემურია. მარტო თბილისის იუსტიციის სახლის სახურავიდან, ალპინისტების მეშვეობით, 15 ტონა სამშენებლო ნაგვისა და რკინის ჩამოტანა 40 ათასი ლარი დაჯდა. შემიძლია დავასაქმო კიდეც მრჩევლად და იუსტიციის სახლში აღმოჩენილი ხარვეზების აღმოფხვრის მენეჯერად დავნიშნო. 3.5 მლნ-ზე მეტი მჭირდება ბიუჯეტიდან, რათა მის მიერ დატოვებული ხარვეზები გამოვასწორო, რადგან ერთი ქარი რომ დაუბერავს, სახურავი არ ჩამოიქცეს და მოქალაქე არ მოკლას", - აღნიშნა თეა წულუკიანმა. მისივე თქმით, ეს პრობლემა აღმოფხვრილია, თუმცა სხვა პრობლემებიც არსებობს.
იუტისიის მინისტრმა ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე გიორგი ვაშაძის მიერ ბრენდ პლატფორმასთან დაკავშირებით დასმულ კითხვასაც უპასუხა "არ შემიძლია გიორგი ვაშაძეს, რომელიც თან მირბოდა და თან კითხვებს სვამდა, პასუხი არ გავცე. მან ისაუბრა, რომ იუსტიციის მინისტრმა ბრენდ პლატფორმა შეცვალაო. ჩვენ ბევრი ბრენდ პლატფორმა შევცვალეთ. თუ ის ნოტარიუსების ბრენდირებას გულისხმობდა, ის მთლიანადაა შეცვლილი და დღეს საქართველოს ქუჩებში საქართველოს ნოტარიუსთა პალატის ერთ ლოგოს ხედავთ", - განაცხადა თეა წულუკიანმა. მისივე თქმით, თუ ვაშაძე იმ სსიპ-ს გულისხმობდა, რომელსაც თავად ხელმძღვანელობდა, ის ბრენდიც შეცვლილია, რადგანაც იუსტიციის მინისტრის მტკიცებით, უწყების ბრენდი "მოპარული" იყო. "მესმის, რომ ბატონი ვაშაძისთვის დღესაც არის რომაული ქალღმერთი იუსტიცია და მუზა. მუზა კი არის მისთვის იუსტიცია, მაგრამ მისი სსიპ-ის ყოფილი ბრენდიც შევცვალე, იმიტომ, რომ მათ მოპარული ბრენდი ჰქონდათ. ეს ბრენდი უნდა შეცვლილიყო. არ არის ჩემი სტილი, რომ "დავგუგლო", ბრენდი მოვიპარო და გამოვაცხადო, რომ ეს დიდი პროგრესია", - განმარტა იუსტიციის მინისტრმა.