"თავისუფალი დემოკრატების" სხდომა პრემიერ-მინისტრსა და ფრაქციის წევრებს შორის შეკამათებით დასრულდა. ირაკლი ღარიბაშვილსა და ფრაქციის წარმომადგენლებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება ე.წ. კაბელების საქმეს მოჰყვა, რაზეც პრემიერმა საუბარი ისე დაიწყო, რომ მისთვის აღნიშნულ საკითხზე "თავისუფალი დემოკრატების" მხრიდან შეკითხვა არ დასმულა. ფრაქციის წევრების უკმაყოფილებაც სწორედ აღნიშნულს მოჰყვა.
"მინდა გითხრათ ის, რაც არასდროს მითქვამს საჯაროდ და ქრონოლოგიურად მოგიყვეთ რაც მოხდა, რათა "თავისუფალი დემოკრატების" წინააღმდეგ შერჩევით სამართალზე ეჭვები გამოირიცხოს. ამ საქმესთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო ივნისის თვეში, ამის შესახებ ალასანიასთვის კი ცოტა მოგვიანებით გახდა ცნობილი. გიდასტურებთ, რომ ალასანია მოვიდა ჩემთან და მთხოვა პროკურატურის წარმომადგენლებთან მომხდარიყო შეხვედრის ორგანიზება, რაზეც მე ვუთხარი, რომ არ იქნებოდა სწორი რაიმე ფორმით ჩავრეულიყავი ამ საქმეში. ვუთხარი ისიც, რომ სანერვიულო არაფერი იყო და თუ პროკურატურა ნახავდა, რომ არავითარი დანაშაული არ მომხდარა, არაფერი მოხდებდა - გამოძიების პროცესში ჩარევას არასდროს ვიკადრებ და ეს მას ნათლად განვუმარტე. შემდეგ ხდება ის, რომ სექტემბერში ისევ მოდის ალასანია და მეუბნება, რომ გადაწყვეტილი აქვს პარტიის თავმჯდომარედ დაბრუნება. აქედან გამომდინარე, სპეკულაცია იმის თაობაზე, რომ სწორედ მისი პოლიტიკური მიზნების წინააღმდეგ მოხდა აღნიშნულ საქმეზე გამოძიების დაწყება, არის სრული სიცრუე. თქვენ შესაძლოა არ გაქვთ სრული ინფორმაცია ამ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ დროში, როგორც მინიმუმ 3-4 თვით არის აცდენილი", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის მეთაურს გამოსვლა "თავისუფალი დემოკრატების" წევრმა ნინო გოგუაძემ შეაწყვეტინა და პრემიერს შეახსენა, რომ მისთვის ამ საკითხზე კითხვა არ დაუსვამთ.
"ჩვენ ვიცით და რატომ გვიყვებით ახლა ამას?! როცა ჭორაობაზე ვლაპარაკობთ, ხომ არ გადავდივართ ჭორაობის რეჟიმში თქვენი მხრიდან?! იმიტომ, რომ თქვენ რაღაცას გვიყვებით და ჩვენ ვერაფერს გპასუხობთ. ჩვენ არ დაგვისვამს ეს კითხვა. თქვენს გუნდს, უმრავლესობას მოუყევით ეს ყველაფერი ჩვენს შემდეგ. ჩვენ პატივს ვცემთ ინსტიტუციებს და სწორედ იმიტომ, რომ საქმე სასამართლოშია, სპეციალურად არც ერთი კითხვა არ დავსვით ე.წ. კაბელებზე. ძალიან გთხოვთ, პატივი ვცეთ სასამართლოს. არ გვინდა ამ თემაზე საჯაროდ ლაპარაკი", - მიმართა გოგუაძემ პრემიერს. გოგუაძის მსგავსად აღნიშნულ საკითხზე იგივე პოზიცია დააფიქსირეს ფრაქციის სხვა წევრებმაც.
ირაკლი ღარიბაშვილმა მათ დამშვიდებისკენ მოუწოდა. "ნუ აღელდებით. მე აქ მოვისმინე კრიტიკა, რომ პროკურატურის საქმიანობა იყო მიმართული ალასნაიას და თქვენს წინააღმდეგ. სწორედ ამიტომ მინდოდა, რომ განმემარტა მოსახლეობისთვის", - დასძინა ირაკლი ღარიბაშვილმა.
შალვა შავგულძის თქმით კი, ამ თემის წამოწევა საერთოდ არ იყო საჭირო "და მეორეც - მარტო ისე თქმა, რომ რახან ივლისში დაიწყო, ამიტომ არ არის პოლიტიკური და აგვისტოში დაწყებული იქნებოდა პოლიტიკური ეს უბრალოდ საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაა და რაც მე ვფიქრობ ძალიან უადგილოდ გამოიყენეთ, შეეცადეთ ყოველშემთხვევაში"-აღნიშნა შავგულიძემ.
ირაკლი ჩიქოვანის თქმით კი, " ამ საქმეზე ჩვენ საუბარს არ ვაპირებდით, არც გვინდოდა საუბარი და ზუსტად ისეთ საქართველოში გვინდა ცხოვრება , სადაც პროკურატურაში არ ერევა ხელისუფლება და არა ისეთში, რომელიც თქვენ წარმოგვიდგინეთ. საზოგადოებას მინდა დიდი მადლობა გადავუხადო. იმედია, მათ თავიანთი დასკვნები გააკეთეს იმ პასუხებიდან გამომდინარე, რომლებიც მიიღეს".